Cleveland Clinic-მა ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან (CAU) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ცენტრალური აზიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს განვითარებას გულისხმობს. კლინიკა ტაშკენტში, უზბეკეთის წამყვანი კერძო უნივერსიტეტის – CAU-ს სამედიცინო კამპუსში განთავსდება. საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.
Cleveland Clinic-თან პარტნიორობის ფარგლებში, ცენტრალური აზიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო ამჟამად Cleveland Clinic Connected პროგრამის დროებითი წევრია. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მიზანია იზრუნოს, რომ გაიაროს ხარისხის შეფასების ყველა ეტაპი და დააკმაყოფილოს Cleveland Clinic Connected-ის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

Cleveland Clinic აშშ-სა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთხელ აღიარებულია უმაღლესი ხარისხის მომსახურეობით. გრძელვადიანი სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, Cleveland Clinic-ი CAU-ს შემდეგ სფეროებში გაუწევს კონსულტაციას:
- სამედიცინო დაწესებულების დიზაინი და მართვა;
- არსებული სამედიცინო განათლებისა და რეზიდენტურის პროგრამების განვითარება და ვალიდაცია;
- სამედიცინო სასწავლებლისა და სიმულაციური ცენტრის დაარსება;
- კლინიკური დაკვირვებები, ლექციები და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამები;
- ექიმების დაქირავება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია.
ამასთანავე, ცენტრალური აზიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, რთულ სამედიცინო შემთხვევებზე საგანმანათლებლო კონსულტაციები მოითხოვონ Cleveland Clinic-სგან.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს კლინიკის ეფექტიან ფუნქციონირებას და პროფესიონალთა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას.
Cleveland Clinic-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო ბაზრების პრეზიდენტმა, ტომაზო ფალკონემ განაცხადეს: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ CAU-სთან ვიწყებთ თანამშრომლობას, რათა უზბეკეთში პაციენტებს სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო მაღალ დონეზე მივაწოდოთ. ჩვენი მისიის ნაწილია, Cleveland Clinic-ის დონის მომსახურება მსოფლიოს ყველა კუთხეში იყოს ხელმისაწვდომი. ამ პარტნიორობის წყალობით, ერთობლივად ვიმუშავებთ მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად“.
ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ ცენტრალური აზიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო თავიდანვე Cleveland Clinic-ის მოდელზე დაყრდნობით დაიგეგმოს, რაც მოიცავს კომპლექსურ სპეციალობებს, მოწინავე კლინიკურ ცენტრებს და მსოფლიო დონის სამედიცინო აღჭურვილობას. ახალი, 120-საწოლიანი საავადმყოფო წელიწადში 269,000-მდე პაციენტს მოემსახურება, რაც მას უზბეკეთში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და თანამედროვე კლინიკურ ცენტრად აქცევს.

„Cleveland Clinic-თან თანამშრომლობა უზბეკეთში მედიცინისა და სამედიცინო განათლების სამომავლო მოდელის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპია“, — განაცხადა ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის რექტორმა, კამრან გულამოვმა.
„ჩვენ წვდომას ვიღებთ გლობალურ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე ჯანდაცვის სფეროში, რაც გრძელვადიან გავლენას მოახდენს უზბეკეთის ჯანდაცვის სისტემაზე“, – აცხადებს გულამოვი
თანამშრომლობის ფარგლებში, Cleveland Clinic-ი უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას (მეთოდოლოგიები, პროტოკოლები და საუკეთესო პრაქტიკა) და ხელს შეუწყობს კლინიკური თუ ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა გაიზარდოს ეფექტიანობა და გაუმჯობესდეს პაციენტთა მომსახურება. CAU-ს ძირითად სამედიცინო და ოპერაციულ გუნდებს წვდომა ექნებათ Cleveland Clinic-ის მრავალფეროვან საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამებზე, მათ შორის, კლინიკურ პირობებში მოწინავე მომზადებაზე. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კი ჩაერთვება გაცვლით პროგრამებში.

ამასთანავე, CAU-ს პაციენტები ისარგებლებენ Cleveland Clinic-ის საუკეთესო კლინიკური პრაქტიკით. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების გადამისამართება Cleveland Clinic-ის საერთაშორისო საავადმყოფოებშიც იქნება შესაძლებელი.
Cleveland Clinic Connected პროგრამის მიზანია, შექმნას ხარისხზე ორიენტირებული სამედიცინო ორგანიზაციების გლობალური ქსელი. პროგრამის ფარგლებში, კლინიკები და საავადმყოფოები Cleveland Clinic-ის ექსპერტებს დაუკავშირდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ პაციენტთა მომსახურება და გამორჩეული ადგილი დაიკავონ ბაზარზე.
წყარო: CAU

