გერმანიის სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პალიატიურის მედდას, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 10 პაციენტის მკვლელობასა და 27 პაციენტის მკვლელობის მცდელობაში.
პროკურორების განცხადებით, ბრალდებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებს ან სედატიურ საშუალებებს უკეთებდა, რათა ღამის ცვლაში სამუშაო დატვირთვა შეემსუბუქებინა. დანაშაულები 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვიურსელენის (Wuerselen) საავადმყოფოში მოხდა.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მედდა ავლენდა აგრესიას და ემპათიის ნაკლებობას იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც გაზრდილ მზრუნველობას საჭიროებდნენ. გერმანელი მედდა პაციენტებს მორფინსა და სედატიური საშუალების, მიდაზოლამს, დიდი დოზებით უკეთებდა.
უვადო სასჯელის გამოტანისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებულის დანაშაული განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა, რამაც მას 15 წლის შემდეგ პირობით-ვადამდე გათავისუფლების უფლება უნდა შეუზღუდოს. მედდას განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
როგორც ცნობილია, გამომძიებლები მის კარიერაში არსებულ სხვა საეჭვო შემთხვევებსაც იკვლევენ. პოტენციური დამატებითი მსხვერპლების გამოსავლენად ამჟამად ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს.
ეს საქმე გერმანელ სერიულ მკვლელს, მედდა ნილს ჰოგელის შემთხვევას მოგვაგონებს. ჰოგელი 2019 წელს 85 პაციენტის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
წყარო: BMJ

