62 წლის პაციენტს 25-წლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ზუსტი დიაგნოზი ხელოვნურმა ინტელექტმა დაუდგინა

გააზიარე

თანამედროვე მედიცინაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პროფილის ექიმები პაციენტის სიმპტომებს ცალ-ცალკე განიხილავენ და ვერ ხედავენ ერთიან სურათს. ზუსტად ასეთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი ინდოეთში, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა (Claude) შეძლო იმ კავშირების იდენტიფიცირება ნეფროლოგიას, ნევროლოგიასა და პულმონოლოგიას შორის, რომლებიც კვალიფიციურმა ექიმებმა 25 წლის განმავლობაში ვერ შენიშნეს.

ამბავი ასეთია. 62 წლის პაციენტს, რომელსაც ანამნეზში თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი და ჰიპერტენზია აღენიშნებოდა, ათწლეულების განმავლობაში გაუსაძლისი თავის ტკივილები ტანჯავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტკივილის სპეციფიკა მის პოზიციურობაში მდგომარეობდა. შაკიკის შეტევა მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როდესაც პაციენტი დასაძინებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებდა. თუმცა, მიუხედავად მრავალჯერადი კონსულტაციისა ნევროლოგებთან და ნეფროლოგებთან, ასევე ჩატარებული თავის ტვინის MRI კვლევისა, ექიმები სიმპტომს ხან დიალიზით გამოწვეულ დაღლილობას მიაწერდნენ, ხან კი – ასაკობრივ ცვლილებებს.

ხელოვნურმა ინტელექტმა 25-წლიანი სამედიცინო გამოცანა ამოხსნა

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პაციენტის ახლობელმა მთელი სამედიცინო დოკუმენტაცია და კვლევების პასუხები ხელოვნურ ინტელექტს გაუზიარა. მონაცემთა სისტემური ანალიზის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის მოდელმა Claude-მა რამდენიმე საკვანძო გარემოება გამოჰყო, რამაც დიაგნოსტიკის მიმართულება სრულად შეცვალა.

პირველ რიგში, მან ყურადღება გაამახვილა ტკივილის პოზიციურ კანონზომიერებაზე. იმ ფაქტზე, რომ შაკიკის ერთადერთი ტრიგერი ჰორიზონტალური მდგომარეობა იყო, რაც ხშირად სასუნთქი გზების გაუმართავ ფუნქციონირებაზე მიუთითებს. ამასთან, სისტემამ მოიძია სტატისტიკური კავშირი, რომლის თანახმადაც, დიალიზზე მყოფი პაციენტების თითქმის ნახევარს ძილის დაუდიაგნოსტირებელი აპნოე აწუხებს.

საბოლოოდ, პაციენტის ოჯახის მიერ დადასტურებული 25-წლიანი ხმამაღალი ხვრინვისა და სპეციალური სადიაგნოსტიკო კითხვარის (STOP-BANG) გამოყენებით, რომელმაც ძილის დროს სუნთქვის დარღვევის უმაღლესი რისკი აჩვენა, ხელოვნურმა ინტელექტმა ზუსტი ორიენტირი გასცა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ კი ძილის აპნოეს დიაგნოზი ოფიციალურად დაადასტურა.

შედეგები და მკურნალობის ეფექტი

სპეციალიზებულმა კვლევამ Claude-ის ვარაუდი სრულად დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ პაციენტს სუნთქვა ღამეში 119-ჯერ უწყდებოდა, ხოლო სისხლში ჟანგბადის შემცველობა კრიტიკულ 78%-მდე ეცემოდა. 25-წლიანი ხმამაღალი ხვრინვა და ქრონიკული დაღლილობა არა ასაკის, არამედ მძიმე ფორმის აპნოეს შედეგი იყო, რაც თავის მხრივ ჰიპერტენზიას ამწვავებდა და ინსულტის რისკს ზრდიდა.

CPAP აპარატის (მუდმივი დადებითი წნევით სუნთქვის დამხმარე მოწყობილობა) გამოყენებისთანავე პაციენტის თავის ტკივილები სრულად გაქრა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 30,000 ინდური რუპიის (დაახლოებით 1000 ლარი) ღირებულების მოწყობილობამ გადაჭრა პრობლემა, რომლის მიზეზსაც სპეციალისტებთან მრავალწლიანი ვიზიტები ვერ ადგენდა.

წყარო: Reddit

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები