„იღბალი მომზადებულ ადამიანებს სწყალობს“, – ირაკლი მანია

გააზიარე

ზუგდიდის ხმაურიან ეზოებში გაზრდილი ირაკლი მანია ბავშვობიდანვე ხვდებოდა, რომ მისი ცხოვრება ერთ პატარა ქალაქში ვერ დაეტეოდა. სამოქალაქო ომით, მუდმივი არეულობითა და სიდუხჭირით დაღდასმულ 90-იან წლებში, როცა სანთლის შუქის წყვეტილ სხივებზე სტუდენტები წიგნების ნაცვლად ქსეროასლებიდან სწავლობდნენ და უნივერსიტეტში ფეხით დადიოდნენ, მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საუკეთესო ექიმი გახდებოდა. მაშინ ეს ოცნება საქართველოში მიუღწეველი იყო, ამიტომ სწავლა აშშ-ში უნდა გაეგრძელებინა.

უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” დერეფნებიდან ემორის უნივერსიტეტის მკვლევრობამდე, იქიდან კი ფილადელფიის პრესტიჟული დრექსელის რეზიდენტურამდე გზა არც მოკლე იყო და არც იოლი. თითოეულ ეტაპზე მედიცინასთან ერთად გამძლეობასაც სწავლობდა. ბევრი დაბრკოლების, კულტურული ბარიერის გადალახვამ და მკაცრ სტანდარტებთან შეგუებამ მოუწია. მიზნის ერთგულება და მზადყოფნა, ნებისმიერ შესაძლებლობას ყოველთვის მომზადებული შეხვედროდა, საბოლოოდ მისი გამარჯვებით დასრულდა.

დღეს ის არა მხოლოდ ძალიან წარმატებული ფსიქიატრი და მეცნიერი, არამედ პენსილვანიის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტია. ირაკლი მანიასთვის ლიდერობა ხმაურიანი სიტყვები კი არა, ყოველდღიური, შეუპოვარი შრომაა. კარგი ექიმი მაშინ ხარ, როცა გვიან საღამოს, შენთან დახმარების იმედად მოსულ ბოლო ადამიანს ისეთივე ყურადღებით უსმენ, როგორითაც დილის პირველ პაციენტს. როცა წლების წინანდელი ოცნებები უკვე შენი ყოველდღიურობა ხდება, ამ გზაზე სხვებს ახლა პირადი მაგალითით მიუძღვები.

ირაკლი მანია

— როგორი იყო გზა თბილისიდან ფილადელფიამდე? რომელი ნაბიჯი იყო გარდამტეხი?

— ამერიკაში 25 წლის წინ წამოვედი. ფაქტობრივად, ცხოვრების ნახევარი აქ გავატარე. საკმაოდ მძიმე იყო ეს გზა, მაგრამ თან საოცრად საინტერესოც. დავიბადე ზუგდიდში, აფხაზეთის ომი, სიდუხჭირე და უმძიმესი სოციალური ფონი. ასეთ გარემოში სწავლასა და განვითარებაზე ფიქრი რთული იყო, არადა, სწავლა ყველაზე მეტად მიყვარდა. ცხადი იყო, ასეთ გარემოში საკუთარ მიზნებს ვერ ავისრულებდი. სკოლაში სწავლის პერიოდში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ექიმობა მინდოდა და სწავლა აშშ-ში უნდა გამეგრძელებინა. ძალიან მოვინდომე, ალბათ, საკმარისად ნიჭიერიც აღმოვჩნდი და ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად ექიმის სალიცენზიო გამოცდები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წამოვედი ამერიკაში. ცნობილი ექიმი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს დიდი მეგობარი კენ ვოკერი იყო ის ადამიანი, ვინც მაშინ ნიჭიერ ქართველ სტუდენტებსა და ექიმებს ეხმარებოდა. სწორედ მან ჩამომიყვანა ატლანტაში.

— ეს იქცა გარდამტეხ ცვლილებად?

— ვერ ვიტყვი, რომ ერთმა მომენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია. შრომის ეთიკა და მოთხოვნები აქ ძალიან განსხვავებულია. 4 წელი ემორის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის კვლევაში ვიყავი ჩართული. შემდეგ დრექსელის რეზიდენტურაში მოხვედრა იყო დიდი წარმატება, რადგან ურთულეს კონკურსში გავიმარჯვე. იქ უფროს რეზიდენტად დამამტკიცეს, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო რეზიდენტურის დამთავრებისთანავე იელის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტებში შემომთავაზეს სწავლა, კარიერულ კიბეზეც სწრაფად უნდა დამეწყო ასვლა, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ ამის უფლება არ მომცა. გული დამწყდა, მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან, ალბათ, ასე ჯობდა. ამ დაბრკოლების გამო მოვხვდი ქისთოუნ ჰელსში (Keystone Health), სადაც 2008 წლიდან ვმუშაობ და ჩემი მეორე ოჯახია. ამ გზაზე არაერთი გამოწვევა, სწორედ აქ, ამ კოლექტივის მხარდაჭერით გადავიტანე. ამდენი ხანი აქ იმიტომ შემოვრჩი, რომ ძალიან მიყვარს ეს არაჩვეულებრივი ხალხი, მეც მაფასებენ და ერთად ბევრ რამეს მივაღწიეთ. 15 წელიწადში ამ პატარა ქალაქში ძალიან თანამედროვე და კარგად ორგანიზებული კლინიკა ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი უდიდესია ამერიკაში და არა მგონია, ასეთ გეოლოკაციაზე სხვაგან მსგავსი იყოს. ამით ძალიან ვამაყობ!

— რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამერიკულ კლინიკურ სისტემაში?

— 2000 წელს ჩამოვედი მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან. მახსოვს ერთჯერად ხელთათმანებს ვხარშავდით და მეორედ ისე ვიყენებდით. აქ ჰოსპიტალი ჰოსპიტალს ჰგავდა, დანადგარები, კომპიუტერები, ინტერიერი ყველაფერი ახალი და გამართული, ჰიგიენასა და მედიკამენტებზე საუბარიც ზედმეტია. ექიმი, რეზიდენტი, დოქტორანტი, ექთანი თუ სოციალური მუშაკი ერთ გუნდად შეკრული უვლიან პაციენტებს. ექიმებს უდიდეს პატივს სცემენ და ენდობიან. ეს იგრძნობა ყველგან, კლინიკაში თუ გნებავთ ქუჩაში. თუ იციან, რომ ექიმი ხარ, აუცილებლად მოგმართავენ როგორც Doctor Mania, და ამ მიმართვაში იგრძნობა შენი პროფესიისადმი უდიდესი პატივისცემა. აქ სწავლა არასდროს მთავრდება. სტუდენტებთან ერთად ზრდასრული ექიმები და პროფესორებიც სულ ახლის ძიებაში არიან. თავიდან ვფიქრობდი, 3-4 წელი დავრჩები ამერიკაში და საქართველოში დავბრუნდები, ჩემს სამშობლოს გამოვადგები-მეთქი. მაშინ ყველა ასე ვფიქრობდით, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს დრო არ არის საკმარისი, თან სხვების კარიერულ ზრდას რომ უყურებ, შენც გინდა, რომ პროფესიულად გაიზარდო, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიო, ასე შემოვრჩი. აქ სულ იზრდები, თუ ბოლომდე იხარჯები და შრომობ, მიუღწეველი არაფერია. 15 წლის წინ რომ გეკითხა, პენსილვანიის ფსიქიატრიული საზოგადოების პრეზიდენტობა ხომ არ გინდაო, გამეცინებოდა, უტოპიაა-მეთქი. არადა, საკუთარი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მთავარი მაინც გამართული სისტემაა. მედიცინაში ეს გადამწყვეტია, ერთი ადამიანი ვერაფერს გახდება, სისტემა უნდა იყოს ეფექტური.

— ბატონო ირაკლი, როგორ იქეცით საქართველოში დაბადებული ექიმი პენსილვანიის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტად?

— ბავშვობიდან ყოველთვის ბუნებრივად ვირგებდი ლიდერის როლს. შეიძლება გენეტიკურიცაა, ეს თვისება ოჯახიდან მაქვს, მამა ფაბრიკის დირექტორი იყო, დედა აფთიაქის გამგე, ბებია სკოლის დირექტორი. ყველაზე მეტად ალბათ ის მეხმარება, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. ყოველთვის სწორი ვექტორი მაქვს. სულ ვსწავლობ, ვვითარდები, ვემზადები, ვმუშაობ და როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდება, ყოველთვის მზად ვარ. რეალურად იღბალი მომზადებულ ადამიანებს სწყალობს. ინტელექტი და სწრაფი ადაპტაციის უნარიც აუცილებელია. კიდევ ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა მიყვარს. ლიდერს წარუმატებლობის მიღება, დაცემის შემდეგ წამოდგომაც უნდა შეგეძლოს და კრიტიკის მოსმენაც. ხანდახან ვხუმრობ, თუ გინდა ბევრს უყვარდე, არ უნდა გახდე ლიდერი, უნდა გახდე ნაყინის გამყიდველი! სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. სულ ვცდილობ სხვებს საკუთარი მაგალითით გავუძღვე წინ, და ეს ძალიან მეხმარება.

— რატომ გახდა ფსიქიატრიის მიმართულება ასეთი პრესტიჟული?

— ძალზე საინტერესო დარგია ფსიქიატრია. სტიგმა თანდათან მცირდება, სტრესიც შემცირებულია. ამიტომ დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანი ირჩევს ამ დარგს, უფრო მეტი, ვიდრე 10-20 წლის წინ. მახარებს, რომ წელს რეკორდულად ბევრი, რვა ქართველი სტუდენტი იყო ჩამოსული ჩემს კლინიკაში „ობზერვშიპის“ (კლინიკური გამოცდილების) გასავლელად. აშშ-ში ფსიქიატრებსა და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებზე უზარმაზარი მოთხოვნაა. ვფიქრობ, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდები, იქ უნდა იყოს ადამიანიც. არ დაფიქრებულხართ, რატომ აქვთ გერმანელებს ტრავმატოლოგია ძალზე განვითარებული? მარტივი ახსნა აქვს, ორი მსოფლიო ომი და უამრავი ტრავმები გამოიარეს. დღევანდელ მსოფლიოში ფსიქიატრიაა ასეთი პოპულარული და ეს დარგი ძალიან განვითარდება. ცხადია, რომ ფსიქიატრების საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, ვინც ამ გზას აირჩევს, აუცილებლად წარმატებული იქნება. ასე რომ, დაფიქრდით.

— ისეთი წარდგინება გაუკეთეთ ფსიქიატრიას, მეც დავფიქრდი…

— აქ ხუმრობენ, ფსიქიატრია ახალი დერმატოლოგიააო. დერმატოლოგიაზე ყოველთვისაა მოთხოვნა, რადგან მათ შედარებით იოლი სამუშაო გრაფიკი და უკეთესი ცხოვრების ბალანსი აქვთ. ახლა ფსიქიატრიაში მოხვედრა გართულდა და ძალიან დიდი კონკურსია.

— იზოლაცია ფსიქიატრიის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაზარდა დიაგნოზების რიცხვი?

— დაახლოებით 3-4 წლის წინ ამერიკის Surgeon general-მა იზოლაციის ეპიდემია დაადასტურა და ექვსპუნქტიანი გეგმა შემოგვთავაზა. „კოვიდმა“ ეს პრობლემა უფრო გამოაჩინა. ცივილიზაცია ვითარდება, მაგრამ ხალხი უფრო ჩაიკეტა. თითქოს არ გვჭირდება ერთმანეთი. სოციალური მედია პირად ურთიერთობებს ანაცვლებს და ხელს უწყობს იზოლაციას, რაც ინდივიდუალიზმს ზრდის. ჩვენს ბავშვობაში რასაც მხოლოდ გაზეთში წაიკითხავდი ან რადიოთი გაიგებდი, ახლა სოციალური მედიიდან ვიგებთ. ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი მოედინება: ყველა უბედურება, ცუნამი, მიწისძვრა, წყალდიდობა თუ სხვა ტრაგედია დეტალურად ვიცით. ჩვენი ტვინი ამხელა სტრესს ვეღარ უძლებს. ცხოვრება ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ქალაქში ცხოვრება უფრო ძნელია, მეტი სტრესია, ფსიქიატრიული აშლილობის სტატუსიც მაღალია, ვიდრე სოფლად. ახლა ყველგან ქალაქია… ამიტომაც გაიზარდა ფსიქიატრიულ აშლილობათა მქონეთა რაოდენობა. ეს თანამედროვეობის გამოწვევაა.

— ახლა ფსიქიატრიული დაავადებების მიმართ სტიგმაც ნაკლებია და ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. ბევრი აღარ უფრთხის ექიმთან ამ ჩივილებით მისვლას. ესეც ხომ არ ზრდის ფსიქიატრიული დიაგნოზების რაოდენობას?

— ფსიქიატრების მიმართ ნდობა გაიზარდა. დარწმუნდნენ, რომ თუ ექიმთან მოვლენ, დავეხმარებით. ადრე სახლში იტანჯებოდნენ, ახლა უფრო ხშირად მოდიან და ამიტომ რიცხობრივად მოიმატა დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების წილმა, თუმცა რთულია ითქვას, რომ თავად დაავადება უფრო ხშირია დღეს.

— მაინც რა არის ფსიქიატრიის ყველაზე დიდი გამოწვევა?

