მცირე ზომის, გამჭვირვალე მედუზა Turritopsis dohrnii უნიკალური უნარით გამოირჩევა — მას განვითარების საწყის ეტაპზე დაბრუნება და სასიცოცხლო ციკლის თავიდან დაწყება შეუძლია. მეცნიერები მის უჯრედულ მექანიზმებს სწავლობენ, რათა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა მსგავსი რეგენერაციული პროცესების ადამიანის უჯრედებში სტიმულირება, რაც მედიცინას ასაკობრივ დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება.
ტეხასის A&M უნივერსიტეტის ბიოლოგის, მარია მიგლიეტას დაკვირვებით, სტრესულ გარემოში, უკიდურეს ტემპერატურაზე, შიმშილსა თუ წყალში მარილის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, მედუზა არ კვდება. ამის ნაცვლად, ორგანიზმი ფორმას კარგავს, უჯრედების გროვად იქცევა და განვითარების ადრეულ ეტაპს, პოლიპის სტადიას უბრუნდება, საიდანაც მოგვიანებით ახალი მედუზები წარმოიქმნებიან.
„ერთი მედუზასგან, რომელიც არ კვდება, ვიღებთ კოლონიას. თეორიულად, თითოეულ მათგანს სასიცოცხლო ციკლის თავიდან დაწყება და გაახალგაზრდავება უსასრულოდ შეუძლია“, — აღნიშნავს მიგლიეტა.
იტალიელმა ბიოლოგმა სტეფანო პირაინომ დაადგინა, რომ მედუზას გაახალგაზრდავების პროცესში ქსოვილები ღეროვანი უჯრედების მდგომარეობას უბრუნდება (ე.წ. ტრანსდიფერენციაცია), რის შემდეგაც ორგანიზმი სხვა საჭირო უჯრედებად გარდაიქმნება. ცხოველთა სამყაროში ეს სრულიად უნიკალური მოვლენაა. მართალია, ზოგიერთი ხვლიკი და ამფიბია სხეულის დაკარგულ ნაწილებს აღიდგენს, მაგრამ ზრდასრული ორგანიზმის განვითარების საწყის სტადიაზე დაბრუნება სხვა არცერთ სახეობაში არ გვხვდება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პედიატრ-ონკოლოგის, მაიკლ კოლდობსკის განმარტებით, მეცნიერების მიზანი ადამიანის ემბრიონულ სტადიაში დაბრუნება არ არის. მთავარი ამოცანა უჯრედებისა და ქსოვილების განახლებით ასაკობრივი დაავადებების მკურნალობაა.
თუ მეცნიერები მედუზას ორგანიზმში გაახალგაზრდავების მოლეკულურ „ჩამრთველს“ აღმოაჩენენ, შესაძლოა ამ მექანიზმმა ადამიანებშიც იმუშავოს. სამომავლოდ, ეს მიდგომა მკვლევრებს დაზიანებული ქსოვილების სწრაფად აღდგენისა და დეგენერაციული დაავადებების (მაგალითად, ალცჰაიმერის) შეჩერების შესაძლებლობას მისცემს.
2022 წელს ესპანეთის ოვიედოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა Turritopsis dohrnii-ისა და მისი მონათესავე (ამ უნარის არმქონე) სახეობების გენები შეადარეს. აღმოჩნდა, რომ „უკვდავი მედუზას“ დნმ გაცილებით მეტ გენს შეიცავს, რომლებიც ასაკთან ერთად დაგროვილი მუტაციებისა და დაზიანებების აღდგენაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მას გაძლიერებული აქვს ტელომერების (დნმ-ის ბოლოების დამცავი სტრუქტურები) შენარჩუნების მექანიზმიც, რაც, სხვა ორგანიზმებისგან განსხვავებით, დნმ-ს ასაკობრივი დეგრადაციისგან იცავს.
ამჟამად მარია მიგლიეტა და მაიკლ კოლდობსკი ერთობლივად სწავლობენ, რამდენად შესაძლებელია მედუზას რეგენერაციული მექანიზმების ადამიანის უჯრედებზე მორგება. პარალელურად, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ, მიუხედავად ბიოლოგიური დაბერებისგან თავის დაღწევის უნარისა, Turritopsis dohrnii ბუნებაში უაღრესად მოწყვლადი ორგანიზმია. მას მტაცებლები, საკვების სიმცირე და გარემო პირობების ცვლილებები საფრთხეს გამუდმებით უქმნის.
წყარო: BBC

