ვაზოპრესორები თუ სითხეები ადრეული სეპტიური შოკის დროს

გააზიარე

სეფსისი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიუხედავად ანტიბიოტიკოთერაპიის, რეანიმაციული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის პროგრესისა, სეფსისი კვლავ მაღალ სიკვდილიანობასთან და მძიმე გართულებებთან ასოცირდება. განსაკუთრებით საშიში კი სეპტიკური შოკია მდგომარეობა, როდესაც ინფექციით გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქცია სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევას, არტერიული წნევის სწრაფ დაცემასა და ორგანოთა ჰიპოპერფუზიას იწვევს. ასეთ პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის, ფილტვისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ლეტალობის რისკს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სეპტიკური შოკის მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად სითხეების დიდი მოცულობის ინტრავენურად სწრაფი შეყვანა ითვლება. ამ მიდგომის საფუძველი მოსაზრება გახლდათ, რომ სეფსისის დროს სისხლძარღვთა გაფართოება და კაპილარული გაჟონვა ეფექტური ცირკულაციური მოცულობის შემცირებას იწვევს, ამიტომ ორგანიზმს დამატებითი სითხე სჭირდება. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საერთაშორისო გაიდლაინები მრავალი წლის განმავლობაში რეკომენდაციას უწევდა მინიმუმ 30 მლ/კგ კრისტალოიდის სწრაფ ინფუზიას სეპტიკური შოკის ადრეულ ეტაპზე.

თუმცა დროთა განმავლობაში გამოცდლებამ აჩვენა, რომ ყველა პაციენტი ერთნაირად არ რეაგირებს სითხით რეანიმაციაზე. ყველას მოეხსენება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი მოცულობის ინფუზია ფილტვების შეშუპებას, ჰიპოქსემიას, მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას, მუცლის ღრუს წნევის მატებასა და თირკმლის ფუნქციის გაუარესებას იწვევს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ხანდაზმული პაციენტები, გულის უკმარისობის მქონე პირები და ისინი იმყოფებიან, ვისაც უკვე ჰქონდა ორგანოთა დისფუნქცია. სწორედ ამ დაკვირვებებმა წარმოშვა მნიშვნელოვანი კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ სეპტიკური შოკის გარკვეულ ეტაპზე დამატებით  სითხეები უფრო მეტად აზიანებდეს პაციენტს, ვიდრე ეხმარებოდეს?

სეფსი და მისი მექანიზმი

სეფსისის პათოფიზიოლოგია ამ კითხვას ნაწილობრივ ხსნის. ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმი ციტოკინებსა და სხვა ანთებით მედიატორებს გამოყოფს, რომლებიც ენდოთელიუმის დაზიანებას იწვევს, სისხლძარღვთა გაფართოებას და კაპილარული განვლადობის ზრდას. შედეგად სითხე სისხლძარღვოვან სივრცეს ტოვებს და ქსოვილებში გროვდება. ასეთ პირობებში მხოლოდ დამატებითი მოცულობის შეყვანა იმიტომ ვერ აღადგენს ეფექტურ პერფუზიას, რომ შეყვანილი სითხის ნაწილი კვლავ ინტერსტიციულ სივრცეში გადადის. ამავე დროს, არტერიული ჰიპოტენზიის კიდევ ერთი წამყვანი მიზეზი ვაზოდილატაციაა, რის გამოც თეორიულად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს სისხლძარღვთა ტონუსის აღდგენა ვაზოპრესორებით.

ვაზოპრესორი და მისი ეფექტი

ვაზოპრესორებიდან პირველ რიგში ნორეპინეფრინი გამოიყენება. იგი ალფა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებს და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას განაპირობებს, რის შედეგადაც სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა და საშუალო არტერიული წნევა იზრდება. გარდა ამისა, ნორეპინეფრინი გარკვეულწილად ვენურ დაბრუნებას აუმჯობესებს და შეიძლება გულის წინატვირთვაც გაზარდოს. ბოლო წლებში გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ ნორეპინეფრინის პროცესის სამართავად უფრო ადრე ჩართვამ შესაძლოა დიდი მოცულობის სითხეების საჭიროება შეამციროს და თავიდან აიცილოს სითხის გადატვირთვის გართულებები.

ვაზოპრესორები თუ სითხეები ადრეული სეპტიური შოკის დროს

რა უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც პაციენტმა უკვე მიიღო საწყისი რეანიმაცია, მაგრამ ჰიპოტენზია მაინც გრძელდება. სწორედ ამ კონტექსტში გამოქვეყნდა 2026 წელს New England Journal of Medicine-ში ARISE-FLUIDS-ის კვლევა  „ვაზოპრესორები თუ სითხეები ადრეული სეპტიური შოკის დროს“. კვლევის მთავარი მიზანი იყო დაედგინა, მოაქვს თუ არა უკეთესი შედეგი სეპტიკური შოკის ადრეულ ფაზაში, საწყისი რეანიმაციის შემდეგ, ნორეპინეფრინის ადრეულ გამოყენებას დამატებით სითხეებთან შედარებით.

კვლევა მრავალცენტრული, რანდომიზებული და კონტროლირებული იყო. მასში ჩაერთნენ პაციენტები, რომელთაც სეპტიკური შოკი აღენიშნებოდათ და უკვე მიღებული ჰქონდათ საწყისი სითხითი რეანიმაცია, მაგრამ მაინც საჭიროებდნენ შემდგომ ჰემოდინამიკურ მხარდაჭერას. მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვეს: ერთ ჯგუფში პრიორიტეტი ვაზოპრესორების ადრეულ დაწყებას მიენიჭა, ხოლო მეორე ჯგუფში — დამატებითი ინტრავენური სითხეების შეყვანას.

მკვლევრები აფასებდნენ არა მხოლოდ სიკვდილიანობას, არამედ ორგანოთა ფუნქციას, ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობას, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროებას, მექანიკური ვენტილაციის სიხშირესა და სხვა კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი რეალურ კლინიკურ პრაქტიკას ასახავდა და პასუხობდა ყოველდღიურ კითხვას, რომელსაც რეანიმატოლოგები თითქმის ყოველ საათში სვამენ: “როდესაც სეპტიკური შოკის მქონე პაციენტს უკვე მიეცა საწყისი სითხეები, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს კიდევ მეტი სითხე თუ უფრო ადრე დაწყებული ნორეპინეფრინი?”

ARISE-FLUIDS კვლევამ სწორედ ამ დებატის ცენტრში მოექცა და მისი შედეგები შესაძლოა სეპტიკური შოკის მართვის თანამედროვე სტანდარტების გადახედვის ერთ-ერთ საფუძვლად იქცეს.

ARISE-FLUIDS კვლევის შედეგები, კლინიკური მნიშვნელობა და სეპტიკური შოკის მკურნალობის მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდებოდა სითხის გადატვირთვის უარყოფითი ეფექტების შესახებ, კლინიკურ პრაქტიკაში ინერცია მაინც დიდხანს შენარჩუნდა. სწორედ ამიტომ ARISE-FLUIDS-ის შედეგები მხოლოდ ერთი კვლევის მონაცემებად არ აღიქმება  ისინი სეფსისის მართვის ფილოსოფიის შესაძლო ცვლილებას ასახავენ.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ ადრეულ ეტაპზე ვაზოპრესორების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებდა პაციენტების მიერ მიღებული ინტრავენური სითხეების საერთო მოცულობას. ეს თითქოს მოსალოდნელი შედეგია, თუმცა კლინიკური თვალსაზრისით მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კარგად არის ცნობილი, რომ სითხის დადებითი ბალანსი დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორად ითვლება და მისი მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო მოსალოდნელი გადატვირთვის რისკები სტატიის დასაწყისშია განხილული. 

ARISE-FLUIDS-მა ასევე აჩვენა, რომ ნორეპინეფრინის უფრო ადრეული დაწყება არ იყო დაკავშირებული სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარებასთან. არა ჰიპერტენზია და მისი ძნელად რეგულაცია არა, მაღალი წენვა სასიკვდილოდ დაბალ წნევას ყოველთვსი ჯობია, წლების განმავლობაში არსებობდა შიში, რომ ვაზოკონსტრიქცია შესაძლო ქსოვილების პერფუზიას აუარესებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოცულობის დეფიციტი ბოლომდე არ იყო კორეგირებული. 

თანამედროვე წარმოდგენებით სეპტიკური შოკის მთავარი პრობლემა ყოველთვის ჰიპოვოლემია არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სისტემური ვაზოდილატაცია და სისხლძარღვოვანი ტონუსის დაკარგვა სწორედ ამას უნდა შევუტიოთ დროულად. როდესაც სისხლძარღვები უკონტროლოდ ფართოვდება, დამატებითი სითხეები ხშირად მხოლოდ დროებით ზრდის ინტრავასკულარულ მოცულობას, რის შემდეგაც მათი დიდი ნაწილი ინტერსტიციულ სივრცეში გადადის. ასეთ პირობებში ნორეპინეფრინი სისხლძარღვოვან ტონუსს აღადგენს, აუმჯობესებს საშუალო არტერიულ წნევას და უზრუნველყოფს სასიცოცხლო ორგანოების უკეთეს პერფუზიას გაცილებით ნაკლები ინფუზიური დატვირთვით.

