6 ივნისს, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისი“ რიგით მესამე სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლებს, სახელწოდებით — „გააზიარე გამოცდილება – იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. ღონისძიება, რომელიც ქვეყნის წამყვან პედიატრებსა და მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, კლინიკურ პრაქტიკაში არსებული იშვიათი დიაგნოზებისა და უნიკალური შემთხვევების განხილვას ეთმობა.
კონფერენცია ორგანიზებულია „პედიატრიული განათლების და პროფესიული განვითარების ასოციაციისა“ და „ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მიერ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს წამყვანი ექიმები კოლეგებს 23 უნიკალურ და საინტერესო კლინიკურ შემთხვევას გააცნობენ. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატი სამედიცინო საზოგადოებაში გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმაა.
ღონისძიება ოფიციალურად არის აკრედიტებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მსმენელებს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უპგ) კრედიტქულები მიენიჭებათ. კრედიტქულების მიღება შეუძლიათ ექიმებს შემდეგი სპეციალობებით: პედიატრია, ნეონატოლოგია, ბავშვთა ნევროლოგია, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა რეანიმატოლოგია, ბავშვთა ზოგადი ქირურგია, ბავშვთა ალერგოლოგია/იმუნოლოგია და ბავშვთა ინფექციური სნეულებანი.
საორგანიზაციო კომიტეტი მსმენელებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული უპგ კრედიტქულა მხოლოდ პირველ 100 დარეგისტრირებულ დელეგატზე გაიცემა, შესაბამისად, დაინტერესებულმა ექიმებმა პროცედურა დროულად უნდა გაიარონ. ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი

