ახალი კვლევა: კითხვა და წერა დემენციის რისკს 40%-ით ამცირებს

გააზიარე

2050 წლისთვის მსოფლიოში დემენციით მცხოვრებთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 150 მილიონს გადააჭარბებს, რაც გლობალური ჯანდაცვის სისტემებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა.

ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, კითხვა, წერა და უცხო ენების სწავლა ალცჰაიმერის განვითარების რისკს თითქმის 40%-ით ამცირებს. ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებული აღნიშნული კვლევა შემეცნებით აქტივობასა და კოგნიტური უნარების დაქვეითების შენელებას შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს.

კვლევის მიხედვით, ადამიანის მენტალური მდგრადობა ხანდაზმულ ასაკში იმ ინტელექტუალური გარემოს ნაყოფია, რომელშიც ის მთელი ცხოვრების მანძილზე იმყოფებოდა.

1,939 მონაწილეზე ჩატარებულმა რვაწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში ლიტერატურაზე წვდომასა და საგანმანათლებლო რესურსებით დაინტერესებას, ისევე როგორც უცხო ენის შესწავლას.

კვლევის შედეგები დაავადების სიმპტომების გადავადების თვალსაზრისით განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ყველაზე მაღალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე პირებში ალცჰაიმერის სიმპტომები საშუალოდ 94 წლის ასაკში ვლინდებოდა, რაც 6 წლით მეტია პასიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან შედარებით.

მსუბუქი კოგნიტური გაუარესების შემთხვევაში კი სხვაობამ 7 წელი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, პათანატომიურმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ აქტიური გონებრივი ცხოვრების მქონე პირებს სიკვდილამდე ბევრად უკეთესი მეხსიერება და აზროვნების უნარი აქვთ.

ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ დემენცია არ არის დაბერების გარდაუვალი შედეგი. მეცნიერები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, გაზარდონ ინვესტიციები საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით, რადგან ადრეული ასაკიდანვე სწავლისადმი ინტერესის გაღვივება მომავალში მილიონობით ადამიანისთვის დემენციის პრევენციისთვის მიცემული შანსია.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები