COVID-19-ის ვაქცინებმა ტრილიონობით დოლარის ეკონომიკური სარგებელი მოიტანა — ახალი კვლევა

გააზიარე

ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაზე დახარჯულმა თითოეულმა დოლარმა ვაქცინაციის პირველ წელს გლობალურად 81-დან 810 დოლარამდე ეკონომიკური ღირებულება დააბრუნა.

ეს ვაქცინების ინვესტიციაზე უკუგების (ROI) პირველი გლობალური ანალიზია. კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინებმა არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე ისხსნა, არამედ გამართლებული და მაღალრენტაბელური ეკონომიკური ნაბიჯიც იყო.

„ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ პანდემიის ადრეულ ეტაპზე COVID-19-ის ვაქცინებში ჩადებულმა უპრეცედენტო ინვესტიციებმა ჯანმრთელობისა და ეკონომიკის კუთხით უდიდესი შედეგი გამოიღო. გლობალური ჯანდაცვის კრიზისების დროს ვაქცინების შემუშავება და მათი სამართლიანი განაწილება პრიორიტეტი უნდა იყოს“, — აღნიშნავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის პროფესორი და კვლევის ავტორი, მარკ ჯიტი.

მეცნიერებმა ვაქცინების ეკონომიკური გავლენა მათი ხელმისაწვდომობის პირველ წელს (2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრამდე) შეაფასეს, როდესაც მოსახლეობას ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ არ ჰქონდა გამომუშავებული. მონაცემთა ანალიზი 173 ქვეყანას დაეყრდნო. მეცნიერებმა ვაქცინის შემუშავების, წარმოებისა და მიწოდების ხარჯები ისეთ ინდიკატორებს შეადარეს, როგორებიცაა, მაგალითად, მოგებული სიცოცხლის წლები, თავიდან აცილებული ჰოსპიტალიზაციითა და სიკვდილიანობით შენარჩუნებული ცხოვრების ხარისხი, შრომის პროდუქტიულობა და დაზოგილი სამედიცინო ხარჯები.

მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის შემუშავება და მიწოდება 79.4 მილიარდი დოლარი დაჯდა, მაგრამ ვაქცინაციით მიღებული ჯანდაცვითი და ეკონომიკური სარგებელი 6.43-დან 64.3 ტრილიონ დოლარამდე შეფასდა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკური სარგებელი ქვეყნებს შორის არათანაბრად განაწილდა. მაღალშემოსავლიანმა სახელმწიფოებმა გაცილებით მეტი მოგება მიიღეს, რაც ვაქცინებზე ადრეულმა წვდომამ, ათვისების მაღალმა მაჩვენებელმა და მოსახლეობის ასაკობრივმა სტრუქტურამ განაპირობა. დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობას კი ვაქცინაზე ფართო წვდომა მხოლოდ 2021 წლის ბოლოსკენ მიეცა, როდესაც ბევრს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა და გარკვეული იმუნიტეტიც ჩამოუყალიბდა.

მიუხედავად ამისა, ავტორების შეფასებით, საკუთარ ეკონომიკასთან მიმართებით ყველაზე მეტი სამედიცინო და პროდუქტიულობის ხარჯი თავიდან სწორედ დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა აიცილეს.

„მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ვაქცინა სწრაფად უნდა მიეწოდოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. დაგვიანების გამო, ბევრ სახელმწიფოში ის ისეთი ეფექტიანი ვეღარ აღმოჩნდა, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო“, — ამბობს ჯიტი.

მეცნიერების დასკვნით, თუკი ახალი ვირუსული საფრთხის წინაშე დავდგებით, ვაქცინების შემუშავებაში სწრაფი ინვესტირება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები