2026 წლის 2 მაისს, თბილისი საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) მე-11 კონგრესს უმასპინძლებს. წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი ორგანიზაციის დაარსებიდან 15 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონგრესი, რომლის მთავარი გზავნილია „პროფესიული ერთობისა და წარმატების 15 წელი“, სასტუმრო „პარაგრაფში“ (თავისუფლების მოედანი) ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში დარგის წამყვანი სპეციალისტები არითმოლოგიის აქტუალურ საკითხებს, სამედიცინო სფეროში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია წლებია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართველი კარდიოლოგებისა და არითმოლოგების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. მომავალი კონგრესი კიდევ ერთი პლატფორმა იქნება გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
კონგრესზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაციის გავლა უშუალოდ ღონისძიების ადგილზეც არის შესაძლებელი.

