აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს მარიხუანაზე ფედერალური შეზღუდვების შემსუბუქებას და მის ნაკლებად საშიში ნარკოტიკის კატეგორიაში რეკლასიფიკაციას.
“ჩვენ ამას განვიხილავთ,” განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მას საკითხზე აღმასრულებელი ბრძანების განხილვის შესახებ შეეკითხნენ.
“ბევრ ადამიანს სურს მარიხუანას რეკლასიფიკაცია, რადგან ეს უზარმაზარი რაოდენობის კვლევის საშუალებას იძლევა, რაც შეუძლებელია, თუ რეკლასიფიკაცია არ მოხდა, ამიტომ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ.”
ამჟამად, ფედერალურ დონეზე, მარიხუანა კლასიფიცირებულია როგორც Schedule I ნივთიერება, იგივე კატეგორიაში, სადაც ჰეროინი და LSD. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ნარკოტიკებს აქვთ მაღალი ბოროტად გამოყენების პოტენციალი და არ აქვთ სამედიცინო დანიშნულება.
პრეზიდენტი ტრამპი მიზნად ისახავს მარიხუანის Schedule III-ში გადატანას. ეს კლასი მოიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც მიიჩნევენ სამედიცინო ღირებულების მქონედ და ბოროტად გამოყენების ნაკლები პოტენციალით. ამ კლასში შედის კეტამინი და ანაბოლური სტეროიდები.
რეკლასიფიკაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას ან დეკრიმინალიზაციას, მაგრამ ფედერალური შეზღუდვების შემსუბუქებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები:
- კვლევის ბარიერების შემცირება: Schedule I ნივთიერებებზე კლინიკური კვლევების ავტორიზაციას მრავალი საფეხურის გავლა სჭირდება.
- საგადასახადო შედეგები: მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კანონიერად ზრდიან და ყიდიან კანაფს.
პრეზიდენტს არ შეუძლია ნარკოტიკის რეკლასიფიკაცია ცალმხრივად. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს რეკლასიფიკაციის პროცესის დაწყებას დაავალებს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ცდილობდა რეკლასიფიკაციას, მაგრამ ეს მცდელობები შეფერხდა და არ დასრულებულა ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე.
წყარო: Reuters

