2025 წლის ოქტომბრის მიწურულს ოსტეოლოგიის ფონდმა (Osteology Foundation) და იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოებამ (Italian Society of Periodontology and Implantology) ქირურგი პაროდონტოლოგების საერთაშორისო კონკურსი ჩაატარა. მონაწილეებს 5 წუთიან ვიდეორგოლში დეტალურად უნდა აღეწერათ რთული კლინიკური შემთხვევის სრული დინამიკა: პაციენტის მომართვის მომენტიდან მის გამოჯანმრთელებამდე, გამოკვლევის შედეგები, დიაგნოზი, მკურნალობის მიზანი, ოპერაციული ჩარევის სრულყოფილი ფოტო და ვიდეოდოკუმენტაცია და ბოლოს, მკურნალობის მინიმუმ 6-თვიანი შედეგი.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა: გაგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩა 5 ყველაზე წარმატებული და საინტერესო კლინიკური შემთხვევა, რის შემდეგაც ფინალისტებმა 25 სექტემბერს გამართულ ლაივ ვებინარზე წარადგინეს ამ შემთხვევების პრეზენტაცია ჟიურის წინაშე. ვებინარს ფინალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით სპეციალისტების ფართო აუდიტორიასაც ესწრებოდა.
მონაწილეთა შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ფინალში მხოლოდ 5 ექიმი შეირჩა. მათ შორის ერთადერთი ქალი საქართველოდან იყო, პაროდონტოლოგი თეა ნაცვლიშვილი, რომელსაც საპატიო მეორე ადგილი მიაკუთვნეს. გამარჯვებული ჟიურის შეფასებისა და ფლორენციაში გამართული საერთაშორისო კონგრესის 1200 დამსწრე პაროდონტოლოგის ხმების დაჯამებით გამოვლინდა.
თეა ნაცვლიშვილის მიერ წარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა განსაკუთრებულ გამოწვევად ითვლებოდა. პაციენტი 23 წლის გოგო წარსულში ზედა ყბის ოსტეობლასტომას მკურნალობდა, რის შედეგადაც 4 კბილი ამოუღეს. მას რამდენიმე წელი მოსახსნელი პროთეზი ჰქონდა, თუმცა 2021 წელს სხვა კლინიკაში ჩატარებულმა ძვლის აუგმენტაციის წარუმატებელმა მცდელობამ სერიოზული გართულებები გამოიწვია: ჭრილობა გაიხსნა, ხელოვნური ძვალი დაიკარგა და საბოლოდ გართულებული შეხორცების შედეგად ლოყის ლორწოვანი ისე მიუხორცდა სასის ლორწოვანს, რომ პაციენტს განუვითარდა სახის ასიმეტრია, ლოყის ჩავარდნა და მოსახსნელი პროთეზი ვეღარ ფიქსირდებოდა.
პაციენტი თითქმის ორი წელი იყო უკბილოდ და მკვეთრი ესთეტიკური და ფუნქციური დისბალანსით ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან არაერთ ყბასახის ქირურგთან გაიარა კონსულაცია სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ყველგან მკურნალობაზე უარი მიიღო მდგომარეობის სირთულისა და რისკების გათვალისწინებით.
მკურნალობა განხორციელდა ექიმ თეა ნაცვლიშვილსა და იტალიელ იმპლანტოლოგ, ექიმ მაურო მერლის შორის თანამშრომლობით. 2023 წელს ექიმმა თეა ნაცვლიშვილმა, განსაკუთრებული შემთხვევა იტალიელ იმპლანტოლოგ, დოქტორ მაურო მერლისთან ერთად განიხილა. დოქტორი მერლი საქართველოში სტუმრად პროფესიული კონფერენციის ფარგლებში იყო ჩამოსული და სწორედ იქ ჩამოყალიბდა ერთობლივი მკურნალობის სტრატეგია.

მკურნალობა წარმატებით ჩატარდა და მოიცავდა: თეა ნაცვლიშვილის მიერ ჩატარებულ 2 ოპერაციას. დოქტორ მაურო მერლის მიერ ჩატარებულ 3 ქირურგიულ ჩარევას და საბოლოოდ, იმპლანტებზე გვირგვინების პროთეზირებას 2025 წლის ივნისში. მკურნალობის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქალს აღუდგა ღეჭვითი ფუნქცია, ყბის ესთეტიკა და სახის სიმეტრია, დაუბრუნდა ღიმილი, კომფორტი და თვითრწმენა!
ეს შემთხვევა ხაზს უსვამს თანამედროვე პაროდონტოლოგიაში ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის, ინდივიდუალური მიდგომისა და გრძელვადიანი მკურნალობის მნიშვნელობას.
მედსკრიპტუმის გუნდი ულოცავს ექიმ თეა ნაცვლიშვილს კოლეგების მხრიდან საპატიო აღიარებას და საერთააორისო წარმატებას!

