უახლესმა კვლევამ ორსულობისას გარკვეული მედიკამენტების გამოყენება აუტიზმის რისკის ზრდასთან დააკავშირა

გააზიარე

ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (UNMC) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანი კავშირი გამოავლინა ორსულობის პერიოდში ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორი მედიკამენტების გამოყენებასა და ბავშვებში აუტისტური სპექტრის დარღვევების (ASD) განვითარების რისკს შორის.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მედიკამენტების კლასიფიკაცია მოახდინეს არა მათი პირდაპირი ჩვენებების, არამედ სტეროლების ბიოსინთეზზე გავლენისა და საერთო გვერდითი ეფექტების მიხედვით. სტეროლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი მედიკამენტები (SBIMs) მოიცავს გარკვეულ ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს, ანქსიოლიტიკებს, ბეტა-ბლოკერებსა და სტატინებს. 

კვლევაში დეტალურად იქნა შესწავლილი 15 პრეპარატი: არიპიპრაზოლი, ატორვასტატინი, ბუპროპიონი, ბუსპირონი, ფლუოქსეტინი, ჰალოპერიდოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პრავასტატინი, პროპრანოლოლი, როზუვასტატინი, სერტრალინი, სიმვასტატინი, კარიპრაზინი და ტრაზოდონი. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი აშშ-ში ყველაზე ხშირად დანიშვნად მედიკამენტებს განეკუთვნება. ემპირიული მასალის სახით გამოყენებულ იქნა Epic Cosmos-ის სამედიცინო მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზეც გაანალიზდა 6,135,213 დედა-შვილის ჯანმრთელობის ჩანაწერი, რაც 2014–2023 წლებში აშშ-ში დაბადებული ბავშვების თითქმის მესამედს შეადგენს.

ეს არის პირველი მასშტაბური ეროვნული კვლევა, რომელმაც შეაფასა ნაყოფის ნეიროგანვითარებითი შედეგები ორსულობის დროს ქოლესტერინის სინთეზის გზაზე მოქმედი მედიკამენტების პრენატალური ექსპოზიციის ფონზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • რისკ-ფაქტორი: იმ დედებში, რომლებსაც ორსულობის პერიოდში სტეროლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი მინიმუმ ერთი მედიკამენტი (SBIM) ჰქონდათ დანიშნული, აუტისტური სპექტრის აშლილობის  მქონე ბავშვის გაჩენის რისკი 1.47-ჯერ მაღალი აღმოაჩნდათ.
  • დოზა-დამოკიდებულება: თითოეული დამატებითი SBIM-ის თანადანიშვნისას რისკი 1,33-ჯერ იზრდებოდა. ოთხი ან მეტი SBIM-ის ერთდროული გამოყენებისას რისკი 2,33-ჯერ აღემატებოდა საბაზისო დონეს.
  • ექსპოზიციის მასშტაბი: კვლევის კოჰორტაში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე 234,971 ბავშვიდან, 15%-ს პრენატალურ პერიოდში ჰქონდა ექსპოზიცია SBIM ჯგუფის მედიკამენტებთან.
  • ზრდის დინამიკა: ორსულობისას SBIM-ების გამოყენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა: 2014 წლის 4.6%-დან 2023 წლის 16.8%-მდე.

სტეროლების ბიოსინთეზის მნიშვნელობა

ქოლესტერინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ტვინისთვის, რომელიც ქოლესტერინით ყველაზე მდიდარი ორგანოა. ნაყოფის ტვინი საკუთარი სტეროლების წარმოებას გესტაციის დაახლოებით 19–20-ე კვირიდან იწყებს. ამ ბიოქიმიური გზის გენეტიკური დარღვევები იწვევს მძიმე პათოლოგიებს, მათ შორის სმიტ-ლემლი-ოპიცის სინდრომს (SLOS), რომლის დროსაც ბავშვების 75%-მდე აკმაყოფილებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

„ჩვენი მიგნებები არ გულისხმობს, რომ ეს მედიკამენტები საფრთხის შემცველია ზრდასრულებისთვის. თუმცა, ისინი წარმოშობენ კითხვებს მათი ორსულობის დროს გამოყენების შესახებ, რადგან ამ პერიოდში მცირე ბიოქიმიურმა ცვლილებამაც კი შესაძლოა კრიტიკული გავლენა მოახდინოს ნაყოფის ტვინის ფორმირებაზე“ — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კაროლი მირნიკსმა.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაციენტებმა არ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა თვითნებურად, რადგან აღნიშნული მედიკამენტები ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნაცვლად ამისა, კვლევა მოუწოდებს ჯანდაცვის სპეციალისტებს, გადაიხედოს პრენატალურ პერიოდში მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა და შემუშავდეს უსაფრთხო ალტერნატივები.

სამომავლო პერსპექტივები

მკვლევართა ჯგუფი პრიორიტეტულად მიიჩნევს ორსულთა მედიკამენტური უსაფრთხოების სისტემურ გაუმჯობესებას, რაც მოიცავს: სტეროლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი პრეპარატების (SBIMs) სრული და განახლებადი რეესტრის შექმნას, ახალი ფარმაცევტული პროდუქტების სავალდებულო შეფასებას სტეროლების ბიოსინთეზზე შესაძლო გავლენის თვალსაზრისით, სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის ამაღლებას, დანიშვნისას რისკიანი კომბინაციების თავიდან აცილებას, გენეტიკურად მოწყვლადი პაციენტების დროულ იდენტიფიცირებას, აგრეთვე სიღრმისეული კვლევების ჩატარებას, რომლებიც დაადგენენ ზუსტ ბიოქიმიურ მექანიზმებს და ხელს შეუწყობენ ნაყოფის განვითარებაზე მედიკამენტური ზემოქმედების უარყოფითი რისკების მინიმიზაციას.

წყარო: Unmc.edu

          Medicalxpress.com

          Nature.com

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები