KDIGO 2026 წლის გაიდლაინი: ანემია თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს

გააზიარე

ანემია თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობაში (40-90%)  პათოლოგიის პროგრესირების პარალელურად ვითარდება. ამ მზარდი გამოწვევის საპასუხოდ, KDIGO 2026-ის გაიდლაინი მკურნალობის განახლებულ სტანდარტებს ნერგავს. ახალი რეკომენდაციები აქცენტს დიაგნოსტიკის სიზუსტესა და თერაპიული სტრატეგიების მაქსიმალურ ეფექტურობაზე აკეთებს.

პათოფიზიოლოგია

თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ანემიის განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელშიც რამდენიმე პათოლოგიური მექანიზმი იკვეთება. დაავადების მე-5 სტადიის მქონე პაციენტებში წამყვან როლს ერითროპოეტინის დეფიციტი ასრულებს, არადიალიზურ ეტაპზე კი ორგანიზმი ამ ჰორმონის მიმართ დაქვეითებულ პასუხს ავლენს.

ამას კი ქრონიკული ანთებით გამოწვეული ჰეფციდინის დონის ზრდა ემატება. მისი სიჭარბე რკინის, დეპოებში „ჩაკეტვას“ განაპირობებს, რის გამოც რკინა ერითროპოეზისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. საერთო სურათს კიდევ უფრო ურემიული გარემო და სისხლის დანაკარგი ამძიმებს, რაც ერითროციტების სიცოცხლისუნარიანობას საგრძნობლად ამცირებს.

KDIGO
Kidney International

ეს პროცესები პაციენტის კლინიკურ გამოსავალზე პირდაპირ აისახება. ანემია არა მხოლოდ კარდიოვასკულურ გართულებებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის, არამედ მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს რა კოგნიტურ დარღვევებს და ხშირად ხდება ერითროციტული მასის ტრანსფუზიის მიზეზი.

KDIGO
Kidney International
ანემიის დიაგნოსტიკა 

ანემიის დიაგნოსტირებისთვის ჰემოგლობინის (Hb) ზღვრულ მაჩვენებლებად განსაზღვრულია:

<13.0 გ/დლ – მამაკაცებში;

<12.0 გ/დლ – ქალებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში;

<11.0 გ/დლ – ორსულებში.

პაციენტთა პირველადი სკრინინგი CKD (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)-ის დიაგნოსტირებისთანავე უნდა ჩატარდეს, ხოლო შემდგომი პერიოდულობა დაავადების სტადიის მიხედვით განისაზღვროს:

ყოველ 3 თვეში: CKD-ის III-V სტადიის მქონე და დიალიზზე მყოფ პაციენტებში;

ყოველ 6 თვეში: CKD-ის I-II სტადიის დროს.

რკინის დეფიციტის შეფასება

რეკომენდაციების მიხედვით, რკინის დეფიციტის ტიპები შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება:

აბსოლუტური დეფიციტი: ტრანსფერინის გაჯერება (TSAT) <20% და ფერიტინი <100 ნგ/მლ (დიალიზზე არმყოფი პაციენტები) ან <200 ნგ/მლ (დიალიზზე მყოფი პაციენტები). აღნიშნული მდგომარეობა ინტრავენური (IV) რკინით თერაპიის პირდაპირ ჩვენებას წარმოადგენს.

ფუნქციური დეფიციტი: TSAT ≤30% და ფერიტინი 100–500 ნგ/მლ დიაპაზონში.

რეკომენდაცია: აბსოლუტური დეფიციტის დროს უპირატესობა ინტრავენურ ფორმებს ენიჭება, რადგან ისინი უფრო სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოფენ რკინის დეპოს (მარაგის) შევსებასა და ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

რკინით თერაპია

დაავადების რკინით თერაპიის მართვისთვის გაიდლაინი მკაცრად განსაზღვრულ პროტოკოლს გვთავაზობს. აბსოლუტური დეფიციტის დროს ინტრავენური (IV) რკინის საცდელი კურსის ჩატარებაა რეკომენდებული. მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად აუცილებელია, რომ ჰემოგლობინის მონიტორინგი კურსის დასრულებიდან 4 კვირის შემდეგ მოხდეს.

დიალიზზე მყოფ პაციენტებში (HD, PD, G5D) ინტრავენური რკინა პირველი რიგის არჩევანია, ხოლო სხვა პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც პერორალური პრეპარატები უკუნაჩვენებია, არაეფექტურია/პაციენტს არ შეუძლია მათი მიღება. 

