EACS-ის განახლებული გაიდლაინი აივ-ის მართვის სტრატეგიას ცვლის

გააზიარე

მაღალეფექტური ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) მიღწევების წყალობით, აივ-ის მქონე პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თანმხლები პათოლოგიების განვითარების რისკი.

ამ კლინიკური გამოწვევის საპასუხოდ, შიდსის ევროპის კლინიკურმა საზოგადოებამ (EACS) გამოაქვეყნა უახლესი გაიდლაინი, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ვირუსის კონტროლზე, არამედ ამ თანმხლები მდგომარეობების ინტეგრირებულ მართვაზეც. ეს განახლება წარმოადგენს პაციენტზე ორიენტირებული, სრულყოფილი ზრუნვის სტრატეგიულ მიმართულებას.

EACS-ის განახლებული გაიდლაინი კლინიცისტებსა და პაციენტებს სთავაზობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ისეთი მდგომარეობების პრევენციისა და მართვისთვის, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები, სიმსუქნე, ძვლისა და თირკმლის პათოლოგიები.

რა არის ახალი აივ მკურნალობაში?

ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ძირითადი პრინციპები არსებითად უცვლელი რჩება. მეორე თაობის ინტეგრაზის ინჰიბიტორები კვლავ უმჯობესია გამოიყენებოდეს პირველი რიგის თერაპიის სახით, მათი მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილის გამო. თუმცა, გაიდლაინი მოიცავს მნიშვნელოვან ახალ კლინიკურ რეკომენდაციებს:

მათთვის, ვისაც აივ ინფექცია განუვითარდა ხანგრძლივი მოქმედების ინექციური პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) მიუხედავად, რეკომენდებულია ინტენსიური სამკომპონენტიანი თერაპია.

გაიდლაინში დაემატა ახალი სექცია აივ-2 ინფექციაზე, სადაც მოცემულია ინსტრუქციები მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული ნაკადების ზრდის გამო.

აივ ინფექციის პრევენციულ სტრატეგიებში უკვე სრულად არის ჩართული ხანგრძლივი მოქმედების ინექციური PrEP-ის ახალი ფორმები (პრეპარატები, როგორიცაა კაბოტეგრავირი და ლენაკაპავირი).

ორსულებისთვის ახალი მედიკამენტური რეჟიმები და ვირუსული დატვირთვის ზუსტი მონიტორინგი ეხმარება ექიმებს, ოპტიმალურად მართონ როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობა.

თანმხლები პათოლოგიების მართვა პრიორიტეტულია

ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ცვლილება თანმხლები პათოლოგიების მართვას ეხება. რეკომენდაციები გვთავაზობს კონკრეტული თერაპიული მიზნების შესაბამის ინსტრუმენტებს:

კარდიოვასკულური და მეტაბოლური ჯანმრთელობა

სტატინების დაწყება რეკომენდებულია უფრო ადრეულ ეტაპზე, მათ შორის ზომიერი კარდიოვასკულური რისკის მქონე პაციენტებშიც (REPRIEVE კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით).

არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლები გამკაცრდა: ახალი ზღვარი შეადგენს 129 მმ/ვწყ. სვ-ს.

სიმსუქნის დეფინიცია ახლა მოიცავს ჭარბი ცხიმოვანი მასის შეფასებას და არ შემოიფარგლება მხოლოდ სხეულის მასის ინდექსით (BMI). წონის 5% ან მეტით მატება კლინიკურად რელევანტურად ითვლება.

განახლებული რეკომენდაციები მოიცავს ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ თერაპიასა და ბარიატრიულ ინტერვენციას სიმსუქნის ეფექტური მართვისთვის.

ძვალ-სახსროვანი სისტემისა და თირკმლის ფუნქციის მართვა

ოსტეოპოროზის განახლებული სკრინინგის კრიტერიუმები მეტ ყურადღებას უთმობს დაბალ BMI-ს (სხეულის მასის ინდექსი) და მოტეხილობების ოჯახურ ან პირად ანამნეზს.

გაიდლაინში დამატებულია ახალი მედიკამენტური საშუალებებიც, მაგალითად, პრეპარატი დენოსუმაბი.

თირკმლის პათოლოგიის მართვის გაიდლაინები ადასტურებს, რომ ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) გარკვეული რეჟიმები უსაფრთხოდ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაშიც კი.

ღვიძლისა და ფილტვის პათოლოგიები

ძველი სახელწოდება შეიცვალა ტერმინით, მეტაბოლური დისფუნქციით განპირობებული სტეატოზური ღვიძლის დაავადება (MASLD).

სკრინინგის მიზანია ღვიძლის ფიბროზის დროული იდენტიფიცირება.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) წარმოადგენს ძირითად ქრონიკულ პულმონურ პათოლოგიას, რომელიც გათვალისწინებულია უახლესი GOLD გაიდლაინების მიხედვით.

ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარება

მულტიდისციპლინური მიდგომის ასახვის მიზნით, ტერმინი „ფსიქოთერაპია“ ჩანაცვლებულია ფსიქოლოგიური ინტერვენციით (ან მკურნალობით).

რეკომენდებულია სკრინინგი სუიციდის რისკის, ძილის დარღვევების, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის გამოსავლენად.

ხანდაზმული პაციენტების მართვა

სისუსტის  (Frailty) რუტინული სკრინინგი იწყება 50 წლის ასაკიდან.

ვიტამინი D-ს დანამატები რეკომენდებულია მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში.

გაიდლაინი მოიცავს კოგნიტურ, ნუტრიციულ, სმენის, ვიზუალურ და ფსიქოსოციალურ შეფასებებს აივ-ის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის.

სხვა საკვანძო ასპექტები

რეკომენდაციები ვაქცინაციაზე: რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინა რეკომენდებულია 75 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის. ახალი, ჰეპატიტი B-ს ვაქცინები მნიშვნელოვნად ზრდის სეროკონვერსიის (დამცავი ანტისხეულების გამომუშავების) მაჩვენებელს აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებში.

ონკოსკრინინგი: განახლებული რეკომენდაციები ანალური, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, ღვიძლის, საშვილოსნოს ყელის და ფილტვის სიმსივნის სკრინინგისთვის ხაზს უსვამს რისკ-ფაქტორების შეფასებასა და არსებულ რესურსებზე დაფუძნებულ პერსონალიზებული სტრატეგიის შემუშავებას.

გაიდლაინი მოიცავს ახალ რეკომენდაციებს ლუბრიკანტების გამოყენებაზე, ჰორმონულ ჩანაცვლებით თერაპიასა და ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) წამლისმიერ ინტერაქციებზე სექსუალური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან.

პედიატრია: ახალი რეკომენდაციები მოიცავს დოლუტეგრავირის გამოყენებას ახალშობილების სამკურნალო სქემებში და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტის შეუფერხებელი გადასვლა პედიატრის მზრუნველობიდან ზრდასრულთა მოვლის სისტემაში.

ციფრული გაიდლაინები: EACS-ის გაიდლაინი უკვე ონლაინ დოკუმენტია (Living Document). ეს ნიშნავს, რომ მათი განახლება ხდება სწრაფად, როგორც კი ახალი სამეცნიერო მონაცემები გამოჩნდება.

ეს ყოვლისმომცველი განახლება აივ-ის მოვლას პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ახალ მოდელად აქცევს. კლინიცისტებს აქვთ მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზამკვლევი გრძელვადიანი შედეგების ოპტიმიზაციისთვის. პაციენტები კი იღებენ ინტეგრირებულ ზრუნვას, რომელიც სცილდება ვირუსოლოგიურ კონტროლს და აძლევს მათ საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ თერაპიულ პროცესში. მთავარი გამოწვევა კი ამ მიღწევების ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

წყარო: HIV Medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები