სქესთა შორის სხვაობა მედიცინაში — იღებენ თუ არა ქალები და მამაკაცები თანაბარ მკურნალობას?

გააზიარე

მოქმედებს თუ არა პაციენტის სქესი იმაზე, თუ რა მკურნალობას ჩაუტარებენ მას? სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა 2026 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვაში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის მკურნალობის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებები ფიქსირდება.

ერთი და იმავე დაავადების ან კლინიკური მდგომარეობის დროს სხვადასხვა სქესის პაციენტს ყოველთვის არ უტარდება ერთნაირი დიაგნოსტიკური პროცედურები, მედიკამენტური მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა. კვლევებში გამოვლენილი განსხვავებების მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში გამოიხატებოდა, რომ ქალები გარკვეულ სამედიცინო ინტერვენციებს მამაკაცებზე ნაკლებად ან უფრო გვიან იღებდნენ, მაგრამ ცალკეულ კლინიკურ სფეროებში სურათი საპირისპირო იყო, ან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება საერთოდ არ ვლინდებოდა.

მკვლევრებმა 2018-2023 წლებში გამოქვეყნებული 41 აკადემიური ნაშრომი გააანალიზეს. კვლევები მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ნევროლოგიას, ენდოკრინოლოგიას, ნეფროლოგიას, ტრანსპლანტოლოგიას, ქირურგიას, გადაუდებელ მედიცინას, ანესთეზიოლოგიას, ფსიქიატრიასა და პირველადი ჯანდაცვის სფეროს. 38 რეტროსპექტული კვლევიდან 33-ში ქალებსა და მამაკაცებს შორის მკურნალობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა. მაგრამ, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ გამოვლენილი განსხვავებები ავტომატურად არ ნიშნავს სამედიცინო მიკერძოებას ან დისკრიმინაციას, კვლევების უმეტესეთობაში განსხვავებების გამომწვევი მიზეზები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული და ისინი შესაძლოა, მათ შორის, პაციენტის არჩევანს ან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის განსხვავებებს უკავშირდებოდეს.

მასშტაბური მიმოხილვის საფუძველზე მკურნალობის პრაქტიკა კლინიკური დარგების მიხედვით შემდეგნაირია:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) მართვისას ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად უნიშნავდნენ კონსერვატიულ მედიკამენტურ მკურნალობას, ვიდრე ინვაზიურ პროცედურებს, როგორიცაა: კორონარული არტერიების შუნტირება, სტენტირება ან აბლაცია. ამასთან, ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა ყველა შესწავლილმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ნაკლებად ენიშნებოდათ სტატინები (ლიპიდების შემამცირებელი თერაპია).

დაყოვნებული იყო დიაგნოსტიკაც: ინფარქტის პირველი სიმპტომებიდან ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) გადაღებამდე ქალების შემთხვევაში უფრო მეტი დრო გადიოდა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალებში ატიპური კლინიკური სურათით (გულისრევა, ქოშინი, ზურგის ტკივილი), რასაც ექიმები ხშირად შეცდომით ფსიქოსომატურ დარღვევად ან შფოთვად მიიჩნევენ. ინფარქტის შემდეგ ქალები უფრო ხშირად იგზავნებოდნენ სპეციალიზებულ საექთნო დაწესებულებაში, რაც, ავტორების შეფასებით, შესაძლოა უარესი კლინიკური შედეგების მაჩვენებელი იყოს. ხოლო აორტის რეკონსტრუქციის შემდეგ ქალების ნაკლები ნაწილი ეწერებოდა სტაციონარიდან ოპტიმალური მედიკამენტური მართვით.

გულის გაჩერებისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამვლელები ქალებში დეფიბრილატორს (AED) მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად იყენებდნენ. თუმცა, ქალებში რეანიმაციის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ნაკლებად იღებდნენ და ისინი უფრო ხშირად აღწევდნენ საავადმყოფოში შენარჩუნებული სასიცოცხლო მაჩვენებლებით.

ნევროლოგია: პარკინსონის დაავადების მქონე მამაკაცებს უფრო ხშირად არჩევდნენ თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პროცედურისთვის, თუმცა უკვე შეფასებულ პაციენტებში პროცედურის ჩატარების სიხშირე სქესებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა. დემენციის დროს კი ქალები უფრო ხშირად იღებდნენ მკურნალობას.

ენდოკრინოლოგია: დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში მკურნალობის კუთხით ქალებსა და მამაკაცებს შორის სტატისტიკური განსხვავება არ დაფიქსირებულა. თუმცა, ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმსუქნის მქონე ბიჭებს უფრო ხშირად უტარდებოდათ დიაბეტის სკრინინგი, ვიდრე გოგონებს.

ნეფროლოგია და ტრანსპლანტოლოგია: ღვიძლის გადანერგვის ალბათობა მამაკაცებში უფრო მაღალი იყო. ტრანსპლანტაციის მოლოდინის სიაში მყოფი ქალები კი უფრო ხშირად ხვდებოდნენ საავადმყოფოში, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად უტარდებოდათ ტრანსპლანტაცია.

დიალიზზე მყოფი ქალებში დროებით ცენტრალურ ვენურ კათეტერს უფრო ხანგრძლივად იყენებდნენ და ნაკლებად გადაჰყავდათ მუდმივ სისხლძარღვოვან წვდომაზე.

ქირურგია: თიაქრის ოპერაციისას ქალებს უფრო ხშირად უტარდებოდათ ღია ქირურგიული ჩარევა, ხოლო მინიმალურად ინვაზიური მეთოდები (ენდოსკოპიური/ლაპარასკოპიული) იშვიათად გამოიყენებოდა. ხანდაზმულ პაციენტებში ქალებს ოპერაციას ნაკლებად სთავაზობდნენ. ამასთან, სიმპტომური სპინალური სტენოზის შემთხვევაში ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად ურჩევდნენ, თავდაპირველად არაოპერაციული (კონსერვატიული) მკურნალობა ეცადათ.

გადაუდებელი მედიცინა: საავადმყოფოში მისვლამდე გადაუდებელი დახმარების ექიმების მიერ ქალებს ნაკლებად უტარდებოდათ სამიზნე ტემპერატურული მართვა გულის გაჩერებისას და ნაკლებად აძლევდნენ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს.

ანესთეზიოლოგია: ინტუბაციისას ქალებს უფრო ხშირად უდგამდნენ მათი სიმაღლისთვის რეკომენდებულზე დიდ ენდოტრაქეულ მილს.

ფსიქიატრია: მამაკაცებს ნაკლებად უსვამდნენ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს, ხოლო დეპრესიის დროს მედიკამენტებს უფრო ხშირად უწერდნენ. რეზისტენტული შიზოფრენიისას კი ქალებს ნაკლებად უნიშნავდნენ კლოზაპინს.

პირველადი ჯანდაცვა: ხანდაზმულ ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად უტარდებოდათ ვაქცინაცია, თუმცა ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მედიკამენტებს უფრო ხშირად უნიშნავდნენ.

რა შეიძლება იყოს სქესთა შორის განსხვავებული მკურნალობის შესაძლო მიზეზები?

მიმოხილვა ვერ ადგენს ერთიან მიზეზს, რომელიც ყველა კლინიკურ სფეროში გამოვლენილ განსხვავებას ახსნიდა, თუმცა ავტორები რამდენიმე შესაძლო ფაქტორზე მიუთითებენ:

ცოდნის ფუნდამენტური დეფიციტი აკადემიურ ლიტერატურაში: პირველ რიგში, პრობლემა თვალსაჩინოა თავად კვლევებში. 2018-2023 წლებში გამოქვეყნებული 551 სტატია იკვლევდა გენდერულ უთანასწორობას უშუალოდ სამედიცინო პერსონალს შორის და მხოლოდ 41 ნაშრომი შეეხებოდა პაციენტების მკურნალობაში არსებულ განსხვავებებს. პაციენტთა მკურნალობის კლინიკური მონაცემების ასეთი სიმცირე თავად ქმნის ცოდნის მნიშვნელოვან დეფიციტს.

არაცნობიერი მიკერძოება (implicit bias): ავტორები სამედიცინო პრაქტიკაში სქესთან დაკავშირებულ არაცნობიერ მიკერძოებასაც მოიაზრებენ. მათ მიერ განხილული კვლევების მიხედვით, ქალების სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა ზედმეტ შფოთვას მიეწეროს, რამაც შეიძლება მათი მდგომარეობის შეფასებასა და დიაგნოსტიკურ გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგი დაავადება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ისტორიულად უფრო მეტად მამაკაცებთან ასოცირდებოდა, ხოლო ქალები კლინიკურ კვლევებში ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი.

მულტიდისციპლინური გუნდების (MDT) დინამიკა: გულის შორსწასული უკმარისობის სამკურნალო მოწინავე თერაპიების (AHFT) შერჩევისას ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კარგად ფუნქციონირებად გუნდებში ქალებსა და მამაკაცებს თერაპიას თანაბრად (ან მეტად ქალებს) უნიშნავდნენ, ხოლო სუსტად ფუნქციონირებად გუნდებში – მეტად მამაკაცებს. ეს აჩვენებს, რომ სამედიცინო გუნდის მუშაობის თავისებურებებმა შესაძლოა იმოქმედოს მკურნალობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

პაციენტის არჩევანი: ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგ შემთხვევაში მკურნალობაში გამოვლენილი განსხვავება თავად პაციენტის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. მაგალითად, პარკინსონის დაავადების დროს თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პროცედურის არჩატარების მიზეზად ქალებში უფრო ხშირად პაციენტის არჩევანი სახელდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან მიმოხილვა ეყრდნობოდა ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს, მონაცემები ასახავს ბიოლოგიურ სქესს (Sex) და არა გენდერულ იდენტობას (Gender).

სქესის მიხედვით განსხვავებული მკურნალობის განხილვისას, მკვლევრები COVID-19-ის პანდემიასაც შეეხნენ. მათი თქმით, პანდემიამ განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა ინტერსექციურობის როლი ჯანდაცვაში — ის, თუ როგორ იკვეთება სქესი რასასთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ავტორები აღნიშნავენ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე და უმცირესობების წარმომადგენელი ქალები პანდემიის პერიოდში დამატებითი რისკებისა და ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომის წინაშე აღმოჩნდნენ.

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული მტკიცებულებები ხარისხობრივად შეზღუდულია: კვლევების უმეტესობა რეტროსპექტულია და ხშირად სრულად არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა შედეგებზე იმოქმედოს, მათ შორის – თანმხლებ დაავადებებსა და სხვა კლინიკურ მახასიათებლებს. ამასთან, კვლევების დიდი ნაწილი აშშ-შია ჩატარებული, ამიტომ მიღებული შედეგები სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შესაძლოა სრულად არ ასახავდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია გენდერის შესახებ მონაცემების ნაკლებობა, მიმოხილვაში ჩართული კვლევები მხოლოდ სამედიცინო ჩანაწერებში დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სქესს ეყრდნობოდა. მომავალ კვლევებში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას, თანასწორობისა და ინტერსექციური ანალიზის საკითხებს და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების შესწავლას. ეს მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს გამოვლენილი სხვაობები კლინიკურად დასაბუთებულ განსხვავებებს ასახავს, თუ ისინი სისტემურ უთანასწორობას უკავშირდება.

წყარო: PLOS ONE

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები