წონის კლების პრეპარატები მამაკაცებში ტესტოსტერონის დონესა და სპერმის ხარისხს აუმჯობესებენ: კვლევა

გააზიარე

წონის კლების უახლესი თაობის მედიკამენტებს, შესაძლოა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი ჰქონდეთ: მამაკაცებში რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესება. ჩიკაგოში, ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული პრეპარატები ზრდიან ტესტოსტერონის დონეს და ხელს უწყობენ სპერმის ხარისხის გაუმჯობესებას პაციენტებში. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მონაცემები ჯერ კიდევ წინასწარია და ასოციაციის საბოლოო დადასტურებისთვის უფრო მასშტაბური კლინიკური გამოცდებია საჭირო, თუმცა სხვადასხვა წყაროდან მიღებული მტკიცებულებები უკვე ერთსა და იმავე ტენდენციაზე მიუთითებენ.

მეცნიერებმა გააანალიზეს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები, სადაც GLP-1 კლასის პრეპარატების ფონზე მამაკაცებში ტესტოსტერონის დონეს ზომავდნენ. ერთ-ერთ კვლევაში, სიმსუქნისა და ჰიპოგონადიზმის (ტესტოსტერონის დაბალი დონე) მქონე პაციენტები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთ ნაწილს GLP-1 პრეპარატი დაუნიშნეს, მეორეს კი – ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია (TRT). 16 კვირის შემდეგ ჰორმონის დონე ორივე ჯგუფში გაიზარდა.

კიდევ ერთმა 24-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონის მატება TRT ჯგუფში უფრო მაღალი იყო, GLP-1 ჯგუფში სპერმის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. კერძოდ, სწორი ფორმისა და ზომის სპერმატოზოიდების წილი 2%-დან 4%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიის ჯგუფში, მოლოდინისამებრ, სპერმის რაოდენობა და ხარისხი შემცირდა.

ამ მონაცემებს ამყარებს მეიოს კლინიკის (აშშ) მკვლევრების მიერ ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარდგენილი ანალიზიც. 1 600-ზე მეტი პაციენტის ელექტრონული ჯანმრთელობის ბარათების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ წონის კლების პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. სხვა რეტროსპექტულმა კვლავმა კი 215 პაციენტში ჰორმონის საშუალოდ 20%-იანი მატება აჩვენა.

სპეციალისტებისთვის ეს კავშირი მოულოდნელი არ არის. ცნობილია, რომ სიმსუქნე პირდაპირ აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს, რომელიც აუცილებელია სპერმის პროდუქციისა და ფერტილობისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ცხიმოვანი უჯრედები შეიცავენ ფერმენტს, რომელიც ტესტოსტერონს ესტრადიოლად (მთავარ ქალის სასქესო ჰორმონად) გარდაქმნის. ამას ემატება მეტაბოლური ცვლილებები და სიმსუქნით გამოწვეული ქრონიკული ანთებითი პროცესები.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი გზავნილია ენდოკრინოლოგებისთვის, რომლებიც მკურნალობენ სიმსუქნისა და დაბალი ტესტოსტერონის სიმპტომების (ლიბიდოს დაქვეითება, გუნება-განწყობის გაუარესება, კუნთოვანი მასის კარგვა) მქონე მამაკაცებს, განსაკუთრებით მათ, ვინც შვილის გაჩენას გეგმავს. ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ასეთ პაციენტებში ჰორმონოთერაპია დაუყოვნებლივ არ დაინიშნოს. ხშირ შემთხვევაში, წონის კლება ცხოვრების წესის შეცვლით და საჭიროებისას წონის კლების პრეპარატების ჩართვით სრულიად საკმარისია ტესტოსტერონის დონის ბუნებრივად აღსადგენად, თანაც ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სპერმის ხარისხს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები