CPAP თერაპია მაღალი ხარისხის სიმსუქნის მქონე მამაკაცებში ტესტოსტერონის დონეს ზრდის

გააზიარე

მამაკაცის ჰორმონული ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დაბალი დონის თანაარსებობა. ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირდება ქრონიკულ დაღლილობასთან, ლიბიდოს დაქვეითებასა და მთელ რიგ მეტაბოლურ დარღვევებთან. ახალი კვლევის თანახმად, CPAP-ის (უწყვეტი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში) გამოყენებით მძიმე ობსტრუქციული ძილის აპნოეს (OSAS) სამკურნალოდ, შესაძლებელი ხდება ტესტოსტერონის დონის მნიშვნელოვანი ზრდაც. შესაბამისად, CPAP ძილის დარღვევის პრობლემის მოგვარებასთან ერთად, ჰორმონული ბალანსის აღდგენის პერსპექტივას ქმნის.

რა არის ფუნქციური ჰიპოგონადიზმი?

ფუნქციური ჰიპოგონადიზმი წარმოადგენს ენდოკრინულ მდგომარეობას, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლების მიერ ტესტოსტერონის სეკრეცია დაქვეითებულია. თუმცა, დისფუნქცია არ არის უშუალოდ გამოწვეული თავად სათესლე ჯირკვლის პათოლოგიით/დაზიანებით. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება მძიმე სიმსუქნის მქონე მამაკაცებში. 

კვლევის დეტალები: 

იტალიაში ჩაატარებული კვლევის ფოკუსი იყო მაღალი ხასრისხის სიმსუქნის მქონე მამაკაცებში ობსტრუქციული ძილის აპნოეს (ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ძილში სუნთქვა ეპიზოდურად წყდება) სიმძიმესა და ტესტოსტერონის დონეს შორის კორელაციის დადგენა. 

მონაწილეთა შერჩევა: კვლევაში ჩაერთო 204 მამაკაცი, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) იყო ≥35 კგ/მ2 ან ≥40 კგ/მ2.

დიაგნოსტიკური პროცედურები: ჩატარდა სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, პოლისომნოგრაფიული კვლევა და ღამის პულსური ოქსიმეტრია.

თერაპიული ჯგუფი და ინტერვენცია: 14 მამაკაცს, მძიმე ობსტრუქციული ძილის აპნოეთი (ახლად დიაგნოსტირებული), მიზანმიმართულად დაენიშნა CPAP თერაპია 3 თვის ვადით.

მძიმე ან დეკომპენსირებული OSAS ასოცირებული იყო ტესტოსტერონის დაბალ დონესთან (p=0.014).

ტესტოსტერონის დონის ფორმირებაზე გავლენას ახდენდა ასევე ისეთი მეტაბოლური ფაქტორები, როგორიცაა BMI, მეორე ტიპის დიაბეტის არსებობა და C-რეაქტიული ცილის მაღალი მაჩვენებელი (p=0.039,p=0.006,p=0.003).

3-თვიანი CPAP თერაპიის კურსის შემდეგ, ტესტოსტერონის დონის საშუალო მატება აღწევდა 3.75 ნმოლ/ლ-ს (p=0.009).

დადგინდა უარყოფითი კორელაცია ტესტოსტერონის დონესა და ჟანგბადის დესატურაციის ინდექსს შორის (p=0.04), რომელიც BMI-სგან დამოუკიდებელი ფაქტორი იყო.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ობსტრუქციული ძილის აპნოეს (OSAS) CPAP თერაპიით მკურნალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან გზას სიმსუქნის მქონე მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის აღსადგენად. ეს არაინვაზიური და მარტივი მეთოდი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ჰორმონული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, კლინიცისტებს მოეთხოვებათ, რომ სიმსუქნისა და ტესტოსტერონის დაბალი დონის მქონე მამაკაცები აგრეთვე შეამოწმონ OSAS-ზე. ასეთ შემთხვევებში, CPAP თერაპია, წონის კლებასთან და სხვა მეტაბოლურ პრობლემებთან ბრძოლასთან ერთად, ხელს შეუწყობს გონადური ფუნქციის აღდგენას.

წყარო: Journal of Clinical Endocrinology & Metabolism



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები