აქტიური დიალოგი პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებაზე – მოქმედების ძიებაში

გააზიარე

დღევანდელ ეპოქაში, როდესაც სამედიცინო სფეროს პროგრესი ხშირად წინ უსწრებს იმ ინსტიტუციურ სტრუქტურებს, რომლებიც ამ ცვლილებების მხარდასაჭერად არის შექმნილი, მაღალკვალიფიციური ექიმების ეფექტური მომზადების გზების განსაზღვრა უმნიშვნელოვანეს კლინიკურ იმპერატივად იქცა. პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება უშუალოდ ასახავს ამ დინამიკას და მოითხოვს ბალანსის პოვნას, ერთი მხრივ, უახლეს სამეცნიერო მიღწევებსა და მეორე მხრივ, ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებს, პოლიტიკასა და პაციენტის რეალურ საჭიროებებს შორის.

სწორედ ამ კლინიკური და სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად გაიმართა GAMS-UEMS სიმპოზიუმი თბილისში, რომელიც მიეძღვნა პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ღონისძიება მიზნად ისახავდა ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებასა და საქართველოს პროგრესს ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

ფსიქიატრის, UEMS-ის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცრის, დოქტორი მარკ ჰერმანსის უნიკალური პერსპექტივა ამ დელიკატურ გამოწვევას განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს. ინტერვიუში ის განმარტავს, რომ არსებითი და მდგრადი ცვლილება ნაკლებად მიიღწევა ხმამაღალი განცხადებებით და მეტად – მტკიცე, ფრთხილი და თანმიმდევრული რეფორმის გზით. ის ხაზს უსვამს ევროპის მასშტაბით სამედიცინო მართვის მრავალფეროვან მიდგომებსა და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის აუცილებლობას. დოქტორი ჰერმანსი ასკვნის, რომ ჭეშმარიტი პროგრესი მომდინარეობს მოთმინებიდან, გულწრფელი საუბრიდან და ორმხრივი პატივისცემიდან, ნაცვლად ნაჩქარევი ადმინისტრაციული ქმედებებისა ან “ზემოდან” დაწესებული მანდატებისა.

როგორ თანამშრომლობს UEMS ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა სამედიცინო განათლების რეფორმები და პროფესიული განვითარება პრიორიტეტულ საკითხებად იქცეს იმ ქვეყნებში, სადაც საგანმანათლებლო სისტემებში სტრუქტურული ხარვეზებია? კონკრეტულად, რა მექანიზმებით უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომ ამ რეგიონების სამედიცინო სპეციალისტთა კვალიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს?

ეს ოფისი UEMS-ის სტრუქტურაში დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ორგანიზაციაში სხვა თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ, სწორედ ეს პოზიცია დავიკავე. ჩვენი საქმიანობის კონტექსტის სრულად გასაგებად, აუცილებელია იმის აღიარება, რომ ევროკავშირის მასშტაბით სამედიცინო განათლების რეფორმის სფერო დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა პოლიტიკური ყურადღების მიღმა.

UEMS მუდმივად ისწრაფვოდა პოლიტიკის შემქმნელებთან დისკუსიაში აქტიური ჩართულობისკენ, რათა სისტემაში ღირებული წვლილი შეეტანა. თუმცა, ჯანდაცვის საკითხების ევროკავშირის დღის წესრიგში მტკიცედ ინტეგრირება ისტორიულად რთულ გამოწვევად რჩებოდა. 