— რა თქმა უნდა, ნარკომანია, ამერიკაშიც, საქართველოში და მსოფლიოშიც. ამერიკაში ყველას პირზე აკერია ოპიოიდების ეპიდემია (ოპიოიდური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ამერიკის სერიოზული პრობლემაა და ფარმაცევტულ კომპანია „პერდუ ფარმას“ უკავშირდება. მათი კამპანიის შედეგია, რომ ოპიოიდი ოქსიკონტინი, რომელსაც ადრე მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებში ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად მოიხმარდნენ, ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მას ნიშნავდნენ ზურგის თუ თავის ტკივილის დროსაც. გაიზარდა ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, რასაც მოჰყვა ქუჩურ ნარკოტიკზე მოთხოვნის ზრდა. „პერდუ ფარმას“ დაჰბრალდა ოპიოიდური ეპიდემიის გამოწვევა, ამიტომაც დაეკისრა მილიარდობით დოლარის ჯარიმა, რომელიც ყოველწლიურად ხმარდება ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლას). მდგომარეობა უმძიმესია. იმაზე მეტი ადამიანია ამერიკაში დაღუპული ზედოზირებით, ვიდრე ბოლო ორ საუკუნეში ყველა ამერიკის მიერ წარმოებული ომის დროს. იმაზე მეტი, ვინც ოდესმე დაღუპულა ავტოავარიაში. ყოველ წელს 100 000-ზე მეტი ნარკომომხმარებელი! ამ სტატისტიკას ჩანაცვლებითი და პრევენციული თერაპიები უნდა დავუპირისპიროთ.

— საქართველოში ცოტა სხვანაირი მიდგომაა, ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას ამკაცრებენ…

— მე რაც მესმის, არ მომწონს, მაგრამ ღრმად ჩახედული არ ვარ. აქ ფენტანილი უდიდესი პრობლემაა. სახელმწიფო ცდილობს და იბრძვის, რომ არ შემოიტანონ, მაგრამ ეს ბრძოლა დიდად წარმატებული არაა, რადგან ჰეროინზე ბევრად ძლიერი და იაფია. ამიტომ სახელმწიფომ ფსიქიატრებზე გადმოიტანა ამასთან გამკლავების ტვირთი. თანხის ნაწილი, რითაც აქამდე ძალოვან უწყებებს აფინანსებდნენ, ახლა მკურნალობასა და პრევენციაში იხარჯება. გარდა საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლების კამპანიის და მედიკამენტ „ნარკანის“ (ნალოქსონის) ურეცეპტოდ გაცემისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში ასევე შეიქმნა ე.წ. უსაფრთხო მოხმარების ოთახები (safe injection sites). ნარკომომხმარებელს იქ მისვლის არ ეშინია, მიაქვს საკუთარი ნარკოტიკი, მისცემენ ახალ ნემსს, თუ ფოლგას, მოსაწევ მილს. ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ გარკვეული დრო იქვე რჩება, აკვირდებიან, თუ ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, სახლში დაბრუნდება. წინააღმდეგობრივი საკითხია, თითქოს ნარკომანებს ერთგვარად ხელს უწყობენ, მაგრამ როცა სიცოცხლის გადარჩენაა სასწორის პინაზე, უნდა გადაარჩინო.

— ახლა საქართველოში ისეთივე მიდგომაა, როგორიც იყო ნიქსონის დროს (war on drugs) 70-იანების ანტინარკოტიკული კამპანია ძალიან მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებისთვის. როგორ შეიცვალა ამერიკაში მიდგომა ნარკოდამოკიდებულების მიმართ? დრომ აჩვენა, რომ მხოლოდ სიმკაცრე არ შველის?

— ამერიკაში ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომა 10-20 წლის წინ შეიცვალა. დისკუსია ახლაც გრძელდება. ჩემი აზრით, ნარკოდამოკიდებულება არ უნდა ისჯებოდეს. „War on drugs“ წაგებული ბრძოლაა. ამერიკის მიერ ამაზე გამოყოფილ ბიუჯეტზე გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს ნარკობიზნესს. სრულად ვერ მოსპობ ამ პრობლემას, არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეეწინააღმდეგო ან ხელი შეუწყო მოხმარებას, მაგრამ ნარკომომხმარებლები უნდა გადავარჩინოთ!

— რა როლი აქვთ ფსიქიატრებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში?

— ძალიან დიდი, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც ამერიკული ორგანიზებული ფსიქიატრიაა. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ საზოგადოებას და კანონმდებლებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. ნარკოტიკების თემა რომ გავაგრძელოთ: მაგ. ფსიქიატრიული ასოციაციის პროფესიული აზრია, რომ მარიხუანას სამედიცინო მოხმარება არასწორია. ზოგ შტატში კი ამომრჩევლები და მათი ზეწოლით კანონმდებლები მის სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზაციას ცდილობენ. მაგალითად, პენსილვანიაში თუ ადამიანს შფოთვა აქვს, შეუძლია აიღოს სერტიფიკატი, რომ მარიხუანას მომხმარებელია. სამედიცინო საზოგადოებები, ფსიქიატრიული თუ ნევროლოგიური ასოციაციები ვუხსნით, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. აშშ-ის კონტროლირებადი ნივთიერებების კლასიფიკაციით არსებობს ხუთი კატეგორია. პარადოქსია, მაგრამ მარიხუანა მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, რომელსაც სამედიცინო გამოყენება არ გააჩნია და დამოკიდებულებას აჩენს, ის ჰეროინთან ერთად პირამიდის თავშია. კოკაინიც კი მეორე კლასის ნივთიერებაა, რაღაც ტიპის სამედიცინო გამოყენება მაინც აქვს. მესამე კატეგორიაშია ნივთიერებები, რომელსაც სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, მაგრამ მაინც საფრთხილოა. ამიტომაა საჭირო ორგანიზებული ფსიქიატრია. უნდა არსებობდეს ორმხრივი ურთიერთობა კანონმდებლებსა და ორგანიზებულ ფსიქიატრიულ თუ სხვა პროფესიულ ორგანიზაციებს შორის, რათა მოხდეს სწორი ინფორმაციის მიწოდება. ასე შეიძლება შეცდომების თავიდან არიდება. ხანდახან ჩვენ მოგვმართავენ აზრისთვის, ხან ჩვენ ვაქტიურობთ, თუ რომელიმე კანონპროექტს ვეწინააღმდეგებით.

— ბევრი ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებული მხოლოდ სუსტი ნებისყოფის ადამიანები ხდებიან. რა როლი აქვს დოფამინს დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში?

— ამერიკაშიც არაა ერთიანი აზრი, რომ ეს თავის ტვინის დაავადებაა და არა ქცევითი პრობლემა, ან სუსტი ნებისყოფა. ამ აზრის განმტკიცებას ბევრი დრო, შრომა და დიდი ძალისხმევა დასჭირდება. დოფამინს რაც შეეხება, ვეცდები მარტივად ავხსნა ეს რთული თემა. თავის ტვინის ლიმბურ სისტემაში გვაქვს უბანი, სახელად ნუკლეუს აკუმბენსი. ეს სიამოვნების ცენტრია, ყველაფერი, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, ამ ბირთვს უკავშირდება. ჩვეულებრივ, სიამოვნების კომპონენტი შეიძლება იყოს სექსი, საჭმელი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო ან სხვა რამ. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, მეცნიერ ნორა ვოლკოვს აქვს ჰიპოთეზა, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ბირთვში დოფამინის საკმარისი რეცეპტორები არ აქვთ. ამიტომ სიამოვნებას ადამიანურ ურთიერთობებში ვერ იღებენ და ნარკოტიკი მათი „საწყისი“ სიხარულის წყაროდ იქცევა. დამოკიდებულება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესების დაწყვილებით წარმოიქმნება. ორგანიზმი ფიზიკურად საჭიროებს ამ ნივთიერებას და რეცეპტორები დროთა განმავლობაში იკლებს. ვოლკოვის ჰიპოთეზით, მათ სჭირდებათ ზეზღურბლოვანი სტიმულაცია, რომ სიამოვნება განიცადონ. ალბათ, ასე იწყება ნარკოდამოკიდებულება. არის სხვა მოსაზრებაც: თავიდან არ ჰქონდა ადამიანს ეს ნაკლებობა. რაიმე მიზეზით დაიწყო მოხმარება და მერე ფიზიკურად გახდა დამოკიდებული. ამ ნივთიერებებს, ნიკოტინის ჩათვლით, ასე მარტივად ვერ გადააგდებ. რა ხდება მერე? ამ ნივთიერებებს რომ იღებ, დოფამინის მოზღვავებაა და სიამოვნებასაც იღებ. ეს ფიზიოლოგიურია, როცა ჭარბი ნეიროტრანსმიტერი (რეცეპტორები) განიცდიან დაქვეითებას, განლევას, მერე წლები სჭირდება, რომ მათ საწყისი მდგომარეობა დაიბრუნონ. სიტუაცია აქაც იმ პირველ შემთხვევას ემსგავსება. ჩაკეტილი წრეა.

— ბავშვობის ტრავმა და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, როგორიცაა PTSD, ზრდის დამოკიდებულების რისკს. თუ ვაკავშირებთ დოფამინის რეცეპტორების განლევას დამოკიდებულებასთან, არის თუ არა ეს კავშირში ბავშვობის ფსიქოტრავმებთან?

