ასაკის მატებასთან ერთად, ქრონიკული დაავადებების რიცხვიც იზრდება, რის გამოც ადამიანებს ხშირად უწევთ რამდენიმე მედიკამენტის პარალელურად მიღება. მედიცინაში ამ მოვლენას პოლიფარმაცია ეწოდება და ის, როგორც წესი, 5 ან მეტი წამლის ერთდროულ, რეგულარულ მოხმარებას გულისხმობს. მართალია, თითოეული პრეპარატი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ინიშნება, თუმცა მედიკამენტების დიდი რაოდენობით კომბინირება ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სხვადასხვა აქტიური ნივთიერების ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციაში შესვლამ შესაძლოა არა მხოლოდ შეასუსტოს მკურნალობის ეფექტურობა, არამედ მძიმე გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ხანდაზმულებში, რომლებიც ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად, ხშირად თვითნებურად იღებენ ურეცეპტო პრეპარატებსა თუ საკვებ დანამატებს.
ჟურნალ JAMA-ში (The Journal of the American Medical Association) გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ში ხანდაზმულების უმეტესობა რეგულარულად მოიხმარს როგორც რეცეპტიან, ისე ურეცეპტო წამლებსა და საკვებ დანამატებს. კვლევამ აჩვენა, რომ 2021-2023 წლებისთვის ე.წ. პოლიფარმაციის (5 ან მეტი მედიკამენტის ერთდროული მიღება) მაჩვენებელი გაიზარდა და რეცეპტით გასაცემი წამლების შემთხვევაში 62-დან 85 წლამდე ასაკის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეეხო.
მკვლევრებმა 2015-2016 და 2021-2023 წლების მონაცემები შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ მართალია, რეცეპტით გასაცემი წამლებისა (84%) და საკვები დანამატების (დაახლოებით 66%) მოხმარების საერთო მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, თუმცა ურეცეპტო პრეპარატების გამოყენება 60.1%-დან 55.1%-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების რისკის მქონე მედიკამენტების ერთდროული მიღების საერთო მაჩვენებელმა იკლო, 2021-2023 წლების მონაცემებით, ყოველი მეხუთე ხანდაზმული კვლავ იმყოფება წამლების სერიოზული და საშიში ურთიერთქმედების რისკის ქვეშ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხანდაზმულებში რისკის შემცველი კომბინაციების ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს ანტიდეპრესანტები (7.21%), სტატინები (5.23%) და ანტიაგრეგანტები (4.47%) წარმოადგენს. ავტორები ხაზს უსვამენ ანტიდეპრესანტების ერთდროული მოხმარების საშიშროებას, რადგან ის სეროტონინული სინდრომისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სერიოზული გართულებების (მათ შორის, არითმიების) განვითარების ალბათობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ექსპერტები მოუწოდებენ სამედიცინო საზოგადოებას, ხანდაზმულებში დეპრესიის მართვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ოპიოიდური ანალგეტიკებისა და ბენზოდიაზეპინების ურთიერთქმედების რისკის მქონე კომბინაციებში გამოყენების შემცირება. თუმცა, პარალელურად დაფიქსირდა კუნთების რელაქსანტების მოხმარების ზრდა. ავტორების ვარაუდით, სწორედ მიორელაქსანტების რისკის შემცველი კომბინაციები შეიძლება უწყობდეს ხელს ხანდაზმულებში მედიკამენტების უნებლიე ზედოზირებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მატებას. დასკვნის სახით, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პოლიფარმაციისა და მედიკამენტების ურთიერთქმედებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, ჯანდაცვის ინიციატივები (მათ შორის, ე.წ. Deprescribing — არასაჭირო მედიკამენტების ამოღების/მოხსნის პრაქტიკა) სწორედ იმ რისკ-ჯგუფებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ხანდაზმულებში ყველაზე ფართოდ გამოიყენება.
წყარო: JAMA