მართალია, კვლევამ არ აჩვენა დრამატული განსხვავება ყველა კლინიკურ გამოსავალში, თუმცა სწორედ ეს წარმოადგენს თანამედროვე ინტენსიური თერაპიის კვლევების ერთ-ერთ თავისებურებას. დღეს სეფსისის მქონე პაციენტები გაცილებით უკეთეს მკურნალობას იღებენ, ვიდრე ოცი წლის წინ, ამიტომ სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირების დემონსტრირება სულ უფრო რთული ხდება. ამის მიუხედავად, კლინიკური პრაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, როგორიცაა სითხის ბალანსი, ორგანოთა ფუნქციის შენარჩუნება, მექანიკური ვენტილაციის საჭიროების შემცირება და ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობა.

ARISE-FLUIDS-ის შედეგები განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მათ შევადარებთ ბოლო წლების სხვა მნიშვნელოვან კვლევებს. 2022 წელს გამოქვეყნებულმა CLASSIC კვლევამ აჩვენა, რომ სითხის უფრო შემზღუდავი სტრატეგია უსაფრთხოა და არ ზრდის სიკვდილიანობას იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც სტანდარტულ მკურნალობას იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ CLASSIC-მა ვერ დაამტკიცა აშკარა უპირატესობა, მან პირველად სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ ძველი დოგმა, რომლის მიხედვითაც მეტი სითხე ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა.

ამავე პერიოდში ჩატარებულმა CLOVERS კვლევამ შეადარა შემზღუდავი სითხითი სტრატეგია და უფრო ლიბერალური ინფუზიური მიდგომა. შედეგებმა კვლავ ვერ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება სიკვდილიანობაში, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვაზოპრესორების უფრო ადრეული გამოყენება უსაფრთხოა და არ აუარესებს პაციენტის პროგნოზს. სწორედ ამ კვლევამ შექმნა საფუძველი იმისთვის, რომ მომავალში უფრო მიზანმიმართული კვლევები ჩატარებულიყო.

კიდევ უფრო ადრე გამოქვეყნებულმა CENSER კვლევამ აჩვენა, რომ ნორეპინეფრინის ადრეული დანიშვნა ამცირებდა შოკის პროგრესირებას და პაციენტები უფრო სწრაფად აღწევდნენ ჰემოდინამიკურ სტაბილიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შედარებით მცირე მასშტაბის იყო, მან პირველად წამოაყენა იდეა, რომელიც მოგვიანებით ARISE-FLUIDS-მა გაცილებით უფრო ფართო პოპულაციაში შეაფასა.

თუ ამ სამ კვლევას ერთად განვიხილავთ, აშკარა ხდება ერთი ტენდენცია. თანამედროვე რეანიმატოლოგია თანდათან ტოვებს უნივერსალურ მიდგომას და გადადის ინდივიდუალიზებულ მკურნალობაზე. დღეს უკვე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა არა იმისა, უნდა მივცეთ თუ არა პაციენტს სითხე, არამედ იმისა, ნამდვილად არის თუ არა იგი სითხეზე რეაგირებადი. ეს განსხვავება ფუნდამენტურია. თანამედროვე ჰემოდინამიკური მონიტორინგი, ექოკარდიოგრაფია, პულსური წნევის ვარიაბელობა და სხვა მეთოდები საშუალებას იძლევა შეფასდეს, მოუტანს თუ არა კონკრეტულ პაციენტს დამატებითი ინფუზია რეალურ სარგებელს. თუ პასუხი უარყოფითია, დამატებითი სითხე შეიძლება მხოლოდ გართულებების წყაროდ იქცეს.

Surviving Sepsis Campaign

ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ვარაუდობს, რომ უახლოეს წლებში Surviving Sepsis Campaign-ის რეკომენდაციები გადაიხედება. მოსალოდნელია, რომ გაიდლაინები კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვამენ ხაზს პაციენტის ინდივიდუალურ შეფასებას, სითხეზე რეაგირების ობიექტურ განსაზღვრას და ნორეპინეფრინის უფრო ადრეულ გამოყენებას. ეს არ ნიშნავს, რომ სითხითი რეანიმაცია დაკარგავს მნიშვნელობას, არამედ იმას, რომ მისი გამოყენება უფრო ფრთხილი და მიზანმიმართული გახდება.

რა თქმა უნდა, კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა. სეფსისი უკიდურესად ჰეტეროგენული სინდრომია. სხვადასხვა ინფექციის წყარო, თანმხლები დაავადებები, ასაკი, გულის ფუნქცია და იმუნური სტატუსი მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტის რეაქციას როგორც სითხეებზე, ისე ვაზოპრესორებზე. ამიტომ შეუძლებელია ერთი უნივერსალური სქემის შექმნა, რომელიც ყველა კლინიკურ სიტუაციას მოერგება. სწორედ ამიტომ ARISE-FLUIDS არ უნდა აღვიქვათ, როგორც საბოლოო პასუხი ყველა კითხვაზე. უფრო სწორად, ეს არის კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულება, რომელიც გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ინტენსიური თერაპია უფრო პერსონალიზებული ხდება.

nejm.org

pubmed.ncbi1

pubmed.ncbi2

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები