ავსტრალიელმა მკვლევრებმა მსოფლიოში პირველებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ მოქმედებს ახალი პრეპარატი ტვინის ნელა მზარდ სიმსივნეებზე (LGG). ეს რევოლუციური კლინიკური კვლევა ჩატარდა „ტვინის პერიოპერაციული პლატფორმის“, “BrainPOP”-ის, გამოყენებით, რაც პაციენტებს ახალ იმედს უსახავს და პერსონალიზებული თერაპიის შესაძლებლობებს აფართოებს.
კვლევის დეტალები:
LGG სიმსივნეები, რომლებიც უმეტესად ახალგაზრდებს უვითარდებათ, IDH1 გენის მუტაციითაა გამოწვეული. ამ დაავადების სამკურნალო საშუალებები კი ჯერ კიდევ შეზღუდულია. მელბურნის სამეფო ჰოსპიტალის, WEHI-ის და პიტერ მაკკალუმის ონკოლოგიური ცენტრის მკვლევრებმა ახალი პრეპარატი, safusidenib, გამოსცადეს. პაციენტები მას ოპერაციამდე იღებდნენ, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ პრეპარატის ეფექტი პირდაპირ სიმსივნის ქსოვილზე შეეფასებინათ.
ეს პირველი კვლევაა ტვინის სიმსივნეების ისტორიაში, სადაც წამლის ტესტირება და ქირურგიული ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა.
ტვინის სიმსივნეების, მათ შორის LGG-ის მკურნალობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი წლების განმავლობაში უცვლელია. დღესდღეობით, ტრადიციული კვლევები MRI გამოსახულებების გამოყენებით ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, შევაფასოთ წამლის მოქმედება უშუალოდ ტვინის ქსოვილზე.
კვლევამ დაადასტურა, რომ სიმსივნის ნიმუშების შედარება მკურნალობამდე და მის შემდეგ უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი safusidenib-ი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების დიფერენცირებას, ცვლის სიმსივნის მეტაბოლიზმს და მოქმედებს მის მიკროგარემოზე.
პრეპარატი პირველი პერორალური ინჰიბიტორია, რომელიც ოპერაციამდე გამოსცადეს და უშუალოდ მუტაციურ IDH1-ზე მოქმედებს. მან ონკოგენური მეტაბოლიტის 2-HG-ის დონე 88%-ით შეამცირა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დადებითი შედეგები აჩვენა.
ეს კვლევა უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს მიზნობრივი პრეპარატი ტვინის სიმსივნეებზე. ამგვარად, ის პერსონალიზებული თერაპიას ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს. დეტალური ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს, რომ მკურნალობა უფრო ეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური გავხადოთ, რადგან მისი მორგება კონკრეტული სიმსივნის ბიოლოგიაზე იქნება შესაძლებელი.
მომავალი კვლევები safusidenib-ის გრძელვადიან ეფექტებზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი დაავადების პროგრესირებასა და გადარჩენის მაჩვენებელზე. მეცნიერები ასევე გეგმავენ კომბინირებული თერაპიების შემოწმებას, რაც წამლისადმი რეზისტენტობის თავიდან აცილებაში და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
წყარო: nature medicine

