როდესაც 40 წლის ადამიანი საკუთარ მშობლებს ადარებს თავს იმავე ასაკში, ხშირად პირიქით გვეჩვენება, თითქოს თანამედროვე თაობა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. უკეთესი კოსმეტიკა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ფიტნეს კულტურა და მედიცინის განვითარება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ დაბერების პროცესი შენელდა. თუმცა მეცნიერები სულ უფრო ხშირად სვამენ საპირისპირო კითხვას: შესაძლებელია თუ არა, რომ გარეგნულად ახალგაზრდები ვიყოთ, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი რეალურად უფრო სწრაფად ბერდებოდეს?
2026 წელს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის 164 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და მათი ბიოლოგიური ასაკი შეაფასეს. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: 1965 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებში ბიოლოგიური დაბერების ნიშნები მნიშვნელოვნად უფრო გამოხატული აღმოჩნდა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც 1950-იან წლებში დაიბადნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი 40 წლის ადამიანის ორგანიზმი შესაძლოა უფრო „ხანდაზმული“ იყოს, ვიდრე მისი მშობლის ორგანიზმი იყო იმავე ასაკში.
ეს დასკვნა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საუბარი კალენდარულ ასაკზე არაა. ყველა ადამიანი ერთნაირი სიჩქარით არ ბერდება. არსებობს ე.წ. ბიოლოგიური ასაკი, რომელიც ორგანიზმის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ორი 40 წლის ადამიანი შეიძლება სრულიად განსხვავებულ ბიოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ერთს ორგანიზმი 35 წლის ადამიანის მსგავსი ჰქონდეს, მეორეს კი 50 წლის. სწორედ ამ განსხვავებას ზომავენ თანამედროვე მეცნიერები სისხლის ბიომარკერების, ანთებითი პროცესების, მეტაბოლური ცვლილებებისა და უჯრედული დაზიანების ნიშნების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ დაბერებას ბუნებრივ პროცესად მივიჩნევთ, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმის შესახებ, რომ დაბერების ტემპი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემოზე, ცხოვრების წესსა და სოციალურ პირობებზე. მეცნიერები უკვე აღარ განიხილავენ სიბერეს მხოლოდ გენეტიკის შედეგად. პირიქით, ვარაუდობენ, რომ გენები მხოლოდ საწყის ჩარჩოს ქმნიან, ხოლო ცხოვრების განმავლობაში მიღებული ზემოქმედებები განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად ან ნელა დაბერდება ორგანიზმი.
რა შეიცვალა ნახევარ საუკუნეში?
პირველი და ყველაზე ხშირად განხილული ფაქტორი სიმსუქნის ეპიდემიაა. დღევანდელი თაობები ჭარბ წონას გაცილებით ადრეულ ასაკში იძენენ, ვიდრე მათი მშობლები. ამ შემთხვევაში გვანტერესებს უშუალოდ სიმსუქნის ისტორია, ვინაიდან მცირედ ასაკში განვითარებული ჭარბწონანობაც თავისებურ დაღსს ასვამს ორგანიზმს მიუხედავად იმისა შეძლო თუ არა ადამიანმა შემდგომ სასურველი ფორმისა თუ წონის მიღწევა. თუ 1970-იან წლებში სიმსუქნე ძირითადად საშუალო და ხანდაზმულ ასაკში ვითარდებოდა, დღეს ბევრი ადამიანი უკვე მოზარდობიდანვე ცხოვრობს მეტაბოლური დარღვევებით. სიმსუქნე მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ცხიმოვანი ქსოვილი მუდმივი დაბალი ინტენსივობის ანთების წყაროა, ხოლო ქრონიკული ანთება დაბერების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მექანიზმია. სწორედ ამიტომ ბევრი გერონტოლოგი სიმსუქნეს „დაბერების ამაჩქარებელს“ უწოდებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კვებითი ჩვევების ცვლილებაა. ჩვენი მშობლების თაობასთან შედარებით, თანამედროვე ადამიანები გაცილებით მეტ ულტრადამუშავებულ საკვებს მოიხმარენ. მზა პროდუქტები, ტკბილი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, მაღალპროცესირებული ხორცეული და სხვადასხვა ქიმიური დანამატით გამდიდრებული საკვები ყოველდღიური რაციონის ნაწილად იქცა. ასეთი კვება სხვა მრავალ მავნე ენდოკრინულ ცვლილებასთან ერთად გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიომზე ანუ ტრილიონობით ბაქტერიაზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის მუშაობაში. როდესაც მიკრობიომის ბალანსი ირღვევა, იზრდება ანთებითი პროცესების ოდენობა, მეტაბოლური პრობლემები და უჯრედული დაზიანების დონე.