შემდეგ COVID-19-ის პანდემიამ შეიძლება ითქვას რომ “გამოგვაღვიძა”. მან გამოააშკარავა ერთიანი ევროპული ჯანდაცვის პოლიტიკის არარსებობა და ხაზი გაუსვა ეროვნულ სისტემებს შორის არსებულ მრავალფეროვნებას. ევროკავშირის ყველა ქვეყანა ოპერირებს განსხვავებული სასწავლო პროგრამებით, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელებითა და პროფესიული როლებით. ფუნდამენტური განსხვავებებია იმაშიც, თუ როგორ იღებენ განათლებას და როგორ ერთვებიან პირველადი ჯანდაცვის ექიმები სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპას ტრადიციულად მაღალი სტანდარტები ჰქონდა, ჩვენ ვხედავთ საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელოვან ორმხრივ გაცვლას, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, და ახლახან უკრაინაც კი, ითვისებენ ღირებულ დასავლურ ინოვაციებს, საკუთარი, ეროვნული მოდელების ძლიერი მხარებიის შენარჩუნებასთან ერთად.

მიუხედავად აღნიშნულისა, UEMS შორს არის პოლიტიკურად ძლიერი სტრუქტურისგან. ჩვენ არ გაგვაჩნია არც პოლიტიკური კავშირი და არც ფორმალური გავლენა. დაახლოებით ორი წლის წინ, UEMS-ის გაფართოებულმა აღმასრულებელმა კომიტეტმა აღიარა ევროპელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროება. მანამდე ევროკომისიასთან გვქონდა მინიმალური კონტაქტი, რომელიც ხშირად ზედაპირული და სიმბოლური იყო. ამიტომ, ჩემი პირველი ამოცანა გახდა ევროპარლამენტის წევრებთან (MEPs) ურთიერთობების აქტიურად ჩამოყალიბება.

თავდაპირველად პოლიტიკოსები ჩვენს მიმართ ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ ამას ქმედითი ნაბიჯები ნაკლებად მოჰყვა. მოწვევები ძირითადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირებული ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა – სფერო, რომელშიც კომპეტენტური ვარ UEMS-ში ჩემი წინა პოზიციებიდან გამომდინარე.

ბოლოდროინდელმა ევროპარლამენტში წვდომის გამკაცრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა, რადგან უსაფრთხოების გამო ამ ეტაპზე საჭიროა სპეციალური მოწვევა და შესაბამისად, შესვლაც შეზღუდულია. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, შევხვდე ევროპარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან ჯანდაცვისა და განათლების საკითხებში – ეს ჩვენი ორი ძირითადი ფოკუს-სფეროა.

UEMS პირდაპირი პოლიტიკური ჩართულობის გარდა, კოლეგების აქტიური ძალისხმევითაც სარგებლობს. მაგალითად, იზაბელ დიუმენი, რომელსაც აქვს კავშირი ევროკომისიასთან და თვალყურს ადევნებს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ასევე, სხვადასხვა ფორუმში მონაწილეობა, მაგალითად, ევროპის ტკივილის ფედერაციის (European Pain Federation) ბოლო ღონისძიებაზე დასწრება, გვეხმარება გავიგოთ ახალი სამეცნიერო მიგნებები და გავზარდოთ ჩვენი ხილვადობა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რასაც ვაწყდები, არის პოლიტიკოსებს შორის გავრცელებული სკეპტიციზმი ჯანდაცვის პროფესიონალების ექსპერტიზის მიმართ. ეს სკეპტიციზმი ჩემთვის განსაკუთრებით ნათელი გახდა პირადი გამოცდილების საფუძველზე: როდესაც ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს ბავშვთა ფსიქიატრების ნაკლებობის საკითხზე ვესაუბრე, მან ჩათვალა, რომ ჩემი წუხილი თვითინტერესით იყო ნაკარნახევი. მე კი ვუპასუხე, რომ მომლოდინეთა სიაში მყოფი ბავშვების მშობლებისგანაც იგივეს მოსმენას შეძლებდა, ამრიგად, პრობლემა მხოლოდ პროფესიას კი არა, უშუალოდ პაციენტებს ეხებოდა.

სამწუხაროდ, ეს ინციდენტი ხაზს უსვამს უფრო ფართო გამოწვევას: პოლიტიკის შემქმნელები ხშირად არ ენდობიან ან სრულად ვერ იზიარებენ ჯანდაცვის საზოგადოების წინაშე არსებულ რეალობას. ამის ფონზე, პაციენტებს და მათ ოჯახებს გაცილებით დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკოსებზე, რადგან ისინი უშუალოდ ამომრჩევლები არიან.

სწორედ ამ დაკვირვებამ გადააწყვეტინა UEMS-ს, გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროპის პაციენტთა ფორუმთან (EPF). მიუხედავად იმისა, რომ EPF ძირითადად მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, რეგულირებაზე მუშაობს და ნაკლებად ფოკუსირდება ექიმთა სწავლებაზე, მათთან ერთად მუშაობა აძლიერებს ჩვენს ერთობლივ გავლენას სამეცნიერო მტკიცებულებების მიწოდების გზით.

UEMS განსხვავდება ზოგიერთი ინდუსტრიული დაფინანსების მიმღები ჯგუფისგან: ჩვენ თავისუფალი ვართ ასეთი ფინანსური კავშირებისგან, რაც ინარჩუნებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და ერთგულებას შემდეგი საკითხების მიმართ: პოსტდიპლომური განათლება, უწყვეტი პროფესიული განვითარება, პრაქტიკის ხარისხი და სტანდარტიზაცია. 

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას UEMS ევროპულ დონეზე სამედიცინო სპეციალისტთა ინტერესების გატარებისას, თუ გავითვალისწინებთ რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემები ასეთი მრავალფეროვანია?

UEMS-ის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი პოზიცია იყოს სათანადოდ გათვალისწინებული ევროპულ ჯანდაცვის სექტორში, სადაც უამრავი კონკურენტული და მებრძოლი ხმაა. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, მკაფიო პრიორიტეტები და მტკიცედ დამკვიდრებული კავშირები. შესაბამისად, ამ რთულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ნავიგაცია, სამედიცინო სპეციალისტების ინტერესების ეფექტური დაცვის მიზნით, კვლავ რთულ ამოცანად რჩება.

ამ გამოწვევას ამძიმებს ევროკავშირში ორი არასაკმარისად დაფინანსებული სფერო: სამედიცინო სპეციალისტთა განათლება/მომზადება და სამეცნიერო კვლევები. სასწავლო პროგრამების დეფიციტი გავლენას ახდენს ჯანდაცვის პროფესიონალთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ფსიქოლოგებსა და ექთნებზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუშაო ძალის დეფიციტს მთელს ევროპაში. გარდა ამისა, ევროპა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ძირითად გლობალურ ჯანდაცვას კვლევით ინიციატივებში. ამ ინიციატივების უმეტესობა შტაბ-ბინას იკავებს შეერთებულ შტატებსა ან აზიაში და ხშირად დიდ ფარმაცევტულ კომპანიებზეა დამოკიდებული. ეს მდგომარეობა პირდაპირ ზღუდავს ევროპის შესაძლებლობასა და გავლენას.

გარდა ამისა, რიგ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემები ხშირად იქცევა პოლიტიკურ “თავშესაფრად” იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც კარიერის დასასრულს უახლოვდებიან. მათ ხშირად სთავაზობენ პოზიციებს საავადმყოფოს გამგეობებში ან სადაზღვევო კომიტეტებში. მართალია, ზოგიერთ მათგანს ფასეული ექსპერტული ცოდნა და სისტემის დახვეწის მოტივაცია გააჩნია, მაგრამ სხვებმა შესაძლოა ეს როლები გამოიყენონ პარტიული მიზნების ან დაკავშირებული კვლევითი ჯგუფების ინტერესების წინ წასაწევად.

პოლიტიკური და ინსტიტუციური სირთულეების ეს შრე ხშირად ახშობს თანმიმდევრულ, ფოკუსირებულ ადვოკატირებას სამედიცინო სპეციალისტების მომზადებისა და უწყვეტი განვითარების საკითხებზე. 

ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიზისული სიტუაციები ხშირად მნიშვნელოვანი რეფორმის კატალიზატორებად გვევლინება.

პაციენტები სულ უფრო ხშირად იქცევიან ცვლილებების ძლიერ აგენტებად, რადგან მათი ხმა უფრო დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკოსებზე. UEMS ცდილობს ეს დადებითი იმპულსი გამოიყენოს პოლიტიკისა და დაფინანსების პრიორიტეტების შესაცვლელად. ამას ის ახერხებს პაციენტთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და იმის დემონსტრირებით, თუ რა არსებითი როლი აქვს სამედიცინო სპეციალისტებს ხარისხიანი მოვლის მიწოდებაში.

როგორ უმკლავდება UEMS ჯანდაცვის სამუშაო ძალის მიგრაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც განათლების აღიარების დონე დაბალია (მაგალითად, საქართველოდან)? კონკრეტულად, რა მექანიზმებით უზრუნველყოფს ორგანიზაცია ამ სპეციალისტებისთვის თანაბარ შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციის სათანადო შეფასებას?

ჯანდაცვის სექტორში სამუშაო ძალის მიგრაცია ევროკავშირის მასშტაბით აღიარებული და კომპლექსური გამოწვევაა, რომელიც არაერთმა კვლევამ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა დაადასტურა.

მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საქართველო დაასახელა, როგორც მიგრირებადი სამედიცინო სპეციალისტების ერთ-ერთი წამყვანი “წყარო” ქვეყანა. ეს ფაქტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან საქართველოში, მისი შედარებით მცირე ზომის მიუხედავად, აკრედიტირებული სამედიცინო სასწავლებლების უჩვეულოდ მაღალი სიმჭიდროვეა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი სწრაფი ზრდა შეშფოთებას იწვევს როგორც კლინიკური სწავლების შესაძლებლობების, ისე ზოგადად ხარისხის კუთხით. შესაბამისად, ქართველი სამედიცინო სპეციალისტები, რომლებიც საზღვარგარეთ (ხშირად გერმანიის მსგავს ქვეყნებში) ცდილობენ პროფესიული პრაქტიკის გაგრძელებას, შეზღუდვებს აწყდებიან მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციების სრულად აღიარების კუთხით.

ეს ვითარება არ არის უნიკალური საქართველოსთვის. ევროკავშირის შიგნით, სამედიცინო დიპლომები ტექნიკურად აღიარებულია წევრ ქვეყნებს შორის, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და ისლანდიაში. თუმცა, სამედიცინო ხარისხის აღიარება ყოველთვის არ იძლევა უპირობოდ პრაქტიკის უფლებას. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში სავალდებულო მოთხოვნაა ადგილობრივი ენების ცოდნა, რაც ხშირად გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის.

ბელგიაში, სადაც მე ვმუშაობ ფლამანდიური აღიარების კომიტეტში ფსიქიატრებისთვის, ენობრივი გამოწვევები განსაკუთრებით მწვავეა. მხოლოდ ბრიუსელში წარმოდგენილია 180-ზე მეტი ეროვნების პროფესიონალი.

ჩვენ ვიღებთ განაცხადებს კანდიდატებისგან, რომლებსაც არ აქვთ ადგილობრივი ენების (ჰოლანდიური, ფრანგული და გერმანული) თავისუფალი ფლობის უნარი. ეს კი აფერხებს როგორც მათი კომპეტენციის ეფექტურ  შეფასებას, ისე პაციენტზე ხარისხიან ზრუნვას.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები ხშირად წარმოადგენენ ძლიერ აკადემიურ რეკომენდაციებს მშობლიური ქვეყნებიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ლიცენზირების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოები გადაწონის მათ აკადემიურ კვალიფიკაციას.

მიგრაციის საკითხები ასევე ვრცელდება სამედიცინო სტუდენტებზე. ბელგია, მაგალითად, ზღუდავს ახალი სამედიცინო სტაჟიორების რაოდენობას ყოველწლიურად, კვოტების დაწესებით ჰოლანდიურენოვანი და ფრანგულენოვანი კანდიდატებისთვის. ამ ლიმიტების გამო, წარმატებული გამოცდის შედეგებიც კი არ იძლევა სწავლის გაგრძელების გარანტიას.

სტუდენტების დიდი ნაწილი გვერდს უვლის ამ შეზღუდვებს: ისინი სწავლობენ სხვა ქვეყნებში (მაგალითად, რუმინეთში) და მოგვიანებით ბრუნდებიან სამშობლოში პრაქტიკის გასაგრძელებლად, რაც თავის მხრივ დამატებით მარეგულირებელ გამოწვევებს წარმოქმნის.

მიგრაციის ტენდენციები, როგორც წესი, მოიცავს მოძრაობას ცენტრალური ევროპიდან გერმანიის ან ავსტრიის მსგავს ქვეყნებში, საფრანგეთიდან ფრანგულენოვან კანადაში და ჩრდილოეთ ევროპიდან ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია ან შეერთებული შტატები.

ამ შესამჩნევი ნაკადების მიუხედავად, UEMS-ს არ აქვს უფლებამოსილება, რომ გააკონტროლოს მიგრაცია ან სტაჟიორთა რაოდენობა ცალკეულ სამედიცინო სპეციალობებში. 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევებმა შეისწავლა ჯანდაცვის მუშაკების საწყის ქვეყნებში “შესანარჩუნებელი” სტიმულები (მაგალითად, უკეთესი ანაზღაურება ან სამუშაო პირობები), ასეთი ინიციატივები დიდწილად განუხორციელებელი რჩება.

საქართველოსთვის ფინანსური სარგებელიც თამაშობს როლს: საერთაშორისო სტუდენტები უფრო მაღალ გადასახადს იხდიან, რაც უნივერსიტეტებს შემოსავლით უზრუნველყოფს და ადგილობრივ ეკონომიკას აძლიერებს. ამის გამო, რთული ბალანსი იქმნება ადგილობრივი სტუდენტების შენარჩუნებასა და საერთაშორისო სტუდენტების მიღების პრაქტიკას შორის.

UEMS-ის სამოქმედო პრინციპებიდან ერთ-ერთია რეალურად განხორციელებადი პროექტების შემუშავება, ნაცვლად აბსტრაქტული იდეებისა. შეგიძლიათ განავრცოთ რა იგულსიხმება კონკრეტულად ამ პრინციპის ქვეშ?

როდესაც პროფესორი ვასილიოს პაპალოისი საუბრობს რეალურ პროექტებზე, ის გულისხმობს ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებსაც UEMS აქტიურად იწყებს და ბოლომდე ახორციელებს. მაგალითად, UEMS ამჟამად ატარებს გამოცდებს სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობაში, რათა მოახდინოს სწავლების ხარისხის სტანდარტიზება და ამაღლება. ამ კონკრეტული მიღწევების წარმოსაჩენად, UEMS-ის მომავალი კონგრესი დაგეგმილია 2026 წელს ლუვენში.

ვასილიოსს აქვს პრაქტიკული, ხმელთაშუაზღვისპირული მიდგომა, რომელიც მისი ქირურგიული გამოცდილებით არის ჩამოყალიბებული. მას მიაჩნია, რომ UEMS-მა უნდა აჩვენოს მკაფიო, ხილული შედეგები. ეს ისეთივე ხელშესახები უნდა იყოს, როგორც, მაგალითად, პაციენტის თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება ტრანსპლანტაციის შემდეგ.

ეს მიდგომა გარკვეულწილად კონტრასტშია ევროპულ პოლიტიკურ გარემოსთან, სადაც ხილვადობადა თავდაჯერებულობა გავლენის მთავარი გასაღებია და ზოგჯერ რეალურ შედეგებზე მეტადაც კი ფასდება.

