ჰავაის უნივერსიტეტის (University of Hawaiʻi at Mānoa) მეცნიერებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს: დედის ჭარბი წონა ჩასახვამდე, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებდეს ბავშვის ტვინის განვითარებაზე და ზრდიდეს აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) რისკს.
ალიკა კ. მაუნაკეას და მონიკა უორდის, ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ დედის ჭარბი წონის გამო კვერცხუჯრედში მიმდინარე ცვლილებები იწვევს ტვინის რეპროგრამირებას. შედეგად, ბავშვებს უჭირთ სოციალური ურთიერთობები, კომუნიკაცია და უვითარდებათ განმეორებითი ქცევები, რაც აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია.
კვლევის დეტალები:
თაგვებზე ჩატარებული კვლევისას, მეცნიერებმა ხელოვნური განაყოფიერება (IVF) და ემბრიონის გადატანის მეთოდი გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ, როგორ მოქმედებს დედის ჭარბი წონა ჩასახვამდე, ორსულობის პროცესისგან დამოუკიდებლად.
აღმოჩნდა, რომ ჭარბი წონის მქონე დედების კვერცხუჯრედები ატარებენ ეპიგენეტიკურ ანაბეჭდებს (ქიმიურ ცვლილებებს, რომლებიც გენების აქტივობას არეგულირებენ), რაც ცვლის შთამომავლობის ტვინის განვითარებაზე პასუხისმგებელ გენებს.
ამ კვერცხუჯრედებიდან დაბადებულ მამრ შთამომავლებს აღენიშნებოდათ აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები: სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის სირთულეები, ასევე, განმეორებადი ქცევები.
საინტერესოა, რომ როდესაც ჭარბი წონის დედებში ნორმალური კვერცხუჯრედის ემბრიონები გადანერგეს, მათ შთამომავლობას აუტიზმის მსგავსი სიმპტომები არ გამოვლენია. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ ნეიროგანვითარებისთვის გადამწყვეტია ჩასახვამდე პერიოდი და ის ცვლილებები, რომლებიც კვერცხუჯრედში ხდება.
მოლეკულურ დონეზე, ეს ცვლილებები შეეხო გენებს, რომლებსაც Homer1 და Zswim6 ეწოდება. ეს გენები აუტიზმის რისკთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, Homer1 გენში, რომელიც ტვინში ნერვულ კავშირებს (სინაფსებს) არეგულირებს, გამოვლინდა ეპიგენეტიკური ცვლილება. ამან კი გამოიწვია სპეციფიკური ცილის (იზოფორმის) Homer1a-ს ჭარბი გამომუშავება, რაც აფერხებს ტვინის ნორმალურ კომუნიკაციასა და პლასტიურობას.
გარდა ამისა, Homer1-ში გამოვლინდა პათოლოგიური ექსპრესია, რაც დაკავშირებულია დნმ-ის მეთილირების შეცვლასთან, სპეციფიკურ პრომოტორულ რეგიონებში.
სამომავლო პერსპექტივა:
მეცნიერები გეგმავენ, რომ უფრო ღრმად შეისწავლონ ეპიგენეტიკური ცვლილებები ტვინის უჯრედებში. ისინი ეძებენ უარყოფითი ეფექტის შემცირების შესაძლებლობებს. მაგალითად, სწორი კვებით ან მედიკამენტებით.
სამომავლო კვლევები ასევე შეამოწმებს, რჩება თუ არა ეს ცვლილებები ზრდასრულ ასაკში, რამდენადაა დამოკიდებული ბავშვის სქესზე და ვრცელდება თუ არა შემდეგ თაობებზე.
წყარო: MDPI

