ორსულობისას ანემია ახალშობილის ტვინის მოცულობის შემცირებას იწვევს. მეცნიერების დაკვირვებით, ეს ცვლილება მოძრაობასთან, სწავლასა და ემოციების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკვანძო რეგიონებს აზიანებს. ლონდონის სამეფო კოლეჯისა და კეიპტაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა 300-ზე მეტ დედასა და მათ ჩვილზე დაკვირვება აწარმოა. ბავშვების ტვინის სკანირება სამი თვიდან ორ წლამდე პერიოდში რამდენჯერმე განხორციელდა.
მონაცემების თანახმად, ანემიის მქონე დედების ჩვილებში ტვინის საერთო მოცულობა საშუალოდ 4%-ით ჩამორჩება იმ ახალშობილების ტვინის მოცულობას, რომელთა დედებსაც ანემია არ აღენიშნებათ. მეცნიერების აზრით, ორსულებში ანემიის მსუბუქი ფორმასაც კი, შესაძლოა, ჩვილზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. კვლევის მთავარი ავტორი ჯესიკა რინგშოუ განმარტავს, რომ სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელი და ანემიის მქონე დედების შვილებს შორის ტვინის მოცულობის სხვაობა კიდევ უფრო იზრდება.
მაგალითად, 12 თვის ასაკში ანემიის მქონე დედების ჩვილებში ტვინის ერთ-ერთი საკვანძო უბანი ნორმას 4%-ით ჩამორჩება, 24 თვისთვის კი ეს მაჩვენებელი 6%-ს აღწევს. მკვლევრის შეფასებით, ბავშვები ამ სხვაობას ვერ ინაზღაურებენ და განვითარების შეფერხება თავისით არ სწორდება. შესაბამისად, 6 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ტვინის განვითარებაში დაფიქსირებული ჩამორჩენა უკვე თვალსაჩინო კოგნიტიურ პრობლემებში გადაიზრდება.
დღესდღეობით ანემია, რომელიც ძირითადად რკინის დეფიციტს უკავშირდება, მსოფლიოში ორსულთა მესამედზე მეტს აწუხებს. შესაბამისად, გლობალური ჯანდაცვის ექსპერტები ორსულობის პერიოდში ანემიის სკრინინგის აუცილებლობას ითხოვენ. საინტერესოა, რომ კვლევისას მეცნიერებმა სრულიად ახალი, პორტატიული MRI სკანერები გამოიყენეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Brain Communications-ში გამოქყვენდა.
წყარო: The Guardian

