back to top

ESPA 2025 ბერლინი — ქართული მედიცინის აღიარება ევროპულ სამეცნიერო სივრცეში

გააზიარე

2025 წლის 2-4 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა ევროპის პედიატრიულ
ანესთეზიოლოგთა ასოციაციის (ESPA) მე-15-ე საიუბილეო კონგრესი, სადაც
სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა წარადგინეს უახლესი კვლევები და
კლინიკური გამოცდილებები პედიატრიული ანესთეზიოლოგიისა და
ინტენსიური თერაპიის მიმართულებით. კონგრესი წარმოადგენდა
მნიშვნელოვან პლატფორმას ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების
გასაზიარებლად, განსაკუთრებით ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა
ნეიროანესთეზია, ინტენსიური თერაპია და ადრეული ასაკის
ნეიროგანვითარების დარღვევების მართვა.
კონგრესზე საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ ბ-ნი
გიორგი აბაშიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც წარადგინა სამეცნიერო
აბსტრაქტი თემაზე:
“The Efficacy of S-Ketamine in the Management of Multidrug-Resistant Epileptic Spasms in
Pediatrics; A Case Report of Refractory West Syndrome with Recurrent Infantile Spasms.”
წარდგენილი შემთხვევა ეხებოდა S-კეტამინის გამოყენების ეფექტურობას
მულტირეზისტენტული ვესტის სინდრომის მქონე პედიატრიულ პაციენტებში
და წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ გამოცდილებას რეგიონში, რომელიც ასახავს
ადრეული აგრესიული თერაპიის მნიშვნელობას რეფრაქტერული ეპილეფსიის
მართვაში.
აღნიშნული ტიპის აქტივობა, წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს
საქართველოს პედიატრიული ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის
განვითარების გზაზე.
ბ-ნი გიორგი აბაშიშვილის მიერ წარდგენილი კვლევა ცხადყოფს, რომ
ადგილობრივ სამედიცინო გუნდებს გააჩნიათ პროფესიული პოტენციალი და
აკადემიური მზაობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვისთვის.

ეს მაგალითი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს
ინოვაციური თერაპიული მიდგომების — კერძოდ S-კეტამინის გამოყენების —
ეფექტურ დანერგვის შესაძლებლობას ქართულ კლინიკურ პრაქტიკაში, რაც
ხელს უწყობს თანამედროვე ნეიროკრიტიკული მედიცინის განვითარებას და
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ასეთი პრეცედენტები ქმნის ეროვნულ სტიმულს ახალგაზრდა ექიმებისა და
მკვლევრებისათვის, აძლიერებს სამეცნიერო მოტივაციას, აყალიბებს
საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმებს და ხელს უწყობს ქართული
მედიცინის ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებაში.
ეპილეფსიური სპაზმები და ვესტის სინდრომი წარმოადგენენ ადრეული ასაკის
ერთ-ერთ ყველაზე რთულ და პროგნოზის თვალსაზრისით უარყოფით
ნეიროენცეფალოპათიურ ფორმას, რომელიც მკურნალობის მიუხედავად ხშირად
იწვევს ქრონიკულ ეპილეფსიისა და მძიმე ნეიროგანვითარების დარღვევებს.
საქართველოში, ისევე როგორც მრავალ განვითარებად ქვეყანაში, ბავშვთა
ნევროლოგებსა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს ხშირად უწევთ
შეზღუდული რესურსებითა და ტრადიციული თერაპიის შეზღუდული
ეფექტურობის პირობებში მუშაობა. სწორედ ამ კონტექსტში, წარდგენილი
შემთხვევა წარმოადგენს S-კეტამინის გამოყენების ერთ-ერთ პირველ
წარმატებულ მცდელობას მულტირეზისტენტული ეპილეფსიური სპაზმების
მკურნალობაში.
S-კეტამინი, რომელიც წარმოადგენს რაცემიული კეტამინის S(+) ენანტომერს,
გამოირჩევა უნიკალური ნეიროპროტექტორული და ანტიკონვულსიური
თვისებებით NMDA რეცეპტორების ანტაგონიზმის მეშვეობით. ზრდის
გლუტამატერგულ მოდულაციას და აძლიერებს GABA-ერგულ ინჰიბიციას.
მოქმედებს როგორც ანტიკონვულსური და ნეიროპროტექციული აგენტი,
გავლენას ახდენს სინაპსურ პლასტიურობაზე. კეტამინის S-იზომერი ანთების
საწინააღმდეგო თვისებების გამო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ნეიროპროტექციაში და ამცირებს მიკროგლიის აქტივაციას, ასევე, ამცირებს
ციტოკინების TNF და IL-6 ზეგავლენას თავის ტვინზე.
ჩვენს კლინიკურ შემთხვევაში, ჰიპსარითმიების სტანდარტულ მკურნალობაზე
— ACTH, პრედნიზოლონი, ვიგაბატრინი და სხვა ანტიკონვულსურ პრეპარატებზე
რეზისტენტული მდგომარეობის მქონე პაციენტში S-კეტამინის ინტრავენურმა
ინფუზიამ გამოიწვია სწრაფი კლინიკურ-ელექტროკლინიკური რემისია, რაც ხაზს

უსვამს ამ მედიკამენტის პოტენციალს როგორც ადრეული ინტენსიური
ინტერვენციის ინსტრუმენტს.
ეროვნული მნიშვნელობით, აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან
წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოს პედიატრიული ანესთეზიოლოგიისა და
ინტენსიური თერაპიის პრაქტიკაში. იგი ცხადყოფს, რომ ადგილობრივ გუნდს
შეუძლია წარმატებით ინტეგრაცია გაუკეთოს თანამედროვე
ნეიროფარმაკოლოგიურ მიდგომებს, დანერგოს უწყვეტი EEG მონიტორინგი და
გამოიყენოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სედაციური
პროტოკოლები. შემთხვევა ასევე ხაზს უსვამს მულტიდისციპლინური
თანამშრომლობის აუცილებლობას .
საერთაშორისო მასშტაბით, ეს გამოცდილება ეხმიანება იმ მზარდ სამეცნიერო
დისკუსიას, რომელიც NMDA რეცეპტორების მოდულაციაზე დაფუძნებულ ახალ
თერაპიებს ეხება რეფრაქტერული ეპილეფსიის მართვაში. ქართული კლინიკური
მაგალითი ამდიდრებს გლობალურ მონაცემთა ბაზას რეალური პრაქტიკის
გამოცდილებით და აძლიერებს არგუმენტს S-კეტამინის ჩართვის შესახებ
ადრეული ინტერვენციის სტრატეგიებში. ამავდროულად, იგი წარმოაჩენს, რომ
ინოვაციური მიდგომების დანერგვა შესაძლებელია არა მხოლოდ
მაღალშემოსავლიან, არამედ საშუალო რესურსების მქონე ქვეყნებშიც — რაც
ხელს უწყობს სამედიცინო მეცნიერების უფრო სამართლიან და გლობალურ
განვითარებას.
საბოლოო ჯამში, ბერლინში გამართულ ESPA-ს საერთაშორისო კონგრესზე
საქართველოს წარმომადგენლობის წარმატებული მონაწილეობა, წარმოადგენს
ნათელ მაგალითს იმისა, რომ ადგილობრივ სამედიცინო ინიციატივას შეუძლია
იქცეს საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგის სრულფასოვან მონაწილედ.
ეს მიღწევა არამხოლოდ ასახავს ქვეყნის პოტენციალს, არამედ აძლიერებს
საქართველოს პოზიციას როგორც რეგიონულ ლიდერს პედიატრიული
ანესთეზიოლოგიისა და ნეიროკრიტიკული მედიცინის სფეროში.
აღნიშნული პრეცედენტი ქმნის მძლავრ სტიმულს ეროვნული სამედიცინო
სისტემის განვითარებისთვის, ხელს უწყობს მეცნიერული ინოვაციების
დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციას.
ამ გზით, ქართული სამეცნიერო და კლინიკური პრაქტიკა თანდათან იძენს იმ
მნიშვნელობას, რომელიც აუცილებელია მომავალი თაობის ბავშვთა

ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის დაცვისთვის, რაც წარმოადგენს
თანამედროვე, პროგრესულ და ადამიანზე ორიენტირებული მედიცინის
საფუძველს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები