სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შექმნა პორტატული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კანზე ბანდაჟივით მაგრდება და სისხლში წნევის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
ტრადიციული, მოცულობითი მანჟეტიანი წნევის საზომებისგან განსხვავებით, ეს მოქნილი პლასტირი თხევადი მეტალის დახვეწილი ელექტრული სქემების გამოყენებით გულის რითმისა და არტერიული წნევის მაჩვენებლებს აკონტროლებს. გულის მიერ გენერირებულ სიგნალებს შორის დროის სხვაობის ანალიზით, მოწყობილობა ზუსტად ზომავს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას ყოველი გულისცემისას.
მეტალის ელასტიკური ზედაპირი მოწყობილობას ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კომფორტულს ხდის, ხოლო ლაზერული სინთეზის მეთოდი, რომელიც მკვლევრებმა შეიმუშავეს, უზრუნველყოფს სქემების დახვეწილობასა და გამძლეობას. მოწყობილობის ტესტირებისას დადგინდა, რომ ის არ კარგავს ეფექტურობას მაშინაც კი, როდესაც მისი სიგრძე თავდაპირველ ზომასთან შედარებით 7-ჯერ იზრდება ან დაჭიმვა-მოდუნების 10,000-იანი ციკლის განმავლობაში გამოიყენება. ცდების დროს მან ვარჯიშის წინ და შემდეგ წნევის სწრაფი ცვლილებები ტრადიციულ მანჟეტებზე უფრო ზუსტად განსაზღვრა.
ექსპერტების მოსაზრებით, ეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც წნევის ცვლილებებს ეფექტურად აკონტროლებს, შესაძლოა, ჰიპერტენზიის მართვის პროცესი მნიშვნელოვნად შეცვალოს. აღნიშნული ტექნოლოგია პაციენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ჯანმრთელობას ნებისმიერ დროსა და ადგილას დააკვირდნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის.
მკვლევრები ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებას სმარტ-საათებში, სამედიცინო პლასტირებსა და მაღალტექნოლოგიურ ტანისამოსში გეგმავენ. მათი მიზანია, დააჩქარონ პერსონალიზებული და პრევენციული მედიცინის განვითარება.
„ეს მოწყობილობა აბათილებს მოსაზრებას, რომ წნევის გაზომვა მოუხერხებელია და დღეში მხოლოდ რამდენჯერმეა შესაძლებელი“, — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სეუნგ ჰვან კო-მ. „ჩვენი სისტემა გზას უხსნის ჯანმრთელობის უწყვეტ, არაინვაზიურ მონიტორინგს, რომელსაც მრავალი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია“.
ფაქტია, აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში, რადგან ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პერმანენტული და ეფექტური დაკვირვების საშუალებას იძლევა.
წყარო: Wiley Advanced