პრაქტიკული თვალსაზრისით, მკურნალობის დაწყება 1000 მგ ინტრავენური რკინის საცდელი კურსითა რეკომენდებული, რასაც შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპია მოჰყვება. ამ უკანასკნელის დოზირება და პერიოდულობა ინდივიდუალურად, რკინის ინდექსების (TSAT და ფერიტინის) მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება, რაც ყოველ 1-დან 3 თვემდე ინტერვალით გადამოწმებას გულისხმობს.

უსაფრთხოების მიზნით, გაიდლაინი გვირჩევს, მოვერიდოთ რკინის რუტინულ გამოყენებას, თუ ფერიტინის მაჩვენებელი 500 ნგ/მლ-ს, ხოლო ტრანსფერინის გაჯერება (TSAT) 30%-ს აჭარბებს. ასევე მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ჰემოგლობინის მატება ორი სრულფასოვანი კურსის შემდეგაც არ დაფიქსირდა. 

ერითროპოეზის მასტიმულირებელი აგენტები (ESA) 

მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე (G5D) იმყოფებიან , ESA თერაპიის დაწყება რეკომენდებულია თუ ჰემოგლობინის დონე 10.0 გ/დლ-ზე დაბალია. ბავშვებში ეს ზღვარი შედარებით მაღალია და <11.0 გ/დლ-ს შეადგენს. რაც შეეხება დიალიზზე არმყოფ პაციენტებსა და თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პირებს, აქ გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და სიმპტომების, კარდიოვასკულური რისკების, ავთვისებიანი პროცესებისა და ტრანსპლანტაციის სტატუსის გათვალისწინებით, ჰემოგლობინის 8.5–10.0 გ/დლ დიაპაზონში არსებობისას მიიღება.

მიუხედავად იმისა, რომ ESA-თერაპია ეფექტურად ამცირებს ტრანსფუზიის საჭიროებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, მისი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰემოგლობინის მაღალი სამიზნე მაჩვენებლები (13 გ/დლ-ის შედარება 11 გ/დლ-თან) ინსულტისა და სხვა მძიმე კარდიოვასკულური მოვლენების (MACE) რისკს, გადარჩენის პროგნოზის გაუმჯობესების გარეშე ზრდის. 

დოზირება, ადმინისტრირება და მონიტორინგი

თერაპიისას პრიორიტეტულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ჰემოგლობინის მკვეთრი მატება (>1-2 გ/დლ 4 კვირაში). დოზის კორექტირება არაუმეტეს 4 კვირაში ერთხელაა საჭირო. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მიღების გზა (ინტრავენური ან კანქვეშა) პაციენტის არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა არადიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პირებში უპირატესობა კანქვეშა (SC) ინექციას ენიჭება.

ჰემოგლობინის მონიტორინგი საჭიროა დოზის ცვლილებიდან 2-4 კვირაში, ხოლო სტაბილურ პერიოდში – არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მკურნალობის შეჩერება ინსულტის, თრომბოზის ან ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შემთხვევაში, პაციენტთან ერთად განიხილება.

HIF-PHI (ჰიპოქსიით ინდუცირებული ფაქტორის პროლილ-ჰიდროქსილაზას ინჰიბიტორები)  მედიკამენტები

HIF-PHI წარმოადგენს მკურნალობის ალტერნატიულ გზას, რომლის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პრაქტიკული ასპექტები:

გამოყენების წესი: დაუშვებელია HIF-PHI-ების კომბინირება ESA-სთან. მათი გამოყენებისას ჰემოგლობინის იგივე ზღვრული მაჩვენებლები მოქმედებს, რაც ESA-ს შემთხვევაში.

დოზირება და მონიტორინგი: მკურნალობა მინიმალური ეფექტური დოზით, წამალთშორისი ურთიერთქმედებების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. ჰემოგლობინის კონტროლი რეკომენდებული ყოველ 2-4 კვირაში ერთხელაა საწყის ეტაპზე, ხოლო შემდგომ – ყოველთვიურად.

უსაფრთხოება: როქსადუსტატის გამოყენებისას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პერიოდული შემოწმება აუცილებელია. თერაპია უნდა შეწყდეს მაშინ, თუ 3-4 თვის განმავლობაში პაციენტს ადეკვატური პასუხი არ აღენიშნება, ან თუ კარდიოვასკულური გართულება ან ონკოლოგიური პროცესი განვითარდა.

ESA-ს მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა

ESA-ს მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა პაციენტთა 12.5-30.3%-ში გვხვდება და პირდაპირ კავშირშია კარდიოვასკულური მიზეზით განპირობებული სიკვდილიანობის მატებასთან.

მსგავს შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში რეზისტენტობის ძირითად მიზეზს ქრონიკული ანთებითი პროცესები ან რკინის დეფიციტი წარმოადგენს. შესაბამისად, თერაპიული სტრატეგია უპირველესად სწორედ ამ ფაქტორების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას უნდა დაეფუძნოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეტიოლოგიური ფაქტორების კორექტირება არაეფექტურია, HIF-PHI კლასის პრეპარატის მინიმალური დოზით დანიშვნა შესაძლებელია. აღნიშნული თერაპია დასაშვებია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ აქტიური ონკოლოგიური პროცესი ან ანამნეზში ახლო წარსულში გადატანილი მძიმე კარდიოვასკულური გართულება. 

განსაკუთრებულ კლინიკურ მიდგომას ESA-თერაპიით გამოწვეული სუფთა ერითროციტული აპლაზია საჭიროებს. (PRCA) – იშვიათი იმუნოლოგიური გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ანტისხეულებს ერითროპოეტინის მიმართ გამოიმუშავებს, რაც ძვლის ტვინში ერითროციტების წინამორბედი უჯრედების სრულ სელექციურ გაქრობას იწვევს. ასეთ დროს მკურნალობის მკაცრი პროტოკოლი აქტიურდება: ESA-ს მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყება და HIF-PHI კლასის მედიკამენტზე გადასვლის შესაძლებლობის განხილვა.

ერითროციტული მასის ტრანსფუზია

ერითროციტული მასის ტრანსფუზიის შესახებ გადაწყვეტილება ექიმისა და პაციენტის ერთობლივ, ინფორმირებულ შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჟანგბადის ტრანსპორტის გაუმჯობესებით მიღებული სარგებლისა და მოსალოდნელი რისკების ბალანსია (ინფექციების გადაცემა, ჰემოდინამიკური გადატვირთვა და ალო-სენსიბილიზაცია).

გადაწყვეტილება ტრანსფუზიის შესახებ კლინიკურ მანიფესტაციას და არა მხოლოდ ლაბორატორიულ მაჩვენებლებს უნდა ეყრდნობოდეს. ჰემოგლობინის ზღვრულ ნიშნულზე ფოკუსირება, ანემიის არასწორ მართვასთან ერთად, ტრანსფუზიის უსაფუძვლო გამოყენების რისკს ზრდის.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტრანსპლანტაციის კანდიდატებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სენსიბილიზაციის რისკი (რომელიც 2-21%-ს შეადგენს). სენსიბილიზაცია, განსაკუთრებით მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებსა და რეტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფ პაციენტებში, მნიშვნელოვნად ართულებს ცოცხალი დონორისგან ორგანოს მიღებას. 

საერთაშორისო გაიდლაინების (Cochrane/AABB) თანახმად, ჰემოგლობინის 7–8 გ/დლ-ის ფარგლებში შენარჩუნება უსაფრთხო ნორმად მიიჩნევა. ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად პრიორიტეტულია დამხმარე სტრატეგიები: იატროგენული სისხლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა, მიმდინარე თერაპიის ოპტიმიზაცია და ასიმპტომური პაციენტების სისხლის გადასხმის გარეშე მართვა, ჰემოგლობინის დინამიკაზე მკაცრი დაკვირვების პირობებში.

მოცემული KDIGO-ს გაიდლაინი GRADE მეთოდოლოგიითაა შემუშავებული, რაც სისტემურ მიმოხილვებსა და მტკიცებულებათა ხარისხობრივ შეფასებას გულისხმობს (GRADEpro). რეკომენდაციები ძლიერ (Graded 1) და სავარაუდო (Graded 2) კატეგორიებად, მტკიცებულებათა სანდოობის მიხედვითაა დაყოფილი (A-D). აღსანიშნავია, რომ გაიდლაინის ფორმირებაში თავად პაციენტებიც მონაწილეობდნენ, რათა მათი პრიორიტეტებიც ასახულიყო თერაპიულ მიდგომებში. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ აქტუალურია მონაცემთა ნაკლებობა პედიატრიულ პოპულაციასა და ტრანსპლანტირებულ პაციენტებში. ამასთანავე, პრიორიტეტულ მიმართულებად HIF-PHI კლასის მედიკამენტების გრძელვადიანი უსაფრთხოების პროფილის სიღრმისეული შესწავლა რჩება.

წყარო: Kidney International



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები