ჯანდაცვის უხილავი ძალა — რატომ უნდა იყოს ექთნების როლი მეტად აღიარებული

გააზიარე

ექთნები ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ, თუმცა მათი წვლილი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ჟურნალ CABI One Health-ში გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ექთნების როლზე „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) გლობალურ მიდგომაში, რომელიც ადამიანის, ცხოველთა და გარემოს ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულებას აღიარებს და მათი დაცვისთვის სხვადასხვა სექტორის ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

ექთნების არსებული როლი „ერთიანი ჯანმრთელობის“ მოდელში

ნაშრომის მიხედვით, ექთნები პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ახორციელებენ ამ მიდგომის ძირითად პრინციპებს — კლინიკური მოვლიდან და ინფექციების პრევენციიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვითა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებით დამთავრებული. თუმცა საექთნო პრაქტიკის ეს მიმართულებები ოფიციალურად არ განიხილება ერთიანი ჯანმრთელობის მოდელის ნაწილად.

„ეს გარემოება ზღუდავს მათ მონაწილეობას მმართველობაში, განათლებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,“ — აღნიშნავს ნაშრომის წამყვანი ავტორი, პროფესორი პაულუ ფერინიო.

ექთნების როლი ეპიდემიისთვის მზადყოფნასა და რეაგირებაში

ექთნები ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში ეპიდემიებისა თუ პანდემიებისთვის მზადყოფნის, დაავადებათა გამოვლენისა და რეაგირების პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი საქმიანობა მოიცავს დაავადებათა ზედამხედველობას, შემთხვევების აღრიცხვასა და მართვას. ამასთან, ეპიდემიებთან ბრძოლის პროცესში ისინი თავადაც ინფიცირებისა და სიცოცხლისთვის საშიში რისკების წინაშე დგანან.

ამის ნათელი მაგალითია 2014–2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ებოლას ეპიდემია, რომლის დროსაც 28 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 11 325 გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2015 წლის მარტისთვის გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში სამედიცინო პერსონალს შორის ებოლას 815 დადასტურებული და სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან, ვისი დაავადების გამოსავალიც ცნობილი იყო, ორი მესამედი გარდაიცვალა.

ავტორების შეფასებით, სასიკვდილო ეპიდაფეთქებების დროს გამოვლენილი ექთნების პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და უნარები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ისინი მომავალი პანდემიის დაწყებამდე უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი მზადყოფნის, ზედამხედველობისა და რეაგირების სისტემებში.

ისტორიული ფესვები

გარემოსა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის გათვალისწინებას საექთნო პრაქტიკაში ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის ჯერ კიდევ ფლორენს ნაიტინგეილის საქმიანობიდან იღებს სათავეს. ყირიმის ომის დროს, ქოლერის განმეორებითი ეპიდაფეთქებების პერიოდში, ნაიტინგეილი პაციენტთა მკურნალობასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდა საავადმყოფოს სანიტარიულ მდგომარეობასა და ჰიგიენას.

„ნაიტინგეილს ესმოდა, რომ საექთნო საქმე მხოლოდ ცალკეული პაციენტის მოვლას არ გულისხმობს და ის მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას სანიტარიაზე, საცხოვრებელ პირობებსა და გარემოზე ზრუნვის გზით. მან იწინასწარმეტყველა ის სისტემური პერსპექტივა, რაც დღეს „ერთიანი ჯანმრთელობის“ საფუძველია,“ — აცხადებს ფერინიო.

რეკომენდაციები და სამომავლო პერსპექტივა

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპები საექთნო განათლების ნაწილიც უნდა გახდეს. სასწავლო პროგრამები უნდა მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ზოონოზური ინფექციები, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები და ანტიმიკრობული რეზისტენტობა.

ამასთან, ექთნების როლის გაძლიერება არ უნდა გულისხმობდეს ისედაც გადატვირთული პერსონალისთვის დამატებითი პასუხისმგებლობების დაკისრებას. ამ პროცესს თან უნდა ახლდეს შესაბამისი უფლებამოსილება, სათანადო ანაზღაურება, სამუშაო რესურსები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რეალური მონაწილეობა.

ექთნების პოტენციალისა და როლის უგულებელყოფა გლობალურ ჯანდაცვის სისტემებს მომავალი ეპიდემიებისა და სხვა კრიზისებისთვის ნაკლებად მომზადებულს ტოვებს. სწორედ ამიტომ, მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ მოდელში აუცილებელია მედიცინის, ვეტერინარიის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების გვერდით.

წყარო: Medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები