სამეცნიერო ჟურნალ Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც შუახნის ასაკში ტელევიზორს „ძალიან ხშირად“ უყურებდნენ, წლების შემდეგ ტვინის იმ უბნების მოცულობის შემცირება აღენიშნებათ, რომლებიც მეხსიერებაზე, ვიზუალურ დამუშავებასა და აღმასრულებელ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მეცნიერებმა 1700-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომელთა ჯანმრთელობასაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ (MRI) აჩვენა, რომ ტელევიზორის აქტიურ მაყურებლებს აღენიშნებათ თეთრი ნივთიერების დაზიანებაც, რაც პირდაპირ კავშირშია დაბერებასთან, ინსულტის რისკთან, კოგნიტურ გაუარესებასა და ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ნიშნებთან.
ეს ცვლილებები შენარჩუნდა იმ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, დიაბეტი, მოწევა და წონა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ამ პროცესის მთავარი მიზეზი მხოლოდ მჯდომარე ცხოვრების წესი არ აღმოჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სხვა ტიპის მჯდომარე აქტივობები, მაგალითად, ოფისში სამუშაო მაგიდასთან ჯდომა, ტვინზე მსგავს უარყოფით გავლენას არ ახდენს.
მეტიც, მათ შორის, ვინც დიდ დროს სამსახურში, მაგიდასთან ჯდომაში ატარებს, ტვინის გარკვეული ნაწილები უფრო ჯანსაღი აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მუშაობის დროს ტვინი ინტელექტუალურად არის დატვირთული. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტელევიზორის ყურებით გამოწვეული უარყოფითი ცვლილებების მიმართ კაცები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ქალები.
წყარო: Alzheimer’s & Dementia