საინტერესოა ძილის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოება ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულია, ძილის ხარისხი ბევრ ქვეყანაში მათ შორის საქართვე უარესდება. ხელოვნური განათება, სმარტფონები და გვიან ღამემდე ეკრანებთან გატარებული დრო არღვევს ცირკადულ რიტმს. მეცნიერებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ ქრონიკული უძილობა დაკავშირებულია იმუნური სისტემის ცვლილებებთან, მეტაბოლურ დარღვევებთან და ბიოლოგიური ასაკის ზრდასთან. ამ ფონზე ზოგიერთი ექსპერტი ძილს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაფასებულ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიასაკობრივ ფაქტორად მიიჩნევს.
საუბარია გარემოზეც. დღევანდელი ადამიანი ყოველდღიურად ათასობით სინთეზურ ქიმიურ ნაერთთან კონტაქტობს. მიკროპლასტიკი უკვე აღმოჩენილია სისხლში, ფილტვებში, პლაცენტასა და სხვა ქსოვილებში. მეცნიერები ჯერ ვერ ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს ნივთიერებები აჩქარებენ დაბერებას, თუმცა იზრდება ეჭვი, რომ გარემოს დაბინძურება შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. ჩვენი მშობლები ბევრ საფრთხეს აწყდებოდნენ, მაგრამ მათ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მსგავსი მასშტაბის ქიმიური დატვირთვა არ არსებობდა.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 50 წლამდე ასაკში კიბოს შემთხვევები მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით სწრაფად მატულობს მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა სიმსივნის სიხშირე. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია სხვაობა ადამიანის ბიოლოგიურ და კალენდარულ ასაკს შორის, მით უფრო მაღალია ადრეული კიბოს განვითარების რისკი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს კავშირი განსაკუთრებით ფილტვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშვილოსნოს სიმსივნეებთან.
მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები ჯერ არ ამტკიცებენ, თითქოს თანამედროვე თაობა განწირული იყოს. პირიქით, ბიოლოგიური ასაკი გაცილებით უფრო ცვალებადია, ვიდრე კალენდარული ასაკი. ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება, სტრესის მართვა და ნორმალური წონის შენარჩუნება ბიოლოგიური დაბერების სიჩქარეზე პირდაპირ მოქმედებს. სწორედ ამიტომ ზოგიერთი 60 წლის ადამიანი ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ზოგიერთი 40 წლის.
დღეს მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო პასუხი კითხვაზე, ვბერდებით თუ არა ნამდვილად ჩვენს მშობლებზე სწრაფად. თუმცა უკვე არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ თანამედროვე თაობებში ორგანიზმის ცვეთის გარკვეული ნიშნები უფრო ადრე ჩნდება. შესაძლოა, ჩვენი თაობა გარეგნულად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად უფრო რთულ ბიოლოგიურ გარემოში ცხოვრობდეს. თუ ეს ტენდენცია საბოლოოდ დადასტურდა, მაშინ ახალგაზრდებში კიბოს ზრდა მხოლოდ ერთი გამოვლინება იქნება გაცილებით ფართო პროცესისა, პროცესისა, რომელიც გვაიძულებს თავიდან დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრება ადამიანის ჯანმრთელობასა და დაბერებაზე. შესაძლოა, მომავლის მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ არა სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ დაბერების ტემპის შენელება გახდეს.

