გენები, მეტაბოლიტები და ხმელთაშუა ზღვის დიეტა: დემენციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია

გააზიარე

ახალი კვლევა, რომელსაც Yuxi Liu, ბრიგემისა და ქალთა საავადმყოფოს, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერი, ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა, მათ შორის ტვინის მდგომარეობაც, გენეტიკის, ცხოვრების წესისა და მეტაბოლიზმის კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც 2025 წელს ჟურნალ Nature medicine-ში გამოქვეყნდა, სრულიად ახლებურად განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს გენომი, სისხლის მეტაბოლიტები და დიეტა ალცჰაიმერისა და სხვა სახის დემენციის რისკზე.

ალცჰაიმერის დაავადება და მასთან დაკავშირებული დემენცია მილიონობით ადამიანში კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკას, განსაკუთრებით კი APOE4 გენს, გადამწყვეტი როლი აქვს ამ დაავადებების განვითარებაში, ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ის არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

ამ კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 34 წლიანი დაკვირვების შემდეგ გაანალიზეს 4200-ზე მეტი ქალისა და თითქმის 1500 მამაკაცის მონაცემები. მათ შეისწავლეს მონაწილეთა გენეტიკა, სისხლის მეტაბოლიტების პროფილი და რამდენად იცავდნენ ისინი ხმელთაშუა ზღვის დიეტას. ეს კვების გეგმა, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და ჯანსაღი ცხიმებით, დიდი ხანია ცნობილია ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. 

კვლევა ძირითადად APOE4-ის ჰომოზიგოტებზე (ადამიანები, რომლებსაც APOE4 გენის ორი ასლი აქვთ) ფოკუსირდა. ამ ჯგუფში გამოვლინდა უნიკალური მეტაბოლიტური პროფილი, რომელიც დემენციის მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული.

აღმოჩნდა, რომ სისხლში ლიპიდური მეტაბოლიტების (ქოლესტერინის ესტერები და სფინგომიელინები) მაღალი დონე დემენციის რისკს ზრდიდა. ეს შედეგი ტვინში ქოლესტერინის მეტაბოლიზმისა და ანთებითი პროცესების დარღვევაზე მიანიშნებს. ამის საპირისპიროდ, გლიცერიდები დემენციის რისკს ამცირებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლოა APOE4 გენის მტარებლებში ტვინის დაცვა შეუძლიათ მავნე ცილების დაგროვებისგან.

კვლევა ხაზს უსვამს  ბეტაინს, როგორც მნიშვნელოვან მეტაბოლიტს, რომელიც უჯრედულ მეტაბოლიზმში მონაწილეობს. აღმოჩნდა, რომ ბეტაინის მაღალი დონე მხოლოდ APOE4-ის ჰომოზიგოტებში ზრდიდა დემენციის რისკს, რაც ნეიროანთებასთან დაკავშირებულ დარღვევაზე მიუთითებს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ისეთი ნაერთები, რომლებიც დაკავშირებულია გლუტამინთან და GABA-სთან, ტვინს დემენციისგან იცავდნენ. ეს შედეგი კი იმაზე მიანიშნებს, რომ დაავადების განვითარებაში ნეიროტრანსმიტერების ბალანსის ცვლილებებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტამ მეტაბოლური ცვლილებები გამოიწვია: გაიზარდა უჯერი გლიცერიდებისა და ნეიროდამცავი ნივთიერებების დონე, როგორიცაა პიპერინი, პანტოტენის მჟავა და ბეტაინი. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს გენებსა და დიეტას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გენეტიკის, მეტაბოლიზმისა და კვების რაციონის მონაცემების ერთობლივი ანალიზი ბევრად უფრო ზუსტად დაგვეხმარება იმის პროგნოზირებაში, თუ ვის განუვითარდება დემენცია სიმპტომების გამოვლენამდე წლებით ადრე.

წყარო: Nature medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები