“მე არ ვარ დამოკიდებული, უბრალოდ ჩვევაში მაქვს სიგარეტის მოწევა. აი, რა არის იცით, დილით რომ ვიღვიძებ სიგარეტი რომ არ მოვწიო ყავასთან ერთად, ასე მგონია, ვერაფერს გავაკეთებ. იმდენი ხანია ასე ვიწყებ დილას, რომ სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია.” – მსგავს განმარტებას ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის პროგრამის გავლის მსურველისგან ხშირად მოისმენთ. გასაკვირიც არ არის, რადგან სიგარეტის მოწევის ქცევა იმდენად ერწყმის მწეველის ყოველდღიურობას, იმდენად ხშირად მეორდება რომ მართლაც ჩვეულებაში გამჯდარ ქცევად აღიქმება.
მოწევა ყავასთან, მოწევა შესვენებისას, მოწევა ჭამის შემდეგ, მოწევა მეგობრებთან შეხვედრისას, ალკოჰოლთან ერთად, საჭესთან და ა. შ. ამასთან გასული საუკუნის განმავლობაში ექიმებმაც ხელი შეუწყეს მოწევის ქცევის ძირითადად “მავნე ჩვევად” აღქმას. კი ბატონო ჩვევითი ნაწილიც არის, რადგან პირობითი რეფლექსის დონეზე აქვს მწეველს დასწავლილი, რომ მოწევას მისთვის გარკვეული კმაყოფილება ან/და შვება მოაქვს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ შვების განცდა ძირითადად ნიკოტინური შიმშილის დაკმაყოფილების შედეგად წარმოიქმნება.
მოწევის ქცევა მხარდაჭერილია ჩვენივე დამაჯილდოვებელი სისტემით, რომელიც სისხლში ნიკოტინის მოხვედრისას კმაყოფილების განცდაზე პასუხისმგებელ ჰორმონ დოფამინს გამოათავისუფლებს ჩვენივე ნერვული სისტემის ცენტრში – თავის ტვინში. ტვინი ამას იმახსოვრებს და შემდეგ უკვე გვიბიძგებს მოწევის ქცევის გამეორებისკენ.
იგივე ჰორმონი, დოფამინი, მონაწილეობს თამაშზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაშიც. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში დამოკიდებულება ვითარდება გარედან რაიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების გარეშე და გემბლინგის ადიქციის მქონე ადამიანში თამაშის სტიმულს წარმოადგენს ტრიგერი, სიტუაცია (მაგ. კაზინოში მისვლა მეგობართან ერთად), ასევე მისი საკუთარი ჰორმონები, რომელიც ცვლის მის გუნებაგანწყობას, ფიზიკურ დონეზე შეგრძნებებს, ხელს უწყობს თამაშის ძლიერ, ხშირად დაუძლეველ სურვილს.
მაშ რით განსხვავდება ჩვევა ადიქციისგან? რატომ გვიჭირს ე. წ. სასარგებლო ჩვევების (მაგ. დილაობით ფეხით სიარული) დანერგვა, მაშინ როდესაც მავნე ჩვევებად წოდებულ ქცევებს ვიმეორებთ მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფინანსურ ზიანს (გემბლინგის დროს) ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ზიანს (ნიკოტინის რეგულარულად მოხმარების დროს) ვიღებთ? ამ საკითხებზე მსჯელობისას ხშირად მოისმენთ შემდეგ არგუმენტს – ჯანსაღი ჩვევების დანერგვა საკმაო ძალისხმევას, დროის, ფინანსების და სხვა რესურსს მოითხოვს, ხოლო არაჯანსაღი ჩვევის შენარჩუნება მეტად ადვილია, შესაბამისად სასურველი ბენეფიტიც, მართალია გარკვეული რისკების თუ ზიანის სანაცვლოდ, მაგრამ უფრო ადვილად და სწრაფად მიიღება.
მოწევის სასურველ ეფექტებზე კიდევ ვისაუბრებთ, რაც შეეხება ჩვევასა და ადიქციას შორის განსხვავებას ადიქცია ჩვევაზე მეტად კომპლექსური ფენომენია, რომელიც მოიცავს ჩვევასაც. ჩვენი ყოველდღიური ქცევების 40%-ზე მეტი ჩვევაში გვაქვს გადასული – დილის რუტინები, კვების პატერნები, სამუშაოს შესრულების სტილი, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან კომუნიკაიცა, წვრილმანი საყიდლები და ა. შ. ხშირად განხორციელებად ქცევას აქვს ავტომატიზმში გადაწვლის პოტენციალი, როდესაც დაუფიქრებლად მივყვებით კარგად ნაცნობ გეზს. ეს ეხება სასარგებლო ჩვევებს, როგორიცაა მაგალითად კბილების გამოხეხვა, რეგულარული ვარჯიში და საზიანო ქცევებსაც, როგორიცაა, ვთქვათ, გადაჭარბებული პროკრასტინაცია. კარგად დასწავლილი ჩვევების ცვლილება მარტივი არ არის, რადგან ადამიანის ქცევის მოდელი აღიბეჭდება მისი ტვინის ნეირონულ კავშირებში, თუმცა ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნა ნამდვილად შესაძლებელია, შესაბამისი ძალისხმევის და სწორი სტრატეგიის გამოყენებისას. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი ძალიან მოტივირებულია შეცვალოს საკუთარი ქცევის პატერნი.
ადიქციის შემთხვევაში მეტად რთულად გვაქვს საქმე, რადგან ადამიანის ქცევას განაპირობებენ – ისეთი ბიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა თავის ტვინის ფუნქციის ცვლილება ინტოქსიკაციის, ჰორმონალური დისბალანსის, უჯრედების თუ სტრუქტურების დონეზე პათოლოგიური ცვლილებების შედეგად, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
ადიქციის ნეირობიოლოგია კარგად ხსნის იმ პროცესებს, რომელიც ნივთიერებაზე თუ ქცევაზე დამოკიდებული ადამიანის ნერვულ სისტემაში ყალიბდება. ნეირობიოლოგიის მიხედვით ადიქცია წარმოადგენს ადამიანის თავის ტვინის ქრონიკულ დაავადებას, რა დროსაც ეს ორგანო სხვაგვარად ფუნქციონირებს. აქ კარგი ამბავი ისაა, რომ ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანის თავის ტვინი საკუთარ ნეირობიოლოგიურ პროცესებს უფრო მარტივად აღადგენს ვიდრე ეს სხვა, მეტად ტოქსიკური ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შემთხვევაში ხდება (მაგ. ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაში). პირველადი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ, მოწევის შეწყვეტიდან დაახლოებით 3 თვეში ყოფილი მწეველის თავის ტვინი ახერხებს სასიკეთო ტრანსფორმაციას – მასში ბედნიერების ჰორმონების დონე ხდება სტაბილური. დოფამინი აღარ არის იმდენად კრიტიკულად სასურველი, რადგან ის შეფერხების გარეშე და საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ნერვულ უჯრედებს სტაბილურად. მწეველებში კი დოფამინის ათვისება დარღვეულია ნეირონებში რეცეპტორების დესენსიტიზაციის (მგრძნობელობის დაქვეითების) გამო, რასაც იწვევს ნიკოტინის მოხმარება. შედეგად მწეველებში დოფამინის და ბედნიერების სხვა ჰორმონების აღვისება პრობლემურია, რის გამოც მაღალია შფოთვის, დეპრესიის განცდა, გაღიზიანება, დაქვეითებული გუნებაგანწყობა და ყურადღების ფოკუსირების უნარი. მოწევის შედეგად სიამოვნების განცდაც ძირითად უკავშირდება ნიკოტინური შიმშილის დაკმაყოფილებას. ნიკოტინური შიმშილი, თავის მხრივ განპირობებულია ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანის ნერვულ სისტემაში კიდევ ერთი ნეირომედიატორის, აცეტილქოლინის მუშაობის დაბრკოლებაში. ნიკოტინი ფაქტიურად იკავებს აცეტილქოლინურ რეცეპტორებს და ამგვარად პირდაპირი გაგებით მწეველის ნერვულ სისტემას საკუთარ თავზე დამოკიდებულს ხდის. როდესაც მწეველის სისხლში ნიკოტინის დონე ქვეითდება მის ნერვულ სისტემას უჭირს ფუქნციონირება, რაც იწვევს მოწევის სურვილს. მორიგი ღერის მოწევა ამცირებს ამ დისბალანსს დროებით, შემდეგ მოწევამდე. დროთა განმავლობაში სიგარეტის სულ უფრო მეტი ღერია საჭირო ნიკოტინური შიმშილის დასაკმაყოფილებლად (ნერვული სისტემის მეტნაკლებად გამართული მუშაობისთვის), თუმცა რაღაც მომენტში მოწეული ღერები ბოლომდე ვეღარ ხსნიან ფიზიოლოგიურ დისკომფორტს. ასეთი მწეველი ორმაგად იტანჯება – ვერც მოწევით განპირობებულ “ბენეფიტებს” იღებს და ვერც მოწევას ანებებს თავს იმის შიშით, რომ კიდევუ უფრო დაიტანჯება. ეს, როგორც წესი მწეველობის 10-15 წლის თავზე ხდება, როდესაც მწეველების უმრავლესობა მოწევის შეწყვეტაზე ფიქრს იწყებს.
ამ დროს კარგია მწეველმა იცოდეს, რომ მოწევის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული აღკვეთის სინდრომი სულ 5-7 დღე გრძელდება, ხოლო მოწევის სურვილი ყოფილ მწეველს პირველი 3-4 კვირის განმავლობაში ეპიზოდურად შეაწუხებს. აღნიშნული დისკომფორტების ასარიდებლად შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს ნიკოტინის ჩანაცვლებითი მედიკამენტოზური თერაპია. მოწევის შეწყვეტიდან პირველი თვის განმავლობაში სწორად შერჩეული თერაპია 50%-ით ზრდის მოწევის შეწყვეტის შანსს.
ნიკოტინზე ფიზიოლოგიუირ დამოკიდებულების დაძლევისგან განსხვავებით გაცილებით შრომატევადია ფსიქოლოგიური და სოციალური დამოკიდებულების დაძლევის პროცესი: უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს ადამიანს მოუშუშებელი ფსიქოლოგიური ტრავმა ან გადაუჭრელი ცხოვრებისეული პრობლემა, რომელიც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარებას; რა არის მისი წამყვანი ტრიგერები და როგორ შეიძლება მათთან გამკლავება; ხომ არ იყენებს ადამიანი მოწევის ქცევას სირთულეების დაძლევის სტრატეგიად; ხომ არ არის საჭირო სტრესთან, ან ბრაზის ემოციასთან გამკლავების უნარების ამაღლება და ა. შ. ადიქციის ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების გააზრება ხდება კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ფარგლებში (CBT), რა დროსაც გააზრებასთან ერთად ხდება ქცევის ახალი მოდელების შერჩევა და დასწავლა. ამ დროს გაეცემა ხოლმე მწეველებისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვას – “თუ არ მოვწევ რა გავაკეთო?”
სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისგან (მაგ. ალკოჰოლზე) განსხვავებით, ნიკოტინზე დამოკიდებულების შემთხვევაში კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის დასაწყებად არ არის საჭირო ჯერ მოხმარების შეწყვეტა და შესაძლებელია მოწევის გაგრძელება, ვიდრე არ დამუშავდება ადიქციის ფსიქოლოგიური და სოციალური ნაწილი, ხოლო როდესაც მწეველი მზად იქნება მის ცხოვრებაში ბოლო ღერის მოსაწევად და ჩასაქრობად, შემდეგ ხდება უკვე ფიზიოლოგიურ ნაწილთან გამკალვება ნიკოტინური ჩანაცვლებით თერაპიის დახმარებით.
ცენტრი კოგნიტას ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის პროგრამა Stop Smoking Program ექუძნება კოგნიტურ-ქცევით ფსიქოთერაპიას. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას, ხოლო მოწევის შეწყვეტის შემდეგ მხარდაჭერის პერიოდი მოიცავს 3-6 თვეს. თერაპიული სეანსები იმართება ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებს 7-8 მწეველი და 2 წამყვანი (ფსიქოლოგი და ადიქტოლოგი). თუ ვინმეს გაგიჩნდათ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გვიპოვეთ ფეისბუკზე Cognita ან ინსტაგრამში cog_nita, მოგვწერეთ და ჩაეწერეთ პირველად კონსულტაციაზე. მომდევნო ჯგუფი იწყებს მუშაობას 30 მაისს.
სხვათაშორის, თამბაქოს გარეშე საერთაშორისო დღე მხოფლიო მასშტაბით 31 მაისს აღინიშნება. როგორც ყოფილი მწეველი, წინასწარ გილოცავთ ამ შესანიშნავ თარიღს და იმედს ვიტოვებ რომ საქართველოში ყოფილ მწეველებს თაბაქოს პროდუქტებისგან თავისუფალი კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვემატება მალე.
ცენტრი კოგნიტა-ს
დამფუძნებელი, ადიქტოლოგი,
ნინო ბოლქვაძე