ისტორიულად, ევროპელი ექიმების მუდმივი კომიტეტი (CPME) უფრო პოლიტიკურად აქტიური იყო, ვიდრე UEMS. ისინი სარგებლობდნენ ევროკომისიასთან დამყარებული ძლიერი კავშირებით. მათმა მიდგომამ გააერთიანა ბრიტანული პრაგმატიზმი გერმანულ თავდაჯერებულობასთან – პოლიტიკის შემქმნელებისთვის ისე ჩანდა, თითქოს CPME-ის პროექტები და ხმა შეუცვლელი იყო.

UEMS კი, ამის საპირისპიროდ, ტრადიციულად უფრო მოკრძალებული იყო, რადგან მისი ფოკუსი ყოველთვის კლინიკურ მუშაობასა და ექიმთა ორგანიზაციის საწყისებისკენ იყო მიმართული, და არა უშუალოდ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისკენ. მართალია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს „დიდი ხმა“ ან აშკარა პოლიტიკური გავლენა, მაგრამ ეს უპირატესობასაც გვაძლევს: ჩვენ ვახერხებთ, ნაკლებად “ხმაურიანი”, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ, რომელიც ექსკლუზიურად კლინიკურ ექსპერტიზას ეფუძნება.

იმ ქვეყნებში, სადაც საგანმანათლებლო სისტემა სუსტია, რა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების სფეროში რეალური, შესამჩნევი ცვლილებები განხორციელდეს?

პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ფსიქიატრიულ სწავლებაში დამკვიდრებული ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომ იმოქმედო ნელა და დაიწყო დაბალი დოზებით (Go Low, Go Slow). ეს ნიშნავს, რომ რეფორმის დანერგვა უნდა დაიწყოს პატარა, ქმედითი ნაბიჯებით და ძალისხმევა გაიზარდოს თანდათან, შედეგების ფრთხილი და უწყვეტი მონიტორინგის პარალელურად. 

რეფორმის დაგეგმვისას, სამედიცინო პროფესორებმა, ლექტორებმა და პოლიტიკოსებმა უნდა გაიხედონ ზედაპირულ შთაბეჭდილებებს მიღმა. აუცილებელია სხვა ქვეყნების მონახულება, რათა მათი წარმატებული გამოცდილება და უკუკავშირი გაიზიარონ. ამასთანავე, რეფორმების დანერგვამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების მზადყოფნის, ფაკულტეტის სათანადო მომზადებისა და ინფრასტრუქტურის შეფასება. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამთავრობო საგანმანათლებლო დეპარტამენტებთან ჩართულობა, განსაკუთრებით იმ უწყებებთან, რომლებიც ზედამხედველობენ ფინანსურ ასპექტებს. ამ ჩართულობის გარეშე, რეფორმები შესაძლოა ფრაგმენტული და არაეფექტური გახდეს. მაგალითად, როდესაც ზოგადი პრაქტიკოსი ექიმები მუშაობენ პირველად ჯანდაცვის რგოლში, მაგრამ არ გააჩნიათ ოფიციალური აღიარება, როგორც ოჯახის ექიმებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრაქტიკის არათანმიმდევრული დონეები და არასწორი ანაზღაურების პოლიტიკა. ეს ნათელი მაგალითია იმ ხარვეზებისა, რაც ახასიათებს ნაჩქარევად განხორციელებულ რეფორმებს, კომპლექსური დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე.

ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია რეალისტური ვადების დაწესება, ყველა მხარის მზადყოფნის უზრუნველყოფა და ზედაპირული მიდგომების თავიდან აცილება, რომლებიც მხოლოდ პროგრესის იერსახეს ქმნის არსებითი გაუმჯობესების გარეშე.

შეგიძლიათ ისაუბროთ რომელიმე მიმდინარე ან მომავალ ევროკავშირის პროექტზე, რომელიც ფოკუსირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა (CPD) და სამედიცინო კომპეტენციის სტანდარტიზაციაზე?

მოკლედ და გულახდილად რომ გიპასუხოთ: არ ვიცი ამჟამად რაიმე ძირითადი ევროკავშირის პროექტი, რომელიც უწყვეტ პროფესიულ განვითარებას (CPD) და კომპეტენციის სტანდარტიზაციას ყოვლისმომცველი გზით უშუალოდ ეხებოდეს. თუმცა, ერთი აღსანიშნავი მაგალითია Panacea სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაც განსაკუთრებით საინტერესოა. ისინი ატარებენ ტრენინგებს, რომლებიც ჯანდაცვის პროფესიონალებს ეხმარება უკეთ გაიგონ პლაცებოსა და ნოცებოს ეფექტები – მათი მექანიზმები, ამოცნობის მეთოდები და კლინიკური გავლენა. ამ ტიპის ინიციატივა იმედისმომცემია, თუმცა სპეციალისტების ვიწრო წრეების მიღმა შედარებით უცნობი რჩება. 

ევროკავშირის ჯანდაცვის ინიციატივების შესახებ ცნობადობისა და ჩართულობის შემაფერხებელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია წევრი ქვეყნების შეზღუდული ფინანსური წვლილი. ბევრი მათგანი მხოლოდ მოკრძალებულ თანხას (დაახლოებით 300 ევროს ერთ სულ მოსახლეზე წლიურად) დებს ევროპულ ინსტიტუტებში. ბელგიაში, ჩემი კოლეგები ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ არის ასეთი მწვავე კრიტიკა ევროპული პოლიტიკის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოკრძალებული ინვესტიცია იძლევა მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ეფექტურობას, რომელიც ზოგჯერ ეროვნული მთავრობების ეფექტურობასაც კი აღემატება.

რაც შეეხება უწყვეტ პროფესიულ განვითარებას (CPD), ევროკავშირი მხარს უჭერს და აღიარებს მის მნიშვნელობას. თუმცა, ამბიციური ინიციატივები, როგორიცაა პან-ევროპული პროფესიული რეესტრის შექმნა, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა კონფიდენციალურობის რეგულაციებსა და მონაცემთა დაცვის საკითხებს.

პოლიტიკოსები, როგორც წესი, ენდობიან, რომ ექიმები დამოუკიდებლად განაგრძობენ უწყვეტ სამედიცინო განათლებას (CME). მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, ზოგიერთი კოლეგა მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც მიზანსა და რეალურად განხორციელებას/გამოყენებას შორის არსებულ ხარვეზზე მიუთითებს.

ხელსაყრელია UEMS-ის გავლენის რწმენა, მაგრამ რეალურად, პოსტდიპლომურ განათლებაში არსებული გამოწვევების მოგვარება ეროვნული მთავრობების პრეროგატივაა. რა კონკრეტულ რჩევას მისცემდით იმ ქვეყნებს, მათ მოსახლეობას, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, ხელი შეუწყონ მნიშვნელოვან ცვლილებას სამთავრებო დონეზე?

თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ – სამედიცინო განათლებაში არსებული გამოწვევების უმეტესობის მოგვარება პირდაპირ ეროვნული მთავრობების პასუხისმგებლობაა. რადგანაც ეს საკითხები უმეტესად ეროვნულ დონეზე რეგულირდება, რთულია ევროპის მასშტაბით ჰარმონიზაციის მიღწევა ან იმის უზრუნველყოფა, რომ სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებმა ეფექტურად შეძლონ თავიანთი ხმის მიწვდენა და მნიშვნელოვანი რეფორმების ხელშეწყობა. 

რაც შეეხება რჩევას, მირჩევნია ინდივიდებს მივმართო და არა ქვეყნებს. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი ხმა პაციენტებისგან მოდის. პაციენტთა ადვოკატირების მობილიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს პოლიტიკის შემქმნელებზე, რომლებიც საბოლოოდ პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ამომრჩევლებზე.  