— დამოკიდებულება ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, ვინც ხშირ ტრავმებს განიცდიან. მაგ, ომიდან დაბრუნებულებს ხშირად აქვთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და შემდგომ ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან. ყველაზე მეტ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს სწორედ ვეტერანთა ასოციაციაში ვხვდებოდი. თუმცა არ ვიცი, ეს პრობლემა ტრავმის გამოა, თუ სტრესის ფონზე გაჩენილი დამოკიდებულების ფონი, რომელიც შემდგომ დოფამინზე ახდენს ზეგავლენას. ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. თუ პაციენტი შვებას ვერ პოულობს, მერე იწყებს ნარკოტიკით ან ალკოჰოლით „მკურნალობას“, რეცეპტორები განილევა, ტვინი ავადდება და დამოკიდებულება ვითარდება.

— დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ და სიმსუქნის ეპიდემიის ფონზე კვებით დამოკიდებულებაზეც უნდა გკითხოთ, იმავე მიზეზით ჩნდება?

— ამერიკაში ჭარბწონიანობის ეპიდემია ზუსტად იმ მექანიზმით მუშაობს, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის დამოკიდებულება. მაგ, ძალიან მარილიან ან შაქრიან სუპერფუდებზე დამოკიდებულება. ერთი საინტერესო დაკვირვებაც, glp-1 agonists, როგორიცაა ოზემპიკი ვხმარობთ სიმსუქნის და დიაბეტის შემთხვევებში და რა აღმოვაჩინეთ? ადამიანს მედიკამენტი წონის დასაკლებად დავუნიშნეთ და უცებ ალკოჰოლს შეეშვა. ახლა სერიოზულად იკვლევენ, რომ ეს ჯგუფი შესაძლოა ნარკოდამოკიდებულებასაც შველის. ჯერჯერობით, დამაჯერებელი კვლევები არ არსებობს, მაგრამ თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს და თან ნარკოდამოკიდებულებას ვებრძვით, ხშირად ამ ჯგუფს ვუნიშნავთ.

— საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მოსაგვარებლად ფსიქოლოგებთან დადიან სამკურნალოდ და თვლიან, რომ ფსიქიატრმა მხოლოდ დანიშნულება უნდა მისცეს. როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა?

— საქართველოში ადამიანები ფსიქიატრთან წამლის გამოც არ მიდიან, მიდიან ნევროლოგთან. კი ორივე ტვინს ვმკურნალობთ, მაგრამ ნევროლოგია უფრო სტრუქტურულ დარღვევებს, პარკინსონს, შაკიკს და სხვ. ფსიქიატრია უფრო გონებას, გუნება-განწყობილებას, ხასიათს. სტიგმაა, რომ თუ ფსიქიატრთან მიდიხარ, ესე იგი, გიჟი და გადარეული ხარ. მიდგომა უნდა შეიცვალოს, ფსიქიატრიული პაციენტი ფსიქიატრთან უნდა მიდიოდეს. ნევროლოგთან „ნევროზის“ სამკურნალოდ მისვლა არასწორია, არასწორია, არასწორია!!! ეს ლოზუნგები უნდა იყოს ყველგან. აქ ეს არ ხდება. ფსიქოლოგია/ფსიქიატრია აქაც ერევათ და საქართველოშიც. ფსიქიატრია არის სამედიცინო სფერო. ფსიქიატრი ექიმია, რომელსაც სრული სამედიცინო განათლება აქვს, ამ პროფესიას 10 წელი სწავლობდა. ფსიქოლოგი არაა ექიმი. მას შეუძლია ფსიქოთერაპევტული მეთოდებით მკურნალობა, მაგრამ წამლის გამოწერის უფლება არ აქვს. თუ ადამიანს აქვს საშუალება ნახოს ფსიქიატრი, უნდა მივიდეს მასთან, ის ჩამოაყალიბებს მკურნალობის გეგმას, სადაც შეიძლება შედიოდეს წამლის გამოწერა, ან ფსიქოთერაპევტთან გაგზავნა, ან ორივე. ცუდია, რომ საქართველოში ფსიქიატრები პაციენტებს მუდმივად არ, ან ვერ აკვირდებიან. ეს ქრონიკული დაავადებებია, ისინი ევოლუციას განიცდიან, მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.

— შედარებით ახალ მიმართულებაზე ინტერვენციულ ფსიქიატრიაზეც უნდა გკითხოთ, რამდენად ეფექტურია ტრანსკრანიალური მაგნიტური ნეიროსტიმულაცია რეზისტენტული დეპრესიების დროს?

— ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია ჩემი საყვარელი მკურნალობის მეთოდია. ტმს-ს ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ და ამ დარგის ექსპერტად ვითვლები. ვარ კლინიკური ტმს-ის მსოფლიო საზოგადოების წევრი და ვიცნობ ბევრ სხვა ექსპერტს. ამერიკაში ეს მეთოდი ძალზე გავრცელებულია. დანარჩენი მსოფლიო ჯერჯერობით ჩამორჩება, მაგრამ ეს პროცედურა ნელ-ნელა ევროპაშიც ფეხს იკიდებს. ამ ეტაპზე ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას ყველაფრის სამკურნალოდ ვერ გამოვიყენებთ. ვფიქრობ, რაც უფრო დაიხვეწება ეს ტექნოლოგია, მით უფრო ფართო სპექტრის დაავადებებს მოიცავს. ყველა ფსიქიატრიული დაავადება თავის ტვინში „ცხოვრობს”. ეს ინსტრუმენტი კი შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინის ნებისმიერ უბანს არაინვაზიურად მივწვდეთ და მასზე ვიმოქმედოთ. რაც მეტი მკურნალობის საშუალება იარსებებს ფსიქიატრიაში, მით უკეთესი შედეგები გვექნება. აქამდე მედიკამენტი და ფსიქოთერაპია იყო მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, თუმცა ეს სია იზრდება.

— მაშინ რატომ არ იქცა ტმს ოქროს სტანდარტად?

— ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფასია. ერთი კურსის ჩატარების ღირებულება საშუალოდ 15 ათასი დოლარია, რაც ფსიქიატრიისთვის ძალიან ძვირად ღირებული მკურნალობაა. დაზღვევა აფინანსებს მკურნალობას, თუმცა უმეტესად მხოლოდ რეზისტენტული დეპრესიის შემთხვევებში. ამიტომაც არსებობს ცრუ წარმოდგენა, რომ ეს მეთოდი მხოლოდ რეზისტენტული დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. რიგ შემთხვევაში, ის შესაძლოა პირველადი მკურნალობაც იყოს დეპრესიის წინააღმდეგ. ამ მკურნალობის უპირატესობა არის მისი სპეციფიკურობაც. ნებისმიერ ფსიქიატრიულ მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები. ტმს მოქმედებს მხოლოდ ტვინის კონკრეტულ უბანზე და სისტემური გვერდითი მოვლენები არ აქვს. ეს მეთოდი შფოთვების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, თამბაქოს მოხმარებისა და ნარკოტიკული დამოკიდებულების დროსაც კი გამოიყენება. რომ დავუბრუნდეთ მაგნიტური სტიმულაციის შედარებას მედიკამენტურ მკურნალობასთან, მახსენდება მნიშვნელოვანი მაგალითი. 2006-2010 წლებში ჩატარდა ცნობილი STARD კვლევა (Sequenced Treatment Alternatives to Relieve Depression): ათასობით პაციენტს ალგორითმით ერთმანეთის მიყოლებით მისცეს ანტიდეპრესანტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რომ ყოველი შემდგომი მედიკამენტი წინამორბედზე ნაკლებად ეფექტური იყო. 4 მედიკამენტის სრული კურსის არაეფექტურობის შემდეგ, ალბათობა, რომ შემდეგი მედიკამენტებით შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, ძალიან მცირდება და ასეთი შანსი ნულს უახლოვდება. დღესდღეობით, სანამ პაციენტთან მაგნიტურ სტიმულაციას დავიწყებთ, მას სულ მცირე 4 მედიკამენტი უნდა ჰქონდეს გამოცდილი, რომ მკურნალობა დაუფინანსონ. მკურნალობის შემდეგ ასეთ თითქოს უიმედო პაციენტთა 60%-ს სიმპტომები საგრძნობლად შეუმცირდათ. 40%-ს სრული რემისია აქვს და ყველა სიმპტომი ქრება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი მომავალში ოქროს სტანდარტი გახდება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ტიპის ნეირომოდულაციის მეთოდები, თუმცა დღესდღეობით ტმს საუკეთესოა. ტმს შეიძლება იყოს პირველი რანგის თერაპია; შედარებისთვის, კეტამინოთერაპია ვერასოდეს იქნება პირველი რანგის. ის მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენო, როცა მკურნალობის სხვა რესურსი ამოწურულია.

— ფსიქიატრია ბევრისთვის, მათ შორის სტუდენტებისა და ექიმებისთვის ასოცირდება მძიმე პაციენტთა კოჰორტასთან, რთულად საკომუნიკაციო პაციენტებთან და იმ ფსიქოლოგიურ სტრესთან, რომელსაც მათთან ურთიერთობისას განიცდი. რამდენად სწორია ეს სტრეოტიპული შეხედულება ფსიქიატრიის მიმართ და თავად როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

— ჩემს არჩევანს ერთი წუთითაც არ ვნანობ. უნდა იცნობდე საკუთარ თავს, თუ არ გაქვს ადამიანების მიმღებლობა და უნარი მიიღო ისეთებად, როგორებიც არიან, არ უნდა გახდე ფსიქიატრი. ჩემს პაციენტებში მკვლელებიც არიან, ნარკომანებიც, მძარცველებიც, მაგრამ მე ეს ხელს არ მიშლის. მთავარია სწორი არჩევანი გააკეთო. დღეს ჩვენ ვართ ეფექტურები. ჩემს პრაქტიკაში ბევრი პაციენტი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ვერც შეამჩნევ, რომ პრობლემა აქვთ, ცხოვრობენ, მუშაობენ, ზოგიერთი დიდ თანამდებობაზეც. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, მადლიერი პაციენტების ყოლა დიდი სტიმულია. მე დიდი ხანია ვმუშაობ, ამიტომ მყავს პაციენტების ორი უკიდურესი კატეგორია: დიდი ხნის პაციენტები, რომელთაც პერიოდულად ვხვდები და ვესაუბრები. ყველა მათგანს კარგად ვიცნობ, თუ პრობლემა უჩნდებათ, უცბად მოვეხმარები და სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებენ. პაციენტების მეორე ჯგუფს შეადგენენ ადამიანები, ვისაც მოვლილი და ნანახი ჰყავთ ყველა და ბოლოს ჩემთან მოდიან. მათთან მუშაობა გაცილებით რთულია, მაგრამ აქაც ძალიან ბევრს ვშველი და ესეც დიდი სტიმულია. სხვამ ვერ უშველა, შენ მოეხმარე და მათი მადლიერებაც ასმაგია. რასაკვირველია, ყველას ვერ დაეხმარები, მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია.

— საუბრის მიწურულს გვიამბეთ ფსიქიატრთა ასოციაციასა და ორგანიზებულ ფსიქიატრიაზე? — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია უძლიერესი და უძველესი – 185 წლის წინ დაარსებული ორგანიზაციაა, მას ვერც შევადარებ ევროპის ორგანიზაციებს. ჩათვალეთ, რომ ეს არის მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია, 40 ათასი წევრით, თითოეულის საწევრო გადასახადი 1.500-2.000 დოლარია. გვყავს ლობისტები, კომიტეტები, ვინც კანონმდებლობას ადევნებენ თვალს. ეს ნორმალურია, კანონმდებლებს არ ესმით ფსიქიატრია, ლობისტები მუშაობენ სენატორებთან, ჩვენ კი მათ ვაძლევთ რჩევებს. ამასთან ერთად შეხვედრებსა და კონფერენციებზე განვიხილავთ სიახლეებს, ამიტომ აქ სიარული ყველასთვის, მით უფრო ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა. აქ ხვდებიან ახალ კოლეგებს, ცვლიან მოსაზრებებს, იღებენ საჭირო რჩევებს, ერთვებიან საინტერესო კვლევაში და სხვა უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ. საინტერესო ლექციებს ვატარებთ, სიახლეებიც ყველა წევრს მისდის. განსხვავებული პროგრამები გვაქვს, შენ ნარკოლოგიით ხარ დაინტერესებული, ვიღაცა ბავშვთა ფსიქიატრიით, მათ აქვს საერთო ჯგუფები და ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას. ჩვენ ფსიქიატრებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს ყველაფერში ვუჭერთ მხარს, ესაა ორგანიზებული ფსიქიატრია და მისი არსებობა ყველა ქვეყანაში აუცილებელია.

ზუგდიდის პატარა ქუჩებიდან დაწყებული გზა ფილადელფიის პრესტიჟულ კლინიკამდე, ირაკლი მანიასთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ შინაგანი მოგზაურობაცაა. ის დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანს საკუთარი მიზნის არ ეშინია. ასე რომ, ვინ იცის, იქნებ ეს კლინიკა მხოლოდ ერთ-ერთი გაჩერებაა ამ გზაზე.

მკურნალობა მხოლოდ წამლები და პროცედურები არ არის, ამბობს ირაკლი. ყოველთვის უნდა თანაუგრძნო ადამიანს და უთხრა: „მე შენ გვერდით ვარ”, როცა ეს სიტყვები გულწრფელია, მაშინ იწყება ნამდვილი განკურნებაც…

ავტორი: ლევან ალავიძე; ფოტო: კიკალა სტუდიო

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები