ახალი გლობალური ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ უარესდება. მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისეთ ჰაერს ისუნთქავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის დადგენილ ნორმებს საგრძნობლად აჭარბებს.
შვეიცარიულმა კომპანია IQAir-მა 143 ქვეყნის 9,446 ქალაქის მონაცემები გააანალიზა. კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხო ჰაერი მსოფლიოს ქალაქების მხოლოდ 14%-შია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (17%) ნაკლებია.
რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
მეცნიერების განმარტებით, მდგომარეობის გაუარესების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და წიაღისეული საწვავის მოხმარებაა. 2025 წელი ევროპისთვის ტყის ხანძრების მხრივ რეკორდული აღმოჩნდა, რამაც ჰაერში მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია მკვეთრად გაზარდა.
განსაკუთრებით საშიშია PM2.5 ნაწილაკები. მათი სიმცირის გამო (2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრით), ისინი ადვილად აღწევენ ფილტვებში, ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევენ რესპირატორულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ყველაზე დაბინძურებული და სუფთა ადგილები
მსოფლიოს 25 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მხოლოდ სამ ქვეყანაში — ინდოეთში, პაკისტანსა და ჩინეთშია თავმოყრილი, რომელთა შორის ანტირეკორდს ინდოეთის ქალაქი ლონი ხსნის, რადგან იქ მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია ჯანმოს მიერ დადგენილ უსაფრთხო ნორმას 22-ჯერ აჭარბებს.
გლობალური მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების ხუთეულში პაკისტანი, ბანგლადეში, ტაჯიკეთი, ჩადი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ნაწილდებიან. მსოფლიოში ყველაზე სუფთა ადგილად სამხრეთ აფრიკის ქალაქი ნიუვუდტვილი დასახელდა, რომელიც თავისი ულამაზესი ყვავილობის სეზონით არის ცნობილი.
ევროპა
ევროპაში ჯანმოს სტანდარტებს მხოლოდ სამი ქვეყანა აკმაყოფილებს: ანდორა, ესტონეთი და ისლანდია. დანარჩენ ქვეყნებში ვითარება დამძიმდა. მაგალითად, შვეიცარიასა და საბერძნეთში დაბინძურება 30%-ით გაიზარდა ჩრდილოეთ ამერიკიდან წამოსული ხანძრების კვამლისა და საჰარის მტვრის გამო.
ამ ფონზე, მალტამ საუკეთესო შედეგი აჩვენა, რადგან დაბინძურება 24%-ით შეამცირა განახლებად ენერგიაზე გადასვლისა და ტრანსპორტის ემისიების კონტროლის წყალობით.
საქართველო
IQAir-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების 91%-ს შორისაა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ჯანმოს უსაფრთხოების სტანდარტებს, რადგან ჰაერში მავნე PM2.5 ნაწილაკების საშუალო წლიური კონცენტრაცია დადგენილ ნორმას დაახლოებით 2-3-ჯერ აჭარბებს.
ქვეყანაში დაბინძურების მთავარ კერებად კვლავ თბილისი და რუსთავი რჩება, სადაც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, ინტენსიური მშენებლობები, საწარმოო ემისიები და რეგიონისთვის დამახასიათებელი სეზონური მტვრის მასები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „ზომიერად დაბინძურებული“ ქვეყნების კატეგორიაშია, ექსპერტები ხაზს უსვამენ მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა რეალურ დროში არსებულ მონაცემებზე იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ჰაერის ხარისხი კლიმატის ცვლილების გამო კიდევ უფრო უარესდება.
წყარო: IQair

