23-24 ოქტომბერს საქართველოს კარდიოლოგთა მე-10 კონგრესი გაიმართა, რომელიც ამავდროულად კარდიოლოგთა საზოგადოების დაარსების 35-ე წლისთავსა და დარგის ინსტიტუციად ჩამოყალიბების 80 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
ღონისძიების ფარგლებში, XX საუკუნის მიწურულიდან დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ექიმებს აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გულნარა ჩაფიძის სახელობის ჯილდოები გადაეცათ. ერთ-ერთი მათგანია კარდიოლოგი, პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე, რომელმაც მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის მედალი ნომინაციაში — „დამსახურებული კარდიოლოგი“ — მიიღო.
80-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ კარდიოლოგიაში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებისა და თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ ბატონმა ვახტანგმა ჩვენს კითხვებს უპასუხა.
ბატონო ვახტანგ, ბოლო 35 წლის განმავლობაში რა იყო ის მთავარი გარდატეხა, რამაც ქართული კარდიოლოგიის განვითარება და მისი დღევანდელი სახით არსებობა განაპირობა?
ეს 35 წელი ჩვენ, ფაქტობრივად, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან მყარი ხიდის მშენებლობას დავუთმეთ, რათა მათი პროგრამების სრულფასოვანი ნაწილი გავმხდარიყავით. აქტიურად ვესწრებოდით მათ კონფერენციებს, რათა უშუალოდ გაგვეზიარებინა და დაგვენერგა თანამედროვე კარდიოლოგიის მთავარი იდეოლოგია. ეს იყო პრინციპული გარდატეხა იმ გამოცდილებასთან შედარებით, რაც საბჭოთა პერიოდიდან მოგვყვებოდა.
მე თავად ვიყავი იმ დიდი ცვლილებების მოწმე, თუ როგორ იცვლებოდა ძველი მიდგომები, როგორ ვნერგავდით ინოვაციურ — ინვაზიურ თუ არაინვაზიურ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, დღევანდელი ქართველი კარდიოლოგების თაობა სრულიად განსხვავებულია როგორც პროფესიონალიზმის, ისე მენტალიტეტისა და გლობალური ხედვის თვალსაზრისით.
რა ძირითადი ინოვაციები და სამედიცინო მიდგომები გახდა გადამწყვეტი პაციენტთა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებისა და კარდიოვასკულური სიკვდილიანობის შემცირების პროცესში?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ინტერვენციული კარდიოლოგიის დანერგვა და ქირურგიული მკურნალობის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. ამასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა კლინიკურმა კვლევებმა და თანამედროვე ფარმაკოლოგიური მიდგომების დანერგვამ. ყველაფერი ეს მთავარ მიზანს ემსახურებოდა — შეგვემცირებინა საქართველოში კარდიოვასკულური სიკვდილიანობა.
დღეს უკვე კონგრესზეც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინფარქტით გამოწვეული სიკვდილიანობა 25%-დან 7%-მდე შემცირდა. ეს მსოფლიო მასშტაბითაც დიდი წარმატებაა და, კონკრეტულად, ჩვენს რეალობაშიც. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები — განსაკუთრებით ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის მკურნალობისა და დაავადებათა პრევენციის მიმართულებით, რაც ჩვენგან დამატებით ძალისხმევასა და პროგრესს მოითხოვს.
რა იქნება თქვენი გზავნილი ახალგაზრდა კოლეგებისთვის და რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანად მათ სამომავლო განვითარებაში?
აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდა ექიმებით. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბდა რამდენიმე თაობა, რომლებიც გამორჩეულად აქტიურები არიან. მათი განათლების მასშტაბი, ისევე როგორც ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში — იქნება ეს კლინიკური თუ ექსპერიმენტული კარდიოლოგია — ძალიან ფართო და მრავალმხრივია.
მათ გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე თავის დროზე ჩვენ გვქონდა და ეს სრულიად ნათელია. დიდი იმედი მაქვს, ამ რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებენ, რათა ქართული კარდიოლოგია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ის სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან მათში ვხედავ დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას.