კიდევ ერთი პრაქტიკული, თუმცა არაფორმალური, მოსაზრება არის მთავრობის ოფიციალურ პირებთან პირადი კავშირების გავლენა. მაგალითად, დაახლოებით ოცი წლის წინ, ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ჯანდაცვა მკვეთრად გაუმჯობესდა ერთ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ჰყავდა შშმ შვილი. სამწუხაროდ, ასეთმა მიზანმიმართულმა ადვოკატირებამ ხშირად გვერდი აუარა ფსიქიატრიულ მოვლას, რომელსაც არ გააჩნია ისეთი ხელშესახები შედეგები, როგორსაც კარდიოლოგია ან ნეფროლოგია წარმოაჩენენ. მიუხედავად ამისა, ფსიქიატრიის მნიშვნელობა კრიტიკული რჩება.

გავლენიანი საზოგადოებრივი აქტორების, მაგალითად, უნივერსიტეტების ჩართვა, პაციენტთა ჯგუფებთან და მთავრობის მინისტრებთან ერთად, ქმნის ძლიერ კოალიციას. როგორც კი აკადემია და მთავრობა ერთიანდებიან, ინიციატივა იმპულსს იძენს და თითქმის შეუჩერებელი ხდება. ეს სინერგია უკვე თვალსაჩინოა ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი მიმდინარეობს.

გრძელვადიანი სტრატეგიების გარდა, რა პრაქტიკული ნაბიჯების გადაგმა შეუძლია ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს UEMS-ის მხარდაჭერით, რათა გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი და აკრედიტაცია?

პირველი პრაქტიკული ნაბიჯი, ვიტყოდი, არის ჩემი მოწვევა, მოდით მოვაწყოთ ტური საქართველოში. არაფერი ცვლის საკუთარი თვალით ნანახ გამოცდილებას. შორიდან მიცემული რჩევა, როგორიცაა „რატომ არ აკეთებთ ამას?“ ან „იმაზე თუ გიფიქრიათ?“, ნაკლებად არის ეფექტური. ადგილობრივი კონტექსტის ჭეშმარიტი გაგება მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პრაქტიკის დაკვირვებით ჩნდება.

არასოდეს დააკნინოთ მედიცინაში მომუშავე ადამიანების ინტელექტი და ერთგულება – სტუდენტები, ექიმები და პროფესორები. ისინი მზად არიან განვითარებისთვის. თუმცა, გამოცდილება, როგორც წესი, გვიან მოდის, ხშირად მას შემდეგ, რაც  უკვე გადადგმულ ნაბიჯზე ვიწყებთ ფიქრს: „ამას სხვანაირად უნდა მივდგომოდით“.

ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად, ახლახან შევიძინე წიგნი, „ქართველი ერის შექმნა“ რონალდ გრიგორ სუნის მიერ. ვფიქრობდი, რომ ეს დამეხმარებოდა მეტი გამეგო თქვენი ქვეყნის შესახებ. რამაც გამაოცა, ის არის, რომ ნებისმიერი რეფორმის – იქნება ეს განათლებაში თუ ჯანდაცვაში – გავლენა დიდწილად დამოკიდებულია ადგილობრივ რწმენებზე, დამოკიდებულებებსა და ყოველდღიურ პრაქტიკაზე.

მაგალითად, ხორვატიაში იყენებენ ბადეს, რომელიც გადაჭიმულია პაციენტის საწოლზე, მაჯისა და კოჭის საწოლზე დაფიქსირების ნაცვლად. ეს პრაქტიკა ჩემს ხორვატ კოლეგებს გაუკვირდათ, როდესაც მათ ბელგიური მეთოდების შესახებ შეიტყვეს. ეს განსხვავებული მიდგომები წარმოიშობა კულტურული აზროვნებიდან, და არა მხოლოდ სამედიცინო ეფექტურობიდან.

ანალოგიურად, ინტერვენციების აღქმა, იქნება ეს ინექცია თუ ფიზიკური შეზღუდვა, განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს პირადი ან კულტურული გამოცდილების გათვალისწინებით. ერთი ადამიანისთვის სტრესული მიდგომა შეიძლება მეორისთვის იყოს კომფორტის მომტანი.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები