FDA კორონავირუსის ვაქცინებზე ყველაზე სერიოზული გაფრთხილების დაწესებას აპირებს

გააზიარე

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) გეგმავს, Covid-19-ის ვაქცინებს ყველაზე სერიოზული, „შავი ყუთის“ (Black Box) გაფრთხილება დაუმატოს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ დამტკიცებულა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვაქცინებისადმი უნდობლობის გაღვივების მცდელობად აღიქმება.

„შავი ყუთის“ გაფრთხილება FDA-ის ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი ზომაა. ის მომხმარებელს აფრთხილებს სიკვდილის, სიცოცხლისთვის საშიში ან მუდმივი უნარშეზღუდვის რისკების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა შეფასდეს ვაქცინის სარგებელთან მიმართებით. მსგავსი გაფრთხილებები ამჟამად აქვს ოპიოიდებს (დამოკიდებულების რისკის გამო) და ჩუტყვავილას ვაქცინას (გულის ანთების რისკის გამო). დარგის ექსპერტები შოკირებულნი არიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული გაფრთხილების დაწესებას არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

გეგმის ინიციატორად დასახელებულია FDA-ის მთავარი სამედიცინო ოფიცერი დოქტორ ვინაი პრასადი, რომელიც ცნობილია Covid-19-ის პანდემიის დროს ვაქცინაციის პოლიტიკის კრიტიკით. პრასადმა გასულ თვეში შიდა მემორანდუმი გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა: FDA-ის თანამშრომლებმა „აღმოაჩინეს, რომ სულ მცირე 10 ბავშვი გარდაიცვალა Covid-19-ის ვაქცინაციის შემდეგ და მის გამო“, თუმცა ამის დამადასტურებელი მონაცემები საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.

პრასადის გარდა, ადმინისტრაციაში ვაქცინების სკეპტიკოსი, ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების მდივანი რობერტ ფ. კენედი უმცროსი აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ პოზიციებს.

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების უსაფრთხოებას გლობალურად 90-ზე მეტი მარეგულირებელი ორგანო აკვირდება, რასაც ორივე კომპანია ადასტურებს და აღნიშნავს, რომ უახლესი მონაცემებით ახალი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა. CDC-ის მონაცემებით, Covid-19-ის ვაქცინამ გამოყენების პირველ წელს გლობალურად თითქმის 20 მილიონი სიკვდილი აიცილა თავიდან და გასულ სეზონზე ბავშვებში ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. 

აქამდე არსებული რისკი, რომელიც ვაქცინის ინსტრუქციაში შეიტანეს, იყო მიოკარდიტი, რომელიც იშვიათი გვერდითი მოვლენაა და ძირითადად 12-დან 24 წლამდე მამაკაცებში ვლინდებოდა, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა გამოჯანმრთელებით დასრულდა.

ჯანდაცვის სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ პროცესის არასაჯაროობისა და სამეცნიერო მონაცემების ნაკლებობის გამო. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არ ჩატარებულა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საჯარო განხილვა, რაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს აუცილებელია. ისინი აფრთხილებენ, რომ ამგვარმა ქმედებებმა, რომელიც მეცნიერების ნაცვლად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, შესაძლოა, საზოგადოების ნდობა შეარყიოს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინების მიმართ.

წყარო: CNN

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები