ევოლუციური შეუსაბამობის თეორია: რატომ ვართ ავად თანამედროვე ცხოვრებაში?

გააზიარე

ფსიქოთერაპევტად მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია იმის დანახვის შესაძლებლობა, თუ როგორ ვიქცევით ჩვენივე პრობლემების მიზეზად. სირთულეები, რომლებსაც ვაწყდებით, ხშირად თვით-საბოტაჟის შედეგია და მათთან გამკლავება საკუთარ სურვილებთან ბრძოლას, ყოველი იმპულსისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. წონის დაკლება, ვალებისგან გათავისუფლება, კარგი სამსახურის პოვნა თუ ბედნიერი ურთიერთობების შენარჩუნება – ეს ყველაფერი გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად მყისიერი სურვილების გადადებას მოითხოვს.

სურვილების გადავადება, ანუ „სიამოვნების გადადება“, ათასწლეულების განმავლობაში სასარგებლო ტაქტიკა იყო. მაგრამ გონივრული კითხვა ჩნდება: რატომ გვიწევს თანამედროვე ცხოვრებაში დინების საწინააღმდეგოდ ცურვა? რატომ ვეჩეხებით ხშირად პრობლემებს, როდესაც ჩვენს ინსტინქტებს მივყვებით?

ევოლუციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი იდეა „ევოლუციური შეუსაბამობაა“. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი განვითარდა ისეთ გარემოში, რომელიც ძალიან განსხვავდება დღევანდელისგან. შედეგად, ჩვენი ტვინი, სხეული და ინსტინქტები ცუდად არის მისადაგებული თანამედროვე გარემოსთან.

რამდენად დიდია ამის მნიშვნელობა? განა ადამიანური ბუნების განმსაზღვრელი ნიშანი არ არის მისი ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციის უნარი? პასუხია: კი და არა. დიახ, ჩვენ გვაქვს საოცარი უნარი, გავუმკლავდეთ ახალ პრობლემებს, ვითანამშრომლოთ გადაწყვეტილებების მოსაძებნად და შევქმნათ ტექნოლოგიები მათ განსახორციელებლად. ამავე დროს, ანთროპოლოგების შეფასებით, ადამიანის გენეტიკა და ანატომია თითქმის უცვლელი დარჩა დაახლოებით 100 000 წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ ვცხოვრობდით მომთაბარე მონადირე-შემგროვებელთა მცირე ტომებში; სოფლის მეურნეობა მხოლოდ 10 000 წლის წინ განვითარდა, ცივილიზაციები კი – 5 000 წლის წინ.

თანამედროვე გარემო, ჩვენი უმცირესი ნაწილის გარდა, არ არის ის, რისთვისაც ადამიანები ევოლუციურად შევიქმენით. გენეტიკური ადაპტაციები, რომელთაც ათობით ათასი წელი სჭირდება, ვერ ეწევა ქალაქებში ცხოვრების ტემპს, მით უმეტეს ტექნოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს, რომლებიც ერთი თაობის განმავლობაში დრამატულ ფერისცვალებას განიცდის. სწორედ ეს შეუსაბამობაა მრავალი თანამედროვე პრობლემის მთავარი მიზეზი.

ალბათ ყველაზე თვალსაჩინო გავლენა ჩვენს წელის გარშემოწერილობაზეა. მარილის, ცხიმებისა და შაქრის შემცველი საკვების დიდი რაოდენობით მიღების ინსტინქტი ადამიანებს უმეტესი ისტორიის განმავლობაში გადარჩენაში ეხმარებოდა, როდესაც შემდეგი კვება გარანტირებული არასდროს იყო. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც კალორიები იაფია და სადაც მეცნიერები მთელ კარიერას უძღვნიან იმას, რომ საკვები „ზეგემრიელი“ გახადონ – ანუ ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე ბუნებაში ნაპოვნი ნებისმიერი საკვები. ეს ხელოვნური პროდუქტები ხელს უშლის ორგანიზმის უნარს, დაარეგულიროს მადა, რაც ართულებს მხოლოდ ერთი კარტოფილის ჩიფსის ან ორცხობილის შეჭმას. სიმსუქნე, რომელიც ადრე იშვიათი იყო, ახლა მსოფლიოს ბევრ ნაწილში არასრულფასოვან კვებას უსწრებს, როგორც კვებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანი პრობლემა.

პაემნების (და შეწყვილების) სფეროც ამოუცნობლად შეიცვალა. სწორი სექსუალური პარტნიორის პოვნის ძლიერი სურვილი აუცილებელი იყო მაშინ, როდესაც დაახლოებით 150 ადამიანისგან შემდგარი ტომები დაუნდობელ სამყაროში ერთად იბრძოდნენ. მაგრამ იმ დროს, პოტენციური პარტნიორების რაოდენობა მცირე იყო. ახლა ჩვენ გვაქვს მოწყობილობები, რომლებიც ათასობით ადამიანთან გვაკავშირებს. შედეგად, პროცესი ხშირად გრძელდება და დამთრგუნველი ხდება – ცხოვრების ფაზა, რომელიც ხასიათდება არჩევანის პარალიზებით, ისეთი შეურაცხმყოფელი ქცევებით, როგორიცაა „გოსტინგი“ (უპასუხოდ გაუჩინარება) და მუდმივი შფოთვით, რომ ჩვენი ნამდვილი სულიერი მეგობარი მხოლოდ ერთი “ასქროლვის” მოშორებითაა.

დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების მზარდი მაჩვენებლები ასევე შეიძლება ევოლუციური შეუსაბამობის პრიზმაში დავინახოთ. მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრება მუდმივ თანამგზავრობას, ხელით შრომას (როგორიცაა საკვების პოვნა ან თავშესაფრის აშენება) და ტრადიციებით, რიტუალებითა და სულიერი აზრით მდიდარ თემებს მოიცავდა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ყველაფერს სავალდებულოს ნაცვლად არჩევითად აქცევს. შედეგად, ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს სხვებისგან მოწყვეტილად, სრულფასოვანი შრომისა და საზრისის გარეშე. ამ კონტექსტში განხილული, ცუდი განწყობა არ არის ტვინის არასწორი მუშაობა, არამედ სიგნალი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვაკლია ადამიანური გამოცდილების მნიშვნელოვანი ასპექტები.

ამ ხარვეზებთან გამკლავებისთვის, ზოგიერთი ჩვენგანი ტექნოლოგიებს უბრუნდება. ისევე, როგორც “ჰიპერგემრიელი” საკვები ექსპლუატაციას უწევს ჩვენს უძველეს მადას, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა, როგორიცაა ChatGPT და Replika, დაიწყეს ჩვენი ღრმა სწრაფვის ექსპლუატაცია აზრის, სოციალური და რომანტიკული კავშირების მიმართ. ხელოვნური ინტელექტის კომპანიები თვითონაც გაკვირვებული არიან იმით, თუ რამდენად ემოციურად ეკიდებიან ადამიანები მათ პროდუქტებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩატბოტებმა შეიძლება კვებონ ფსიქოზისკენ მიდრეკილი ადამიანების ბოდვები და პარანოიდული აზრები.

ეს არ ნიშნავს, რომ კაცობრიობისთვის სწორი გზა შორეულ წარსულში დაბრუნების მცდელობაა. მონადირე-შემგროვებლები არ ცხოვრობდნენ უტოპიურ ჰარმონიაში. ამის ნაცვლად, მე ვარაუდობ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ფიზიკური და ფსიქიკური სირთულეების ნამდვილი ახსნა ის არის, რომ სამყარო ისე განვითარდა, რომ ჩვენი ბიოლოგია ვერ დაეწია განვითარებაში. თუ საკუთარი ცხოვრების გაანალიზებისას არ გაითვალისწინებთ ამ შეუსაბამობას და საკუთარი თავისგან მაღალეფექტური მანქანის მსგავსად მუშაობას მოვითხოვთ, ეს ღრმა თვითკრიტიკასა და წყენას გამოიწვევს. დღესდღეობით, წონის დაკლების შეუძლებლობით გამოწვეული იმედგაცრუება, უაზრო სამუშაო და თანამედროვე ქალაქების მარტოობა შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ინდივიდუალური წარუმატებლობა.

ამასთან, თუ გავიაზრებთ, თუ რისთვის ვართ ევოლუციურად შექმნილნი, შევძლებთ ჩვენს პრობლემებს უფრო მკაფიოდ და მეტი თანაგრძნობით შევხედოთ. ეს გვიბიძგებს უკეთესი და ინფორმირებული გადაწყვეტილებებისკენ. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს იმპულსების ვერ გაკონტროლების გამო ვლანძღავდეთ, შეგვიძლია ეს ევოლუციური შეუსაბამობის პრიზმაში დავინახოთ და სასარგებლო გზებზე დავიწყოთ ფიქრი. ასეთი გადაწყვეტილებები შეიძლება მარტივი იყოს, მაგალითად: არაჯანსაღი საკვების სახლიდან გატანა, სოციალური მედიის აპლიკაციების წაშლა ან ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა.

პრობლემის გადაჭრის უფრო რთული გზები კი მოითხოვს, რომ უკან დავიხიოთ და მთლიანი სურათი დავინახოთ. საზოგადოება, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა და აზრიანი ცხოვრება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპონენტებია და ასეთად დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიას გამოვიგონებთ ან რა კულტურული ტენდენციები გამოჩნდება. ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და არა არჩევით დანამატად, პოტენციურად ცხოვრების შემცვლელი სავარჯიშოა. და ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება არა იმიტომ, რომ რაღაც გვჭირს, არამედ იმიტომ, რომ უცნაურ დროში აღმოვჩნდით.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები