კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები: თანამედროვე ონკოლოგიის ახალი პარადიგმა

გააზიარე

კიბო კვლავ რჩება დიაგნოზად, რომელიც არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობას, არამედ მთელ მის ცხოვრებას ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ მკურნალობის მრავალმხრივი ინსტრუმენტები შექმნა, სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა ხშირად მძიმე, ხანგრძლივი და ორგანიზმისთვის დამაზიანებელი პროცესია. ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ქირურგიული ჩარევა ათწლეულების განმავლობაში ონკოლოგიის მთავარ საყრდენებად ითვლებოდა, თუმცა დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ სიმსივნეზე შეტევით ვერ სრულდება და აუცილებელია თავად იმუნური სისტემის ჩართვა. სწორედ ამ იდეას ეფუძნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების კონცეფცია. მიდგომა, რომელიც ონკოლოგიას სრულიად ახალ მიმართულებას სძენს. განსხვავებით ტრადიციული თერაპიებისგან, კიბოს ვაქცინები არ ანადგურებენ უჯრედებს განურჩევლად, ისინი იმუნურ სისტემას „ასწავლიან“, როგორ ამოიცნონ და მიზანმიმართულად გაანადგურონ მხოლოდ სიმსივნური უჯრედები. ეს არის მცდელობა, სადაც ორგანიზმი თავად ხდება საკუთარი დამცველი. სწორედ ამ აქტუალურ თემას ეხებოდა ერთ-ერთი მოხსენება, რომელიც თოდუას კლინიკის მიერ ორგანიზებულ კოფნერენციაზე „იშვიათი სიმსივნეები და პერსონალიზებული მედიცინა“ იყო განხილული, რასთან დაკავშიებითაც ლონდონის იმპერიალ კოლეჯიდან მოწვეულმა სპიკერმა, კლაუდია ფულგენზიმ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ  ბოლო წლებში,განსაკუთრებით, კოვიდ-19 ის შემდეგ ტექნოლოგიურად დაიხვეწა მატრანსპორტირებელი რნმ ვაქცინები, რომლებიც არის ბიუჯეტური და სწრაფი. პერსონალიზებული mRNA ვაქცინები კონკრეტული პაციენტის სიმსივნის გენეტიკურ პროფილს ერგება და ამ ეტაპზე გადის კლინიკური ცდების. ის მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ კიბოს მკურნალობა მომავალში შესაძლოა უფრო მეტად ინდივიდუალური და ეფექტური გახდეს.

კიბოს ვაქცინა არის ახალი გარდამტეხი სიახლე მედიცინაში, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის იყენებს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვის მექანიზმებს, რაც იწვევს სიმსივნური უჯრედების კვდომას. კიბოს ვაქცინას რამდენიმე ტიპი აქვს და ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, ნაწილი პრევენციისთვის. ასეთი მაგალითია ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა (HPV) რომელიც იცავს ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან. პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ერთადერთი  ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების შესამცირებლად.

კიბოს სამკურნალოდ გამოყენებულ ვაქცინებს თერაპიული ვაქცინები ეწოდება. ისინი იმუნურ სისტემას აიძულებენ „ასწავლონ“ გარკვეული მარკერების, ანუ კიბოს ანტიგენების აღმოჩენა ორგანიზმში. ასეთ დროს იმუნური სისტემა თავს ესხმის სიმსივნურ უჯრედებს და ცდილობს გაანადგუროს. ამ ეტაპზე ასეთი ტიპის ვაქცინები ხელმისაწვდომია მელანომის(კანის კიბოს), პროსტატისა და შარდის ბუშტის ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ. ასევე მიმდინარებს კვლევები ფილტვისა და საკვერცხეების კიბოს ვაქცინების შექმნაზე.

რა მექანიზმით ანადგურებს კიბოს ვაქცინა სიმსივნურ უჯრედებს?

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები ძალიან ჰგავს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს. ისინი იყენებენ კიბოს უჯრედების ზედაპირიდან მიღებულ სპეციალურ ცილებს, რომლებსაც ანტიგენები ეწოდებათ. როდესაც ანტიგენი ვაქცინაციის გზით ხვდება ორგანიზმში, ამის საპასუხოდ იმუნური დამცველობითი სისტემა აქტიურდება და ქმნის ანტისხეულს, რაც საჭიროა სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად.

ეს მარტივი პროცესი არ არის, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, თითოეულ სიმსივნეს განსხვავებული ანტიგენები გააჩნია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არსებობს ტექნოლოგიების ერაში ერთი უნივერსალური ვაქცინა, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

კიბოს ვაქცინის სახეები

  • ცილოვანი/პეპტიდური ტიპის ვაქცინა- მზადდება სიმსივნურ უჯრედში არსებული ცილის ან შედარებით პატარა ნაწილის, პეპტიდისგან. მასში შემუშავებულია ცილოვანი გენეტიკური კოდები, რომლის მიზანია იმუნური სისტემის სტიმულირება და ამ გზით თავდასხმა სიმსივნურ უჯრედებზე.
  • დნმ და რნმ ვაქცინები- ასეთი სახეობის ვაქცინები იყენებენ სიმსივნური უჯრედების გენეტიკური მასალის ფრაგმენტს. უჯრედულ კოდებს, რომლებიც ჩაწერილია ე.წ ნუკლეოტიდების სახით. როდესაც ისინი მოხვდებიან ორგანიზმში, დამცველობითი სისტემა გამოიმუშავებს ცილებს, რომელბიც თავს ესხმის სიმსივნურ უჯრედებს. კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ, რომლის დროსაც დაიხვეწა მატრანსპორტირებელი რნმ-ის ვაქცინის ფორმულირება, აქტიურად მიმდინარეობს კიბოს საწინააღმდეგო მ რნმ-ის ვაქცინის ტიპების კვლევა. სწორედ ასეთი ტპის ვაქცინაა პერსონალიზებული მელანომის ვაქცინა, რომელიც გადის ფაზა I-II კლინიკურ ცდებს დიდ ბრიტანეთში. ვაქცინის უნიკალურობა მის ფორმულაშია, რომელიც კონკრეტული ერთი პაციენტის სიმსივნის სუბტიპს ერგება.განსხვავებით პეპტიდური ტიპის ვაქცინისაგან, მატრანსპორტირებელი რნმ-ის ვაქცინების შექმნა ბიუჯეტური, პოტენტური და შედარებით სწრაფი პროცესია.
  • დენდრიტული უჯრედული ვაქცინები- ასეთი ტიპის უჯრედები როგანიზმში იმუნურ სისტემას ეხმარებიან პათოლოგიური უჯრედების ამოცნობასა და თავდასხმაში. მეცნიერებს შეუძლიათ დენტრიტულ უჯრედებში „ჩატვირთონ“ სიმსივნური უჯრედების ანტიგენები, რომელსაც იმუნური უჯრედები სიმსივნური ანტიგენების ამოსაცნობად გამოიყენებს და ამ გზით შეუტევს სიმსივნურ უჯრედს.
  • ვირუსული ვექტორული ვაქცინები- მოდიფიცირებული ვირუსები არიან, რომლებსაც ორგანიმზში შეაქვთ კიბოს ანტიგენები. ვირუსული ვექტორები ასევე ასტიმულირებენ იმუნურ პასუხს, რაც ეხმარება ორგანიზმს სიმსივნური ანტიგიენების ამოცნობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოდიფიცირებული ვირუსები არიან, ისინი არ იწვევენ დაავადებებს.
  • მთლიანი უჯრედული ვაქცინები- მზადდება მთლიანი კიბოს უჯრედებისაგან და არა აქამდე აღწერილი სპეციფიკური ანტიგენებისაგან. სიმსივნური უჯრედები ლაბორატორიულად გამოიყოფა ბიოფსიის შემდგომ. ამგვარი ვაქცინით მეცნიერები იმუნურ სისტემას ასწავლიან თუ როგორ აღოაჩინონ ორგანიზმში მოხვედრისას სხვა სიმსივნური უჯრედები.

კიბოს ვაქცინის ზოგიერთი სახეობა სხვებთან შედარებით მეტად განვითარებულია.  მათ შორისაა  უჯრედული ვაქცინა Sipuleucel-T, ცნობილი, როგორც  Provenge. 2010 წელს მისი გამოყენება FDA-მ დაამტკიცა პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, სამი კლინიკური კვლევის საფუძველზე, რომელმაც აჩვენა, რომ პლაცებოსთან  შედარებით 22.5%-ით ამცირებს მეტასტაზური პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. დენდრიტული ვაქცინების გამორჩეულობა მის სპეციფიკურობაშია. ის მზადდება პაციენტის კიბოს უჯრედებისაგან, რაც ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების შანსს, თუმცა მატრანსპორტირებელი რნმ ვაქცინებისაგან გასხვავებით, ამ ტიპის ვაქცინების წარმოება ნელი და ძვირი პროცესია. პროვენჯი ხელმისაწვდომია აშშ-ში, თუმცა ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE), რომელიც NHS-ის სახელით იღებს გადაწყვეტილებებს მედიკამენტებთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, რომ გაერთიანებულ სამეფოში არ გამოეყენებინათ აღნიშნული ვაქცინა. განსხვავებით დენდრიტულუჯრედოვანი ვაქცინისა, მ-რნმ ვაქცინების შექმნა შედარებით დაბალბიუჯეტურია და ნაკლებ დროს მოითხოვს, სწორედ ამიტომ კოვიდ-19 პანდემიის  შემდეგ მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა m RNA ტიპის ვაქცინებზე.

„mRNA ვაქცინები პანდემიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვლევითი მიღწევაა და არსებობს ძლიერი მინიშნებები იმისა, რომ ისინი შეიძლება კიბოს სამკურნალოდ ძლიერ ვარიანტებად იქცნენ.“ განაცხადა დოქტორი იან ფოულკიმ, Cancer Research UK-ის კვლევისა და ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა.

mRNA ვაქცინები შეიძლება უფრო სპეციფიკური იყოს.  ის ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში. ასეთი ტიპის ვაქცინები ნაკლებად აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენები მინიმალური აქვთ. ეს ყოველივე  mRNA ვაქცინებს ქიმიოთერაპიის მიმზიდველ სამომავლო ალტერნატივად აქცევს. 

6 დეკემბერს თოდუას კლინიკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, თბილისში, რომელიც იშვიათ სიმსივნეებსა და პერსონალიზებულ მედიცინას ეძღვნებოდა, ლონდონის იმპერიალ კოლეჯიდან მოწვეულმა სპიკერმა კლაუდია ფულგენზიმ ისაუბრა ონკოლოგიაში ვაქცინების მნიშნველობაზე. მოწვეულმა სტუმარმა აღნიშნა, რომ 2013 წელს მოხდა ნეოანტიგენების აღმოჩენა და დამტკიცება, რომ ნეოანტიგენს შეუძლია ორგანიზმში მოხვედრისას გააქტიუროს იმუნური სისტემა. 2017 წლიდან ტარდება ადამიანებში ტესტირებები მატრანსპორტირებელი რნმ-ის პერსონალიზებული კიბოს ვაქცინაზე, 2023 წელს კი ჩატარდა პირველად რანდომიზებული ფაზა 2 კლინიკური ცდა ოპერაციის შემდგომი მელანომის მქონე პაციენტებზე მ-რნმ ტიპის ვაქცინის გამოყენებით. ექიმმა კლაუდიამ MedScriptum-ს ესაუბრა კიბოს ვაქცინების უნიკალურ თვისებებსა და პოტენციალზე, რომელიც ონკოლოგიაში სამომავლო და დამაიმედებელი თერაპიის ერთ-ერთი ალტერნატივაა.

კლაუდია ფულგენზი

როგორ ასტიმულირებენ კიბოს ვაქცინები იმუნურ სისტემას რომ მხოლოდ  სიმსივნურ უჯრედებზე იმოქმედონ?

– კიბოს ვაქცინები  უზრუნველყოფენ T ლიმფოციტების და იმუნური სისტემის სხვა კომპონენტების აქტივაციას, რათა იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს სიმსივნურ უჯრედებზე არსებული სპეციფიკური ანტიგენები, ანუ ცილები  და შემდეგ დაიწყოს სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ მოქმედება. 

რა გამოწვევები არსებობს ეფექტური თერაპიული კიბოს ვაქცინების შემუშავებისას?

– ყველაზე დიდი სირთულე პერსონალიზებული ვაქცინის შემუშავებაშია, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ეს განსაკუთრებით პეპტიდურ ვაქცინებს ეხება. ასევე დიდი გამოწვევაა სწორი სამიზნის შერჩევა და ამოცნობა იმისა, თუ რომელი სიმსივნური უჯრედისთვის იმუშავებს ყველაზე კარგად ვაქცინაცია. მ-რნმ-ის ვაქცინის შექმნის ყველაზე დიდი გამოწვევაა ტექნიკურად ისეთი ვაქცინის შექმნა, რომ არ ჰქონდეს სიმსივნური უჯრედების გარდა სხვაგან მოქმედება, იმუნოგენურობა და ტოქსიკურობა ნანონაწილაკებისა და თავად მ რნმ-ის, ასევე სუსტი თერმოსტაბილურობა და ორგანიზმში მცირე ექსპრესიის ხანგრძლივობა. რაც შეეხება დნმ ვაქცინებს, სავარაუდო რისკია აუტოიმუნური რეაქციების გამოწვევისა და მასპინძელი ორგანიზმის გენომში ინტეგრირების. 

რა როლს ასრულებს ნეოანტიგენი პერსონალიზებული კობის ვაქცინაში?

-ნეოანტიგენები არიან სპეციალური ცილები, რომლებიც მოთავსებულია სიმსივნურ უჯრედებზე და მეცნიერებისთვის ე.წ ”მარკერის“ როლს ასრულებს. თუ ჩვენ შევძლებთ გავიგოთ რომელი სპეციფიკური ნიშნითაა წარდგენილი ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ იმუნურ სისტემას “ვასწავლოთ” რომ გაანადგუროს სპეციფიკურად ის უჯრედები, რომლებსაც ნეოანტიგენი გააჩნია, ანუ მხოლოდ სიმსივნური უჯრედები. არსებობს კიბო-სპეფიციკური ანტიგენი (TSA), ესენია მუტაციური ნეოანტიგენები, ონკოვირუსული/ონკობაქტერიული ანტიგენები, რომლებსაც მაღალი იმუნოგენურობა ახასიათებთ, განსხვავებით ჯანმრთელი ქსოვილისგან. ასევე გვაქვს  კიბოსთან ასოცირებული ანტიგენი (TAA),რომელიც მომდინარეობს ჩანასახოვანი კიბოს ანტიგენებიდან (CGA), ჭარბი ცილების ექსპრესსიგან და ქსოვილების დიფერენციაციისას მიღებული ანტიგენებისგან (TDAs). კიბოსთან ასოცირებული ანტიგენი ნაკლებად იმუნოგენურია და დიდი რაოდენობითაა გამოხატული სიმსივნურ უჯრედებში. ამის ცოდნა მეცნიერს ეხმარება შექმნას სპეციფიკური ან ნაკლებად სპეციფიკური ვაქცინის სუბტიპები.

როგორ მოქმედებს სიმსივნის მიკროგარემო ორგანიზმში მოხვედრილი ვაქცინის ეფექტურობაზე?

-სიმსივნურ მიკროგარემოს დიდი როლი აქვს, რადგან მას მერე რაც შევარჩევთ სწორ სამიზნეს ვაქცინის გამოსაყენებლად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ T უჯრედებს და სხვა იმუნურ უჯრედებს სწორი მიმართულება აქვთ და იმოქმედებენ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სიმსივნის გარშემო არსებული მიკრო გარემო არ აძლევს იმუნურ უჯრედებს საშუალებას, რომ შეაღწიონ სიმსივნურ ქსოვილებში. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ შედეგი მოგვცეს.

რომელი ბიომარკერები გამოიყენება ვაქცინის ეფექტურობის განსასაზღვრად?

-ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ძალიან ზუსტი ბიომარკერები იმუნური პასუხის პროგნოზირებისთვის. რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ თუ გვაქვს ნეოანტიგენების დიდი რაოდენობა სიმსივნურ ქსოვილზე, ლაბორატორიულად საუკეთესოს და მაქსიმალურად ზუსტს ვირჩევთ. ეს მოიცავს ისეთ ანტიგენებს, რომლებიც უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გამოიწვევენ იმუნური პასუხს. როგორც წესი, მაღალი იმუნური პასუხი აქვთ ისეთი ტიპის სიმსივნეებს, რიმლებშიც დიდი რაოდენობით იმუნური უჯრედებია ინფილტრირებული. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძლიან შორს ვართ იმისგან რომ პაციენტებს შევთავაზოთ ზუსტი ბიომარკერები და ასე მოვარგოთ ვაქცინები მათ სიმსივნეებს.

როგორ შეუძლია mRNA ტექნოლოგიას შეცვალოს კიბოს მკურნალობის მეთოდი სამომავლოდ?

– mRNA ტექნოლოგია სხვა ვაქცინებთან შედარებით ხასიათდება შედარებით დაბალი წარმოების ხარჯებით და მნიშვნელოვანი უპირატესობით იმუნური სისტემის სტიმულირების კუთხით. კვლევების მიხედვით, კიბოს საწინააღმდეგო იმუნური პასუხის გაძლიერება შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ ვაქცინის ანტიგენური სპეციფიკურობით, არამედ თავად mRNA-ის თვისებებით, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის აქტივაციის ხელშეწყობა. არსებული მონაცემები წინასწარია და ძირითადად ეფუძნება ადრეული ფაზის კლინიკურ ცდებს, რომლებმაც დამაიმედებელი და პერსპექტიული შედეგები აჩვენა. თუმცა, დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭირო რომ განისაზღვროს ამ მიდგომის მასშტაბირება ადამიანებში. მიუხედავად ამისა, კვლევებზე პოზიტიური შედეგების დადასტურების შემთხვევაში, mRNA ტექნოლოგია შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მიდგომა გახდეს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში.

როგორ აუმჯობესებს შედეგებს იმუნპთერაპიისა და კიბოს ვაქცნის კომბინაციური გამოყენება?

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევების უმრავლესობა მათ კომბინაციის იმუნურ ჩექ-ფოინთ ინჰიბიტორებთან (immune checkpoint inhibitors) შეისწავლის. თუმცა, ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი, რამდენად აუცილებელია აღნიშნული კომბინაცია ეფექტური იმუნური პასუხის მისაღებად. არსებობს საინტერესო კვლევა, რომელშიც პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფში პაციენტები იღებდნენ ვაქცინაციას იმუნური ჩექ-ფოინთ ინჰიბიტორთან ერთად, ხოლო მეორე ჯგუფში — მხოლოდ ვაქცინაციას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ორ ჯგუფს შორის იმუნური პასუხის ხარისხში რაოდენობრივად განსაზღვრადი განსხვავება არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე მეცნიერები მსჯელობენ, რა ეტაპზე უნდა ჩატარდეს იმუნოთერაპია და აუცილებელია თუ არა კიბოს ვაქცინის ეფექტურობის გასაზრდელად იმუნური ჩექ-ფოინთ ინჰიბიტორების გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევაში, მეცნერებმა ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოიყენეს კიბოს ვაქცინა, მაგრამ დადგინდა, რომ ქიმიოთერაპიისგან დამოუკიდებლად უნდა დაინიშნოს, რადგან ქიმიოთერაპიას თავისთავად შეუძლია იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება, ამიტომ, როგორც წესი, შეგვიძლია ჯერ ვაქცინა, შემდეგ კი ქიმიოთერაპია დავიწყოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რომელი კომბინაციაა სწორი.

რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი პერსონალიზებული კობის ვაქცინების შემუშავებაში?

-შესაძლებელია ითქვას, რომ  AI-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვინაიდან პერსონალიზებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების დიზაინის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორი ნეოანტიგენების შერჩევაა. ამ პროცესში მნიშნველოვანია ზუსტი ალგორითმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნოგენური ნეოანტიგენების იდენტიფიკაციას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევები და ინვესტიციები წარმოადგენს ვაქცინების ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას და ეს ის საკითხია რომლის განვითარებაშიც, ვფიქრობ, უნდა ინვესტირდეს თანხა.

რომელი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგია ითვლება ამჟამად ყველაზე პერსპექტიულად?

-M RNA ვაქცინა ყველაზე პერსპექტიულია, თუმცა ამ ტიპის ვაქცინის შექმნაზე ჯერ მხოლოდ მცირე კომპანიები მუშაობენ, ამიტომ მ-რნმ ვაქცინები ჯერ კიდევ არ არის ქცეული როგორც სამედიცინო პრეპარატი. კომპანიები არ არიან ორიენტირებულნი შექმნან ვაქცინა როგორც ფარმაკოლოგიური პრეპარატი. მაგრამ თუ კვლევები იქნება დადებითი, მსხვილი კომპანიები დაიწყენებნ კიბოს მ-რნმ ვაქცინის შექმნას და ეს შემაციერბს პრეპარატის ღირებულებას. კიბოს ტიპის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე კარგად იმუშავებს მელანომის ვაქცინა  როგორც დამხარე თერაპია სიმსივნის რეზექციის შემდეგ პრევენციის მიზნით.  ამჟამად, ვფიქრობ ეს ყველაზე პერსპექტიული მოლოდინია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების.

სიმსივნის პრევენციის მომავალი

მეცნერები პრევენციული ტიპის ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ. ოქსფორდის ექსპერიმენტული ონკოლოგიის პროფესორი სარა ბლაგდენის თქმით, კიბოს პრევენცია ისეთივე მნიშნველოვანია, როგორც მკურნალობა, თუმცა პრევენციული კობის ვაქცინები შეიძლება უფრო ეფექტური ვარიანტი იყოს. კიბოს პრევენცია მაღალი რისკ ჯგუფის მქონე მოსახლეობისთვის აუცილებელია, პრევენციული ვაქცინების მაგალითია LungVax და OvarianVax.

LungVax მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ვაქცინაა ფილტვის კიბოს პრევენციისთვის, რომელიც ამეტაპზე კლინიკურ ცდებს გადის ფილტვის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირებში. ვაქცინა შექმნილია ვირუსული ვექტორის ტექნოლოგიით. მისი შექმნა ეფუძნება TRACERx კვლევას, რომლის ხელმძღვანელებმაც შეძლეს და დროთა განამვლობაში შეაგროვეს ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების მონაცემები. ყველაზე მთავარი ის ფაქრია, რომ ამ კვლევაში დეტალურად აღწერილია ის თუ როგორ იცვლება ჯანმრთელი უჯრედი დროსთან ერთად და როგორ გარდაიქმნება ის სიმსივნურად. სწორედ ამ ცვლილებების ჩაწერა და კიბოსწინარე მდგომარეობების აღმოჩენა დაეხმარა მეცნიერებს გაეგოთ როგორი სახის ცვლილებები მოხდა პირველ რიგში, რათა ვაქცინაც მიეღოთ შესაბამისი მოქმედების მქონე. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმუნური უჯრედები ამოიცნობენ და ანადგურებენ კიბოსწინარე უჯრედებს . მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმები აქტიურად მოქმედებენ, ზოგჯერ ისინი არასრულყოფილია, ამიტომ ხდება სიმსიმვნური უჯრედების გამრავლება. სწორედ LungVax-ის მიზანია იმუნურ სისტემას „შეახსენოს“ თუ როგორ გამოიყურება კიბოსწინარე სტადია, რათა მან უკეთ ამოიცნოს და გაანადგუროს ორგანიზმში მიმდინარე პათლოგიური პროცესები. LungVax-ზე პირველი ფაზის კლინიკური კვლევები 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

პარალელურად, ოქსფორდის უნივერსიტეტში, მუშაობენ OvarianVax-ზე. პირველ ვვაქცინაზე, რომელიც ასევე შექმნილია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის საკვერცხის კიბოს საპრევენციოდ.  OvarianVax ვაქცინა შეიცავს ანტიგენების ნაზავს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლევს „წინასწარ“ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურება საკვერცხის კიბოს ადრეული უჯრედები. ვაქცინა ჯერ არ გატესტილა ადამიანებში და ჯერჯერობით მიმდინარეობს სააკვერცხისა და ფალოპის მილების ქსოვილების 3D მოდელებზე გატესტვა ლაბორატორიაში.

კიბოს ვაქცინების განვითარება აჩვენებს, რომ ონკოლოგია გადადის მკურნალობის უფრო ზუსტ და ინდივიდუალურ კონცეფციაზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მიმდინარე კვლევები ნათლად მიუთითებს, რომ ვაქცინები შესაძლოა გახდეს კიბოს მართვის არა დამატებითი, არამედ გარდამტეხი ინსტრუმენტი.

წყარო: 

American Cancer Society

Cancer Research UK

World’s First Vaccine to Prevent Lung Cancer

BBC Melanoma Vaccine

Sipuleucel-T (Provenge) Injection

პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში: ,, იშვიათი სიმსივნეები და პერსონალიზებული მედიცინა“

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები