კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერებმა სოლიდური სიმსივნეების წინააღმდეგ „მზა“ T-უჯრედები შექმნეს

გააზიარე

UCLA-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს ინოვაციური, ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც უნივერსალურ („მზა“) T-უჯრედებს აწარმოებს. ამ უჯრედებს სოლიდურ სიმსივნეებზე შეტევა ერთდროულად ორი განსხვავებული მექანიზმით შეუძლიათ.

ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა დონორის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ისე გარდაქმნეს, რომ მიზანში ამოეღოთ ცილა NY-ESO-1, რომელიც მრავალ სოლიდურ სიმსივნეში ვლინდება. მიღებულმა უჯრედებმა, სახელწოდებით AlloESO-T, საკვერცხის კიბოსა და მელანომის მქონე თაგვების მოდელებში სიმსივნის ზრდა შეაჩერეს და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდეს – თან ისე, რომ არ გამოუწვევიათ დონორის უჯრედებისთვის დამახასიათებელი გართულება, ე.წ. „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ (GVHD) დაავადება.

ინოვაცია

UCLA-ის მიდგომა, როგორც აღვნიშნეთ, მომწიფებული T-უჯრედების ნაცვლად, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით იწყება. კიბოზე მიზანმიმართული რეცეპტორის უშუალოდ ღეროვანი უჯრედის ეტაპზე შეყვანით, უჯრედები მომწიფების პროცესში საკუთარ ბუნებრივ რეცეპტორებს აღარ ავითარებენ – ეს კი ჯანსაღ ქსოვილებზე შეტევის თავიდან ასაცილებლად დამატებითი გენური რედაქტირების საჭიროებას გამორიცხავს.

„ღეროვანი უჯრედები დიფერენცირებული არ არის – ისინი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მომწიფებულ T-უჯრედებად, რომლებსაც უკვე საკუთარი რეცეპტორები აქვთ“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, იჩენ (ჯონ) ჟუმ. „როდესაც ჩვენ მიერ მოდიფიცირებულ ღეროვან უჯრედებს T-უჯრედებად გარდავქმნით, ფაქტობრივად, მიღებული ყველა უჯრედი ერთსა და იმავე რეცეპტორს ატარებს და სიმსივნის ზუსტად ერთსა და იმავე სამიზნეს უტევს“.

Credit: Lili Yang Lab/UCLA

ორმაგი შეტევის მექანიზმი

AlloESO-T უჯრედებს ამოცნობის ორი სისტემა აქვთ:

ინჟინრული TCR – T-უჯრედოვანი რეცეპტორი, რომელიც სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე არსებულ ცილა NY-ESO-1-ის ფრაგმენტებს ებრძვის.

ბუნებრივი კილერი (NK) უჯრედების რეცეპტორები, რომლებიც სიმსივნური უჯრედების სტრესულ სიგნალებს აფიქსირებენ.

ეს სათადარიგო სისტემა წარმატებით უმკლავდება პრობლემას, როდესაც სიმსივნური უჯრედები სამიზნე ანტიგენს მალავენ ან კარგავენ.

„სოლიდური სიმსივნეები მეტად მრავალფეროვანია, – განაცხადა ჟუმ. – ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი კარგავს ან მალავს იმ ანტიგენს, რომლის ამოსაცნობად და გასანადგურებლადაც თერაპია შეიქმნა. ასეთ დროს მკურნალობა, რომელიც მხოლოდ ერთ სამიზნეზეა ორიენტირებული, ძალას კარგავს. ჩვენს შემუშავებულ მეთოდს კი ამ სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად მეორე მექანიზმიც გააჩნია“.

კვლევის შედეგები

თაგვის მოდელებზე ჩატარებული ექსპერიმენტები:

საკვერცხის კიბო: AlloESO-T უჯრედების ერთჯერადმა დოზამ სიმსივნის ხანგრძლივი კონტროლი და სიცოცხლის შესამჩნევი გახანგრძლივება უზრუნველყო. (აღსანიშნავია, რომ ტრადიციული მეთოდის საკონტროლო ჯგუფში GVHD განვითარდა).

მელანომა: AlloESO-T უჯრედებმა კიბოს განვითარება შეანელეს და რეციდივი გადაავადეს, მაშინ როცა საკონტროლო უჯრედებმა მხოლოდ ხანმოკლე შედეგი აჩვენეს.

ინფუზიის შემდეგ AlloESO-T უჯრედები ორგანიზმში დაახლოებით 100-ჯერ გამრავლდა, მიზანმიმართულად მიაღწია სიმსივნურ კერებამდე და კვირების განმავლობაში შეინარჩუნა აქტიურობა ისე, რომ ჯანსაღი ორგანოები თითქმის არ დაუზიანებია. შედარებისთვის, ტრადიციული მეთოდით მოდიფიცირებული უჯრედები ღვიძლსა და ფილტვებში უკონტროლოდ გავრცელდა და მძიმე ტოქსიკურობა გამოიწვია.

მასშტაბი და ღირებულება

„ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მცირე რაოდენობიდან, დაახლოებით ექვს კვირაში, ტრილიონობით სამკურნალო უჯრედის მიღება შეგვიძლია, რაც ათასობით დოზისთვისაა საკმარისი“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, იანრუიდე (ჩარლი) ლიმ. – „თითო დოზის სავარაუდო 5 000-დოლარიანი ღირებულებით, ეს მიდგომა დღევანდელ თერაპიებთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება“.

გუნდი კვლევის მასშტაბის გაზრდას კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის (UCLA) ჯანდაცვის მოწინავე ბიოთერაპიის ცენტრის მეშვეობით გეგმავს, რამაც, ნულიდან დაწყებასთან შედარებით, შესაძლოა კლინიკურ კვლევებამდე მისვლა დააჩქაროს.

წყარო: UCLA Health



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები