ახალი ნორმა — ცხოვრება ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ

გააზიარე

  მსოფლიოში სიმსივნის შემთხვევების  ზრდასთან ერთად, დაავადების ფსიქიატრიული და ფსიქოსოციალური შედეგების ტვირთზე ყურადღების მიქცევა სულ უფრო აქტუალური ხდება. ფსიქიატრიული აშლილობები დაავადების სხვადასხვა ეტაპზე, კიბოთი დაავადებული პაციენტების სულ მცირე 30-35%-ს აწუხებს და განსხვავდება  სტადიისა და მიმდინარეობის მიხედვით. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით პაციენტებზე მოქმედი რამდენიმე ფსიქოსოციალური აშლილობის ეპიდემიოლოგიის შესახებ, როგორც დისტრესის და ტვირთის მიზეზი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული კიბოს მკურნალობაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევით.

   სიმსივნის დიაგნოზის გაგება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტია. მანამდე არსებული ყოველდღიურობა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. დაავადება , მიუხედავად სტადიისა, პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. დაავადებასთან ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის მიუხედავად, ის კვლავ ავთვისებიან პრობლემად რჩება, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ არის აღმოფხვრილი.  GLOBOCAN-ის 2024 წლის მონაცემებით, გლობალური კიბოს ტვირთი მსოფლიოში  20,6  მილიონ ახალ შემთხვევამდე გაიზარდა.

  კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა  ფასდება ობიექტური მაჩვენებლებით — სიმსივნის ზომით, მკურნალობაზე პასუხით, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემებით . თუმცა, ამ ყველაფრის  მიღმა არსებობს პაციენტის ყოველდღიურობა, რომელიც ყოველთვის არ აისახება სამედიცინო ჩანაწერში. დიაგნოზის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს მისი ცხოვრების პრიორიტეტები, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, საკუთარი სხეულის აღქმა, სამუშაო და სოციალური როლები, მომავლის დაგეგმვის უნარი და საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელობის განცდა.

  ონკოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა  გადარჩენადობის მაჩვენებლი. ადრეული გამოვლენა, გაუმჯობესებული ქირურგიული მიდგომა, სისტემური თერაპია, მიზანმიმართული მკურნალობა და იმუნოთერაპია საშუალებას აძლევს სულ უფრო მეტ ადამიანს იცხოვროს კიბოს დიაგნოზის შემდეგ სრულფასოვნად. შედეგად, ონკოლოგთა საქმიანობის  მიზანი მხოლოდ დაავადების კონტროლი ან სიცოცხლის გახანგრძლივება აღარ არის. სულ უფროდაუფრო  მნიშვნელოვანი ხდება პასუხი კითხვაზე: როგორია  ცხოვრება, რომელსაც ადამიანი დაავადებისგან გათავისუფლების  შემდეგ აგრძელებს?

  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დარტყმა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ინდივიდი გრძნობს ცვლილებებს სხეულში, როგორიცაა კვანძის აღმოჩენა, სისხლდენა, ტკივილი, დაბუჟება… ეს ეტაპი ფიზიკური ცვლილებების ზუსტი მიზეზის დიაგნოზირებამდე გრძელდება. ეს ფაზა ცნობილია, როგორც ამოცნობის ფაზა. ექიმთან ვიზიტის დრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მაგალითად, ისინი, ვისაც წარსულში ჰქონდა სიმსივნური დიაგნოზი, დაუყოვნებლივ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. თუმცა, კიბოს დიაგნოზის დასმის შიშის, შესაძლო ფინანსური სტრესისა და საზოგადოების დამოკიდებულების გამო, ზოგიერთი ადამიანი აჭიანურებს ექიმთან კონსულტაციას;   დიაგნოზის დასმის მომენტიდან პაციენტებს უწევთ გაურკვევლობის, მკურნალობასთან დაკავშირებული მოთხოვნების, ფიზიკური ფუნქციონირების ცვლილებებისა და ემოციური დისტრესის გადალახვა. კიბოს დიაგნოზი და მკურნალობა არა მხოლოდ ბიოსამედიცინო მოვლენებია, არამედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სოციალური გამოცდილებაც, რომელიც მნიშვნელოვან ადაპტაციას მოითხოვს. სწორ მკურნალობასთან ერთად განწყობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. 

  ამ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ „ახალი ნორმა“ . იგი სრულებითაც არ გულისხმობს  ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ახალი ნორმა შეიძლება იყოს ადაპტაციის, დაკარგვის, შიშის, იმედის და პიროვნული ცვლილების ერთობლიობა. ზოგიერთისთვის დიაგნოზი შეიძლება გახდეს ცხოვრებისეული შეზღუდვების წყარო, სხვებისთვის — ცხოვრების პრიორიტეტების გადაფასების მიზეზი, ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა ან საკუთარი თავისა და მომავლის ახალი აღქმის დასაწყისი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიაგნოზის მიღება, ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება, პიროვნული ზრდა, სოციალური ურთიერთობების ცვლილება, მომავლის მიმართ დამოკიდებულება და მკურნალობისადმი ნდობა. ამ ფაქტორების ერთობლიობა შესაძლოა განსაზღვრავდეს იმას, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის „ახალი ნორმა“ ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ.

ამ კონტექსტში, ეს კონცეფცია სასარგებლო ჩარჩოს ქმნის კიბოს დიაგნოზის შემდეგ ცხოვრების დასაგეგმად. დიაგნოზამდელ მდგომარეობასთან მარტივი დაბრუნების ნაცვლად, ახალი ნორმა შეიძლება გავიგოთ, როგორც განვითარებადი პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდები ყოველდღიურ ცხოვრებას კიბოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ეგზისტენციალური შედეგების გარშემო აღადგენენ. კიბოს გადარჩენის ადაპტაციის მოდელი ანალოგიურად მოიაზრებს ადაპტაციას, როგორც მიმდინარე პროცესს, რომელიც მოიცავს პირადი კონტექსტის, კოგნიტური შეფასების, მიზნების, ვარაუდებისა და თვითშეფასების ცვლილებებს, ხოლო ცხოვრების ხარისხი ამ სფეროების ურთიერთქმედებიდან გამომდინარეობს.

 ონკოლოგიის ევროპული სკოლა (ESO) ცალსახად აერთიანებს გადარჩენადობას და ცხოვრების ხარისხს თანამედროვე ონკოლოგიურ განათლებაში და ხაზს უსვამს დაავადებისგან  გადარჩენასთან დაკავშირებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ტვირთის მოგვარების აუცილებლობას. ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კლინიკური შედეგები სრულად არ ასახავს კიბოსთან დაკავშირებულ გამოცდილებას. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი რადიოლოგიური პასუხი ან შევიდეს რემისიაში, ამავდროულად განიცადოს  რეციდივის შიში, სხეულის იმიჯის ცვლილებები, ემოციური დისტრესი, სოციალური როლების შეცვლა ან მომავლის შესახებ გაურკვევლობა. 

მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ყველა გამოცდილება განსხვავებულია, შფოთვა ძალიან ხშირია გადარჩენილებში. დეპრესიისგან განსხვავებით, რომელიც, კვლევების თანახმად, ხშირად მცირდება მკურნალობის დასრულების შემდეგ, შფოთვის დონე, როგორც წესი, იგივე რჩება ან  იზრდება. 

JAMA Oncology-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ ფსიქიატრიული თანმხლები დაავადების რისკი შეიძლება გაიზარდოს კიბოს ოფიციალურ დიაგნოზამდე თითქმის ერთი წლით ადრე. ეს დასკვნები შვედეთში 300 000-ზე მეტი კიბოთი დაავადებული პაციენტისა და საკონტროლო ჯგუფად შერჩეული 3 მილიონზე მეტი დაავადებისგან თავისუფალი პირის ეროვნული ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელობით, მკვლევარებმა შეადარეს ხუთი აშლილობის მაჩვენებლები ამ ჯგუფებს შორის: დეპრესია, შფოთვა, ნივთიერებების მოხმარება, სომატური/კონვერსიული აშლილობა და სტრესი/ადაპტაციის აშლილობა. კვლევის ავტორმა, მედიცინის დოქტორმა, კაროლინსკას უნივერსიტეტის სამედიცინო ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის ასისტენტ-პროფესორმა, ფანგ ფანგმა აღნიშნა, რომ პაციენტის კიბოს სპეციალისტთან გაგზავნის შემდეგ გამოკვლევის პერიოდი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს, ამიტომ ფსიქიატრიული პრობლემის პირველი რისკები შეიძლება ემთხვეოდეს კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომების საწყის გამოვლენას. კიბოს დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზრდის ახალი ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს, განსაკუთრებით დიაგნოზის შემდგომ პირველ დღეებსა და თვეებში. რისკი დროთა განმავლობაში თანდათან მცირდება, თუმცა გარკვეული მატება ხანგრძლივად ნარჩუნდება. ეს შედეგები ხაზს უსვამს კიბოს დიაგნოზის შემდეგ პაციენტების ადრეული ფსიქოლოგიური შეფასებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აუცილებლობას.

  სტატიაზე მუშაობისას დავინტერესდი, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში და დავუკავშირდი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, ქ-ნ თამარ კახნიაშვილს. მან მომაწოდა შესაბამისი მასალები და უპასუხა ჩემ მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას. 

1) ქალბატონო თამარ, პირველ რიგში მაინტერესებს რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში, რას გვეუბნება სტატისტიკა ონკო პაციენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 

_ საქართველოს ფსიქო-ონკოლოგთა საზოგადოების თაოსნობით 2019 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში ჩატარდა კვლევა 207 პაციენტზე დაკვირვებით , რომლებიც იმყოფებოდნენ ძუძუს კიბოს აქტიურ მკურნალობაზე. დადგინდა, რომ მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 53 წელი იყო (31-დან 77 წლამდე). დაბალი ფინანსური შემოსავლის მქონე ქალებს (47.6%) აღენიშნებოდათ მეტად გამოხატული დეპრესიული მოვლენები, ვიდრე ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერის მქონეთ( 8.8%).  უმუშევარ ქალებს (28.6%) თითქმის 3-ჯერ უფრო მეტად აღენიშნებოდათ ზომიერი ან მძიმე დეპრესიული სიმპტომები დასაქმებულ პაციენტებთან შედარებით ( 8.7%) .დეპრესიული სიმპტომების მნიშვნელოვანი განსხვავება ასევე დაფიქსირდა განათლების დონის მიხედვით, სადაც უმაღლესი განათლების მქონე პირებმა (10%) ნაკლები დეპრესიული სიმპტომები აღნიშნეს საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით ( 20.4%). 

  კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი კავშირი დეპრესიასა და ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ფინანსური მდგომარეობა, განათლების დონე და დასაქმება. ოჯახის დაბალი შემოსავალი და განათლების დონე განისაზღვრა, როგორც კლინიკური დეპრესიის პროგნოზირების ფაქტორები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. ( უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიის ბმულს_ https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/40078466/ )

2) ყველაზე ხშირად რა პრობლემებთან  გამკლავება უწევს ონკოფსიქოლოგს? 

_ ძირითადი პრობლემები არის დეპრესია ან შფოთვით დეპრესიული მდგომარეობები. დაავადების მიუღებლობა, მკურნალობის შიში- გვერდითი მოვლენების გამო, ცხოვრების ყოველდღიური რუტინის ცვლილების შიში, ფინანსური პრობლემები,რომელიც დაკავშირებულია ძვირადღირებულ კვლევებთან, შემდეგ ეტაპზე დაავადების დაბრუნების შიში… ადრეულ გამოვლენას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან დროულ მიმართვას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს დეპრესიის ეფექტურად მართვაში.

3) არის თუ არა საქართველოში საკმარისი ინტეგრაცია ონკოლოგიურ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს შორის? 

 _ რა თქმა უნდა საკმარისი ინტეგრაცია ჯერ არ არის,სასურველია ყველა ონკოლოგიურ კლინიკას ჰყავდეს სათანადოდ მომზადებული ონკო- ფსიქოლოგი,თუმცა ჩვენი მოღვაწეობის ფარგლებში და დაფინანსების არ არსებობის პირობებში,ვფიქრობ ბევრის გაკეთება მოვახერხეთ, ვაგრძელებთ საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის განვითარებას პაციენტების დასახმარებლად. 

მადლობა ქალბატონ თამარს ინტერვიუსთვის! მასთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი თავად გამეგო თუ რას ფიქრობენ პაციენტები ფსიქოლოგის ჩართულობაზე მკურნალობის პროცესში. ამის გასაგებად, შევადგინე კითხვარი და გამოვკითხე კრისტინა კილის ონკოლოგიის ცენტრის 50 მდე ონკოპაციენტი. 

გამოკითხულთა უმეტესობა(70%) გახლდათ ქალბატონი, ასაკი მერყეობდა 50დან 80 წლამდე. დაავადების აღმოჩენის ისტორია განსხვავდება დიაგნოზის მიხედვით, უმეტესობა ტკივილით ან სისხლდენით გამოვლენილია (60%), პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ გამოვლენილი (20%), თვითგასინჯვით აღმოჩენილი(10%), სხვა (10%). კითხვაზე თუ რამდენხანში მიმართეს ონკოლოგს სიმპტომების აღმოჩენიდან, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა, 70%-მა დაუყოვნებლივ მიმართა კლინიკას, ხოლო 30%-მა თავი შეიკავა ზემოთ განხილული მიზეზებიდან გამომდინარე. გამოკითხულთა უმეტესობის დაავადების თანმდევი შფოთვა და შიში გაქარწყლდა ოჯახის წევრების გვერდში დგომით, ექიმის მიმართ ნდობითა და მკურნალობის მიმართ არსებული რწმენით. რაც შეეხება შეკითხვას, ფსიქოლოგის ჩართვასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაიყო. ხანდაზმულთა უმეტესი ნაწილი არ თვლის მკურნალობაში მათ ინტეგრაციას საჭიროდ, ხოლო ახალგაზრდა პაციენტები მიესალმებიან ამ წამოწყებას. 

 საბოლოოდ, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ,რომ სიმსივნის  დიაგნოზი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გამოწვევაა, რომლის გავლენაც განსაკუთრებით ძლიერია დიაგნოზის ადრეულ პერიოდში და საჭიროებს დროულ ფსიქოონკოლოგიურ მხარდაჭერას. ფსიქოსოციალური საჭიროებების ადრეული ამოცნობა და შესაბამისი მხარდაჭერა ხელს უწყობს პაციენტის ცხოვრების ხარისხის, ემოციური კეთილდღეობისა და მკურნალობის პროცესში ჩართულობის გაუმჯობესებას.

ავტორი: ნინო ბრეგაძე, MD, კლინიკური ონკოლოგიის რეზიდენტი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები