სტენფორდის მეცნიერებმა უნივერსალური ვაქცინის ფორმულა შეიმუშავეს

გააზიარე

მედიცინის ისტორიაში უნივერსალური ვაქცინის შექმნა, რომელიც ნებისმიერი პათოგენისგან დაგვიცავდა, ათწლეულების განმავლობაში მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა. თუმცა, სტენფორდის მეცნიერებმა ვაქცინის ფორმულა შეიმუშავეს, რომელიც ორგანიზმს არა მხოლოდ რესპირატორული ვირუსებისგან იცავს, არამედ ბაქტერიებისა და ალერგენებისგანაც კი.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ცხოველურ მოდელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხვირის სპრეით შესუნთქული ვაქცინა ფილტვებში მრავალთვიან მყარ იმუნიტეტს აყალიბებს.

როგორ მუშაობს უნივერსალური ვაქცინა?

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ვაქცინოლოგია „ანტიგენური სპეციფიკურობის“ პრინციპს ეფუძნებოდა, რა დროსაც ვაქცინა პათოგენის კონკრეტულ ნაწილს (მაგალითად, COVID-19-ის „სპაიკ“ ცილას) ბაძავდა, რათა იმუნურ სისტემას მისი ამოცნობა ესწავლა. 

თუმცა, სტენფორდის მეცნიერებმა სრულიად ახალი პარადიგმა შემოგვთავაზეს. მათ უნივერსალური ფორმულა შექმნეს, რომელიც ნაცვლად კონკრეტული პათოგენის იმიტაციისა, იმუნური უჯრედების შიდა საკომუნიკაციო სიგნალებს იმეორებს. ეს რევოლუციური მიდგომა მუტაციებთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას აგვარებს, რის გამოც აქამდე ყოველწლიური ბუსტერ-დოზების გამოყენება ხდებოდა საჭირო.

ამ ინოვაციის საფუძველი ე.წ „ინტეგრირებული იმუნიტეტია“, რომელიც იმუნიტეტის ორ შრეს, თანდაყოლილსა და ადაპტურს, აერთიანებს. ტექნოლოგია მექანიზმს იყენებს, რომლის დროსაც ფილტვებში მობილიზებული T-უჯრედები ციტოკინების მეშვეობით მუდმივად „კვებავენ“ თანდაყოლილ იმუნურ სისტემას (ორგანიზმის პირველ თავდაცვით ხაზს). 

ჩვეულებრივ პირობებში, ორგანიზმის პირველი თავდაცვითი ხაზი, თანდაყოლილი იმუნიტეტი, მხოლოდ მყისიერი რეაგირების მექანიზმია, რომლის აქტივობაც პათოგენთან ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წყდება, რადგან მის უჯრედებს არ გააჩნიათ გრძელვადიანი იმუნური „მეხსიერება“.

სტენფორდის მეცნიერებმა სწორედ ამ ბუნებრივი შეზღუდვის გადალახვა შეძლეს. მათ მექანიზმი შექმნეს, რომლის დროსაც სპეციალური სიგნალების (ციტოკინების) მეშვეობით ხდება თანდაყოლილი იმუნიტეტის მუდმივი სტიმულირება, რაც მას რამდენიმე დღის ნაცვლად რამდენიმე თვის განმავლობაში ტოვებს მობილიზებულ, „ფხიზელ“ მდგომარეობაში. შედეგად, ფილტვები იქცევა მუდმივად დაცულ ზონად, სადაც ნებისმიერ ახალ ვირუსს, ბაქტერიას თუ ალერგენს ორგანიზმი მომზადებული ხვდება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს დაავადების პროგრესირების შანსს.

ექსპერიმენტის შედეგები და სამომავლო პერსპექტივა

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა: ვაქცინირებული ცხოველები დაცულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ SARS-CoV-2-ისა და სხვა კორონავირუსებისგან, არამედ საავადმყოფოსშიდა მძიმე ბაქტერიული ინფექციებისა და ისეთი ალერგენებისგანაც კი, როგორიცაა სახლის მტვრის ტკიპა. 

მეცნიერთა განმარტებით, ეს არის ე.წ. „ორმაგი დარტყმა“ (double whammy) ინფექციაზე, რადგან ვაქცინა ფილტვებში ვირუსის რაოდენობას 700-ჯერ ამცირებს და იმუნურ პასუხს ჩვეულებრივი ორი კვირის ნაცვლად, სულ რაღაც 3 დღეში ააქტიურებს. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს პათოგენის სწრაფ ნეიტრალიზაციას მანამ, სანამ ის ორგანიზმში სერიოზული დაზიანებების გამოწვევას მოასწრებს.

სამომავლო პერსპექტივაში ეს აღმოჩენა მედიცინის ტრანსფორმაციას მოასწავებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 5-7 წელიწადში შესაძლებელი იქნება უნივერსალური ცხვირის სპრეის შექმნა, რომელიც შემოდგომაზე ერთჯერადი გამოყენებით დაგვიცავს გრიპისგან, კორონავირუსისგან, პნევმონიისა და სეზონური ალერგიისგან.

წყარო: Science

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები