მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის ინფექციას შეუძლია სისხლძარღვების დაბერება დაახლოებით ხუთი წლით დააჩქაროს, განსაკუთრებით ქალებში. European Heart Journal-ში გამოქვეყნებული ეს ნაშრომი COVID-გადატანილებისთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გრძელვადიან რისკებსა და პრევენციის აუცილებლობაზე მიუთითებს.
კვლევის დეტალები:
CARTESIAN-ის სახელით ცნობილმა პროექტმა, რომელშიც 16 ქვეყნის 2,390 ადამიანი მონაწილეობდა, არტერიების კედლის რიგიდობა/სიმკვრივე შეაფასა. ეს არის სისხლძარღვების დაბერების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც სპეციალური მეთოდით (carotid-femoral pulse wave velocity (PWV)) იზომება.
კვლევაში მონაწილეობდნენ:
ადამიანები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ COVID-19.
ისინი, ვინც მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი და არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალიზაცია.
ჰოსპიტალიზებული პაციენტები.
პაციენტები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოხვდნენ.
მონაცემები ორჯერადად შეგროვდა: ინფიცირებიდან ექვსი თვისა და ერთი წლის შემდეგ. მეცნიერებს სურდათ დაედგინათ, ხომ არ უწყობს COVID-19 ხელს სისხლძარღვების ვადამდელ დაბერებას, ქრონოლოგიური ასაკისა და გულ-სისხლძარღვთა რისკების მიღმა.
სისხლძარღვების გამკვრივება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის გულის შეტევისა და ინსულტის, რისკს ზრდის. ამ კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-გადატანილებს არტერიები მნიშვნელოვნად გამკვრივებული აქვთ, მათთან შედარებით, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია. საინტერესოა, რომ ეს კავშირი ფიქსირდებოდა მაშინაც, როდესაც მკვლევარებმა მონაცემები ცვლადების მიხედვით (ასაკი, სქესი, მოწევა, სხეულის მასის ინდექსი (BMI), გულის დაავადებები და დიაბეტი) დააკორექტირეს.
საყურადღებოა, რომ არტერიების გამკვრივება ქალებში უფრო მეტად შეინიშნებოდა, ვიდრე მამაკაცებში. მსუბუქი COVID-19-ის გადატანის შემდეგაც კი, ქალების PWV-ის მაჩვენებელი დაახლოებით ხუთი წლით სისხლძარღვოვან დაბერებას შეესაბამებოდა. ეს განსხვავება კიდევ უფრო მაღალი იყო იმ ქალებში, რომლებიც რეანიმაციაში მოხვდნენ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს სისხლძარღვები ნაკლებად გაუმკვრივდათ, რაც ვაქცინის დამცავ ეფექტზე მიუთითებს.
ეს კვლევა სრულიად ახლებურად გვაჩვენებს „ხანგრძლივი კოვიდის“ გავლენას, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. COVID-19-გადატანილებში, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება, დიდხანს უგრძელდებათ, სისხლძარღვების დაბერების ადრეული გამოვლენა დროული სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას ქმნის.
დადებითი მხარე ისაა, რომ სისხლძარღვების დაბერების პროცესის შეჩერება შესაძლებელია: ცხოვრების წესის ცვლილებებითა და არტერიული წნევის ან ქოლესტერინის დონის კონტროლით.
შემდეგი ეტაპი მონაწილეებზე დაკვირვების გაგრძელებაა, რათა დადგინდეს, გადაიზრდება თუ არა სისხლძარღვების დაბერება გულის შეტევებსა და ინსულტებში. ვირუსის გავლენის მექანიზმების, მათ შორის სისხლძარღვების კედლებზე მისი მოქმედებისა და სქესის მიხედვით იმუნური პასუხის განსხვავებების შესწავლამ, შესაძლოა სამომავლო მკურნალობის სტრატეგიები გააუმჯობესოს.
წყარო: European Heart Journal

