ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კავშირი (UEMS) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 1.7 მილიონზე მეტ სამედიცინო სპეციალისტს ევროპის მასშტაბით. 2025 წლის 16-18 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, საქართველოში გამართა შემოდგომის საბჭოს სხდომა. ღონისძიების მასპინძელი იყო UEMS -ის ასოცირებული წევრი, საქართველოს სამედიცინო სპეციალისტების ასოციაცია(GAMS). ეს ღონიძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროპის სამედიცინო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე თამარ მაჭარაძე გვითხრა, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს სამედიცინო სპეციალისტთა ასოციაცია ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად გახდა ამ დონის შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელი, ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სამედიცინო საზოგადოება უახლოვდება ევროპოულ სტანდარტს, ეს შეხვედრები კი უზრუნველყოფს მომავალი თაობის ექიმების აღზრდას იგივე სტანდარტებით, როგორც ევროპაშია.”
UEMS-ის როლი და მიზნები
UEMS-ის საქმიანობა მიმართულია ევროპაში სამედიცინო სპეციალიზაციის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ. ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში, ხოლო საქმიანობა ხორციელდება აღმასრულებელი კომიტეტის, შესაბამისი სპეციალობების საბჭოების/სექციების და ნაციონალური ევროპული ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით.
ორგანიზაცია შეიმუშავებს ევროპული დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების/განვითარების კრიტერიუმებს 65-ზე მეტ სპეციალობაში, ატარებს ევროპული სტანდარტის გამოცდებს 40-ზე მეტ სპეციალობაში, აკრედიტაციას უწევს სასწავლო ცენტრებსა და უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) პროგრამებს. მისი სტრუქტურა — ევროპული აკრედიტაციის საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის (EACCME) — ყოველწლიურად ამტკიცებს 3,000-ზე მეტ საგანმანათლებლო აქტივობას, რომლის კრედიტებიც აღიარებულია ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში.
16 ოქტომბრის ყრილობის წინა შეხვედრა
საბჭოს სხდომის ოფიციალურ გახსნამდე, 16 ოქტომბერს, გაიმართა GAMS-UEMS სიმპოზიუმი, რომელიც დაეთმო დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას. სიმპოზიუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული ცვლილებების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერას, როგორიცაა საქართველო. სამუშაო ძალის მიგრაცია და სამედიცინო განათლების ხარისხი აჩენს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საჭიროებას ქვეყნის გარეთ, რა დროსაც ვაწყდებით დისბალანსს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის.
UEMS-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვასილიოს პაპალოისმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ UEMS-ის მანდატი არ არის და არც შეიძლება იყოს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ჩანაცვლება. ორგანიზაციის ძალისხმევა და მანდატი მიმართულია ევროპის მინიმალური სტანდარტების გაზიარებაზე და დანერგვის პროცესში, ნაციონალური კონტექსტის გათვალისწინებით, ინტელექტუალური, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებასა და ადამიანური რესურსის ამ ცოდნით აღჭურვის პროცესში დახმარებაზე. დამსწრე საოზგადოებისთვის დასძინა, რომ უცოდინრობაზე დიდი საფრთხე „ნახევარცოდნაში“ იმალება – ეს არის ცოდნის ილუზია, როდესაც გვგონია რომ გარკვეულ საკითხში კომპეტენტურები ვართ, რეალობა კი საპირისპიროზე მეტყველებს. შეხვედრის მიზანი სწორედ ამ კრიტიკული საფრთხის თავიდან ასაცილება და ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპის გადახედვაა, როგორიც დიპლომისშემდგომი განათლებაა, რათა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არ იყოს “ნახევარცოდნით” აღჭურვილი კადრებით წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო, ვინაიდან სანამ ცვლილებების განხორციელება მხოლოდ დისკუსიის ფაზაში რჩება, მაღალკვალიფიციური კადრების მორიგი თაობა პროფესიულ კარიერას საერთაშორისო სივრცეში იწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ UEMS არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მისი საქმიანობა გარკვეულწილად ეხება რეგულაციებს, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ეროვნულ პოლიტიკაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება ამ პროცესში ჩაერთოს საქართველო, რათა მომავალში ქართველმა ექიმებმა, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, შეძლონ სტანდარტიზირებული ევროპული გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული გამოცდა პირდაპირი სამუშაო უფლების მინიჭებას ევროპაში არ გულისხმობს, თუმცა ხსნის მრავალ ახალ შესაძლებლობას, ზრდის საერთაშორისო აკადემიურ მობილობას და ხელს უწყობს საქართველოს სამედიცინო განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილე ანესთეზიოლოგი თამარ მაჭარაძე ამბობს, “აქამდე ევროპაში ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამოუკიდებელი სარეზიდენტო პროგრამა, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან და არც იყო სავალდებულო, რომ ერთმანეთის იდენტური ყოფილიყო. თუმცა ახლა თავად ევროპის მედიკოსთა კავშირი ცდილობს მეტნაკლებად დაახლოოს ეს პროგრამები ერთმანეთთან. ბუნებრივია ჩნდება კითხვა რატომ? თანამედროვე სამყაროში ხშირია შრომითი ან სხვა ტიპის მიგრაცია, რა დროსაც იქმნება დამატებითი ბარიერები მისი ლიცენზიისა და თუ სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ფორმალური დოკუმენტაციის აღიარებისა და უცხო ქვეყნის ტერიოტრიაზე მოქმედების თვალსაზრისით. შესაბამისად ყველა ქვეყანა ცდილობს დიპლომისშემდგომი პროგრამები მაქსიმალურად დაახლოოს ერთმანეთთან, რათა მოიხსნას აღიარების სირთულეები. სიმპოზიუმზე განხილული იქნა სხვადახვა ქვეყნის გამოცდილება და საქართველოს სარეზიდენტო პროგრამების გამოწვევები და დაიგეგმა საქართველოს სამუშაო კგუფის შექმნა, რომელიც გააგრძლებს ამ საკითებზე მუშაობას, ევროპელი კოლეგების დახმარებით.
კონფერენციის ძირითადი სესიები
17 და 18 ოქტომბერს გაიმართა ყრილობის მთავარი სესიები, სადაც განხილულ იქნა UEMS-ის დღევანდელი მიღწევები, მიმდინარე ინიციატივები და მომავალი გეგმები. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ორგანიზაციის განვითარების მომავალ მიმართულებებთან დაკავშირებით.
ყრილობის განმავლობაში ყურადღება დაეთმო ასევე ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა უკრაინის ომის გავლენა სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სისტემებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და როლი მედიცინაში, რომელიც სწრაფად ხდება თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი.

საქართველოს როლი და თანამშრომლობის მნიშვნელობა
GAMS – ის პრეზიდენტის გიორგი ჩახავას მიერ აღნიშნული იქნა, რომ UEMS-ის სხდომის მასპინძლობა საქართველოსა და ქართველი ექიმებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ერთი მხრივ GAMS-ის ამოცანა (ამ ეტაპზე და მოცემულობაში) – ფართო სამედიცინო საზოგადოებისთვის გაეცნო UEMS-ი, როგორც ორგანიზაცია, მისი შესაძლებლობები, პოლიტიკა, სამუშაო მიდგომები, ფორმატები, მათ შორის გადაწყვეტილებათა მიღებისა და მთავრობებისთვის რეკომენდაციების შესაძლებლობები; ე.წ „სამუშაო რუტინა“, რისი გამოცდილებაც საქართველოში მცირეა – წარმატებით განხორციელდა. მეორე მხრივ ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ქვეყნის მზაობას აქტიურად ჩაერთოს Ევროპის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. ღონისძიებამ შეკრიბა ევროპის და სხვა რეგიონების წამყვანი სპეციალისტები და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები, საკუთარი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარების სურვილითა და დახმარების სრული მზადყოფნის განცდით, რაც პრაქტიკულად გადაითარგმნა ქართული სამუშაო ჯგუფის ფორმირების დაანონსებითა და მისი სამუშო გეგმის უახლოეს ყრილობაზე წარდგენის ვალდებულებით. ღონისძიების შედეგებით, გამოხმაურებებითა და ადგილობრივი თუ საერთაშორის ჩართულობის მაჩვენებლით აღნიშნული ყრილობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას თანამედროვე მედიცინაში.

