დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით მომზადებული ახალი, მასშტაბური ანგარიშის თანახმად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზების რაოდენობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნორმალური ბავშვური ქცევის „მედიკალიზაციით“ საზოგადოება ახალგაზრდა თაობას სერიოზულ ზიანს აყენებს, რადგან მოზარდებს საკუთარი უნარების მიმართ რწმენას უკარგავს და მათ ამბიციებს ამცირებს.
ლონდონის ეროვნული ჰოსპიტლის (National Hospital for Neurology and Neurosurgery) წამყვანი ნევროლოგი, დოქტორი სიუზან ო’სალივანი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს დიაგნოზები არასაჭიროა. ო’სალივანის განმარტებით, ამ პრობლემების სამედიცინო დიაგნოზად ქცევა ხშირად კონტრპროდუქტიულია და შესაძლოა, დიაგნოზის გარეშე მხარდაჭერამ ბევრად უკეთესი შედეგი გამოიღოს.
სპეციალისტები არ უარყოფენ, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სერიოზული ფსიქოლოგიური სირთულეები აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, ამ კატეგორიაში ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმებს უკვე ყოველი მეოთხე აკმაყოფილებს (ნაცვლად ყოველი მეექვსისა, როგორც ეს წარსულში იყო).
2020 წლიდან მოყოლებული, ADHD-ის დიაგნოსტირების მაჩვენებელი „ასტრონომიულად“ გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტენდენციები, ცნობილი ადამიანების საჯარო განცხადებები და ამ თემებისადმი საზოგადოების მზარდი ინტერესი სახელდება. ექიმი ო’სალივანი მოუწოდებს ადამიანებს, სკეპტიკურად შეხედონ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან სრულიად ბუნებრივი ადამიანური მახასიათებლები — დაბნეულობა, ნივთების დაკარგვა ან დროებითი უხასიათობა — მცდარად აღიქმება პათოლოგიად. პროცესს აჩქარებს კერძო კლინიკების ფინანსური დაინტერესებაც. ანგარიში პირდაპირ იძლევა რეკომენდაციას, აიკრძალოს იმ კლინიკების რეკლამები, რომლებიც პაციენტებს უსწრაფეს დიაგნოსტირებას სთავაზობენ.
ნევროლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. “თვითახდენადი წინასწარმეტყველების” (Self-fulfilling prophecy) საფრთხეზე. მისი თქმით, როდესაც მოზარდს ეუბნებიან, რომ მისი ტვინი კონკრეტული დავალებების შესასრულებლად არასწორად არის მოწყობილი, ეს სერიოზულად აზიანებს მის მოტივაციას. იცვლება როგორც ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, ისე სხვების მოლოდინები მის მიმართ.
გარდა ამისა, ექიმი მკაცრად აკრიტიკებს საგანმანათლებლო სისტემაში დამკვიდრებულ მიდგომას, რომელიც ADHD-ის მქონე მოსწავლეებისთვის გამოცდებზე დამატებითი დროის მიცემას ან სპეციალური, იზოლირებული პირობების შექმნას გულისხმობს. ო’სალივანის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკის ეფექტურობას მეცნიერული მტკიცებულებები არ უმაგრებს ზურგს. პირიქით, ეს ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას, ისწავლონ შეზღუდულ დროში მუშაობა და არაკომფორტულ გარემოსთან გამკლავება. შემდგომში, რეალურ და კონკურენტულ სამუშაო გარემოში, სადაც დამსაქმებელი ყველა ინდივიდის საჭიროებას ვერ მოერგება, ასეთი ახალგაზრდები სერიოზული დაბრკოლებების წინაშე დგებიან.
„ჩვენ ვეუბნებით ახალგაზრდებს: თუ ამ დიაგნოზს მიიღებთ, სამყარო თქვენს საჭიროებებს მოერგება. რეალურად კი, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ, როგორ იპოვონ საკუთარი ადგილი და დაძლიონ დაბრკოლებები ამ რთულ სამყაროში“, — აცხადებს დოქტორი ო’სალივანი.
სამედიცინო ჩარევისა და ნეიროგანვითარების დარღვევის იარლიყის მიწებების ნაცვლად, სპეციალისტები გამოსავალს ცხოვრების ჯანსაღ წესში, ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვასა და სტიმულირებადი, ფიზიკურად აქტიური გარემოს შექმნაში ხედავენ. ექიმის თქმით, პრობლემის ძიება მხოლოდ მოზარდების თავის ტვინში არასწორია და საზოგადოებამ მეტი ყურადღება გარემო ფაქტორების გაუმჯობესებას უნდა დაუთმოს.
წყარო: Telegraph

