ტუბერკულოზთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის

გააზიარე

ტუბერკულოზი კვლავაც რჩება მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებად. 2023 წელს ტუბერკულოზით დაინფიცირდა 10.8 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 1.3 მილიონი გარდაიცვალა. გლობალური კონტროლისთვის გამოწვევას წარმოადგენდა მედიკამენტ-რეზისტენტული შტამები და მკურნალობის ხანგრძლივი, ტოქსიკური კურსები. საბედნიეროდ, უახლესი მიღწევები გვთავაზობს ხანმოკლე, უსაფრთხო და პერორალურად მისაღებ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა და ამ ეპიდემიის დასრულება.

ტუბერკულოზის მკურნალობა წლების განმავლობაში რთულდებოდა ხანგრძლივი ანტიბიოტიკების კურსის, გამოყენებული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტებისა და მზარდი რეზისტენტობის გამო. სტანდარტული რეჟიმი საკმაოდ ხანგრძლივია, აქტიური ინფექციის დროს ის შესაძლოა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) შტამები, რომელთა მკურნალობა განსაკუთრებით რთულია.

ახალი თაობის მედიკამენტებმა და სამკურნალო რეჟიმებმა (რომლებიც ახალ ნაერთებსა და უკვე არსებულ წამლებს აერთიანებს) დაადასტურა, რომ შესაძლებელია ეფექტური, შედარებით ხანმოკლე თერაპიების დანერგვვა. კვლევები ცხადყოფს, რომ მსგავსი რეჟიმი კურნავს ტუბერკულოზს და ამასთან ერთად მინიმუმამდე დაჰყავს ტოქსიკურობა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება როგორც კლინიკური შედეგები, ისე ცხოვრების ხარისხი.

ძველი მედიკამენტები ახალი დანიშნულებით

ბედაქილინი (Bedaquiline) გამოიყენება როგორც რიფამპიცინ-რეზისტენტული ტუბერკულოზის ძირითადი სამკურნალო საშუალება, რადგან ის თრგუნავს ბაქტერიულ ATP სინთაზას. თუმცა, მისი ეფექტურობა რისკის ქვეშ დგება რეზისტენტობის გამო (რაც დაკავშირებულია კლოფაზიმინით ადრეულ მკურნალობასთან), ამიტომ საჭიროა მკაცრი კონტროლით გამოყენება.

დელამანიდი (Delamanid) და პრეტომანიდი (Pretomanid), რომლებიც ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები არიან, აზიანებენ მიკობაქტერიის უჯრედის კედელს და აფერხებენ ენერგიის წარმოებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტები თავდაპირველად ძვირი იყო, ფასების ბოლოდროინდელი კლება და უსაფრთხოების დადებითი მონაცემები ხელს უწყობს მათ ფართო დანერგვას.

ამ მედიკამენტების მეშვეობით შეიქმნა ახალი, მძლავრი კომბინაციები (BPaLM და BPaL), რომლებმაც შეამცირეს თერაპიის ხანგრძლივობა და გააუმჯობესეს უსაფრთხოების პროფილი წინა სტანდარტულ სქემებთან შედარებით.

შემდეგი ეტაპი: ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები კვლევის პროცესში

TBAJ-876 და სუდაპირიდინი (WX-081) – ეს დიარილქინოლინები შეიქმნა ეფექტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად. მათი მიზანია ბედაქილინის რეზისტენტობის დაძლევა და კარდიული რისკების შემცირება.

DprE1 ინჰიბიტორები: აინჰიბირებენ ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზისთვის. კვლევები პერსპექტიულია, თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, რადგან მათ ბედაქილინის მსგავსი რეზისტენტობის მექანიზმები აქვთ.

GSK-656 (გაბფებოროლი), ბენზაქსაბოროლის ტიპის პრეპარატი, მოქმედებს ტუბერკულოზის ბაქტერიებში ცილის სინთეზის დათრგუნვით. ის გამოირჩევა დოზაზე დამოკიდებული ეფექტით და ქსოვილებში შეღწევის კარგი უნარით, გამოიცდება ახალ კომბინირებულ სქემებში.

ტელაცებეკი (Q203) არღვევს ბაქტერიულ სუნთქვას და იმედისმომცემია ტუბერკულოზისა და სხვა მიკობაქტერიული დაავადებების (მაგ. კეთრი, ბურულის წყლული) სამკურნალოდ.

ახალი ოქსაზოლიდინონები (დელპაზოლიდი, სუტეზოლიდი, კონტეზოლიდი) მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ლინეზოლიდის ეფექტურობა ტუბერკულოზის წინააღმდეგ, მაგრამ უკეთესი უსაფრთხოების პროფილით. ზოგიერთი რეჟიმი ამ წამლების ჩართვით ამცირებს მკურნალობის დროსა და გვერდით ეფექტებს.

ხელახალი გამოყენების პოტენციალი: ლინეზოლიდი, კლოფაზიმინი და სხვა მედიკამენტები

ლინეზოლიდმა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა მისი გამოყენება სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო რთულდება. ამჟამად მიმდინარეობს ახალი დოზირების სტრატეგიებისა და ალტერნატივების კვლევა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სარგებელი და შემცირდეს ზიანი.

კლოფაზიმინი: ძველი პრეპარატი, რომელიც ახლა გამოიყენება MDR-TB-ის ხანმოკლე რეჟიმებში, მიუხედავად ხშირი გვერდითი ეფექტისა (კანის შეფერილობის ცვლილება).

ეთონამიდი და ალპიბექტირი (ახალი გამაძლიერებელი): ამ კომბინაციამ ადრეულ ეტაპზე აჩვენა უკეთესი ეფექტურობა და ნაკლები ტოქსიკურობა.

ფტორქინოლონები (მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი): ინარჩუნებენ მნიშვნელოვან როლს, გრძელდება მათი ოპტიმალური გამოყენების შესწავლა.

კარბაპენემები (მეროპენემი): კარგი არჩევანია რეზისტენტული შტამების სამკურნალოდ, მაგრამ მათი გამოყენება გართულებულია ინტრავენური გზით შეყვანის გამო.

მაღალი დოზით რიფამპიცინი/რიფაპენტინი: კვლევა მიმდინარეობს დოზირების დასაზუსტებლად, თუმცა შედეგები ამ ეტაპზე არაერთგვაროვანია.

აღნიშნულ მიღწევებს ტუბერკულოზის მკურნალობა უნივერსალური მიდგომიდან ზუსტ მედიცინაზე გადაჰყავს. ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზის მრავალფეროვნება განპირობებულია ინდივიდუალური იმუნური თავისებურებებითა და ბაქტერიული ფაქტორებით. ამიტომ, სამომავლო თერაპია პერსონალიზებული იქნება პაციენტის მდგომარეობის, იმუნური სტატუსისა და რეაქტიულობის ბიომარკერების გათვალისწინებით.

კლინიკური კვლევები (როგორიცაა TBTC, UNITE4TB და SMART4TB) აჩქარებს ამ პროგრესს, რაც საშუალებას იძლევა, მრავალი პრეპარატი და კომბინაცია ერთდროულად და ეფექტურად შემოწმდეს გლობალური მასშტაბით.

ტუბერკულოზის დასამარცხებლად მხოლოდ სამეცნიერო გარღვევა არ კმარა. აუცილებელია თანაბარი წვდომა ახალ წამლებზე, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, პაციენტის პერსონალიზებული მხარდაჭერა და უკეთესი დიაგნოსტიკა. ეს ფაქტორები გადამწყვეტია პროგრესის რეალურ შედეგებად გადაქცევისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში.

წყარო: Lippincott



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები