მეცნიერებმა ულტრაბგერითი პლასტირი (UPatch) შექმნეს, რომელიც დედის მუცელში ნაყოფის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მოწყობილობა ორსულობის გართულებების ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკვდრადშობადობის პრევენციაში დაეხმარებათ.
მოწყობილობა მიზნად ისახავს ჩაანაცვლოს დღეს არსებული მეთოდები, რომლებსაც არაერთი ნაკლი აქვთ. უწყვეტი მონიტორინგის ამჟამინდელი სისტემები ხშირად იძლევა ცრუ განგაშს, ხოლო ტრადიციული ექოსკოპიის აპარატები მხოლოდ წყვეტილი გამოსახულების დანახვის შესაძლებლობას იძლევა და სპეციალისტის მუდმივ ჩართულობას მოითხოვს.
სტენფორდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების, ასევე სხვა კვლევითი ცენტრების მეცნიერების მიერ შემუშავებული პლასტირი საათების განმავლობაში მუშაობს და ნაყოფის, მათ შორის მოძრავი ჭიპლარის, სისხლის მიმოქცევას რეალურ დროში აკვირდება. ჟურნალ Nature Biotechnology-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა სპეციალური ელექტრონული კომპონენტებისა და ალგორითმების დახმარებით გადაჭრეს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა, მაგალითად, სიღრმეში არსებული სისხლძარღვებიდან სუსტი სიგნალის მიღება და ნაყოფის მოძრაობისას სიგნალის დაკარგვა.
ახალი მოწყობილობა, რომელიც ამჟამად კონცეპტუალურ მოდელს წარმოადგენს, მკვლევრებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამოსცადეს. ერთ-ერთ ტესტში, რომელშიც 62 ორსული მონაწილეობდა, UPatch-ის მიერ გაზომილი სისხლის ნაკადის მონაცემები ტრადიციული ექოსკოპიის აპარატის შედეგებს დაემთხვა. გარდა ამისა, 52 ორსულის უწყვეტი მონიტორინგისას, ერთ-ერთ პრეეკლამფსიურ შემთხვევაში, პლასტირმა ნაყოფის ზრდის შეფერხების სიმძიმე გამოავლინა, რამაც ექიმებს საკეისრო კვეთის დროული გადაწყვეტილება მიაღებინა და ნაყოფვის დაღუპვა თავიდან აიცილა.
მკვლევართა გუნდი ახლა ტექნოლოგიის უსადენო ვერსიის შექმნაზე მუშაობს, რათა მომავალში მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში, სახლის პირობებში გამოყენება გახდეს შესაძლებელი. ეს მოწყობილობები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. მკვდრადშობადობის პრევენციის უდიდეს პოტენციალთან ერთად, მოწყობილობა მედიცინას მიაწვდის უპრეცედენტო მონაცემებს იმის გასაგებად, თუ რა განაპირობებს ზოგიერთი ნაყოფის გადარჩენას დედის მუცელში.
წყარო: The Guardian

