ტექნოლოგიური ბაზა ვითარდება, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შემდგომი პროგრესისთვის გენომის ეროვნული პროექტის სახელმწიფო პროგრამის შექმნაა აუცილებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, Thermo Fisher Scientific-ის ოფიციალური დისტრიბუტორის — კომპანია ABM-ის ორგანიზებულ სამედიცინო კონფერენციაზე — „ინოვაციები პერსონალიზებულ მედიცინაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ — განაცხადა.
მისი შეფასებით, გენომის სრული სექვენირება ბიომედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს არა მხოლოდ ჯანდაცვასა და ონკოლოგიაში, არამედ იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში, არქეოლოგიაში, წარმომავლობის კვლევასა და კრიმინალისტიკაშიც. სწორედ ამ შესაძლებლობებსა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო კონფერენცია, რომელზეც დარგის სპეციალისტებმა საქართველოში თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიების დანერგვის შედეგებსა და სამომავლო საჭიროებებზე ისაუბრეს.
ამირან გამყრელიძე: საქართველოს გენომის ეროვნული პროგრამა სჭირდება
ამირან გამყრელიძის შეფასებით, კონფერენციამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში თანამედროვე გენეტიკური კვლევებისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის ტექნოლოგიური ბაზა უკვე განვითარდა.
მისი თქმით, ათი წლის წინ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სექვენატორი იყო, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) მუშაობდა და ძირითადად ინფექციური აგენტების სექვენირებისთვის გამოიყენებოდა. დღეს კი გენომის სრული სექვენირება მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის, განსაკუთრებით ონკოლოგიაში.
ამირან გამყრელიძის აზრით, შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გენომის ეროვნული პროექტის შექმნა უნდა იყოს. ასეთი პროგრამა მხოლოდ სამედიცინო მიზნებს არ მოემსახურება; ის მნიშვნელოვანია გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შეფასებისთვის, არქეოლოგიური კვლევებისთვის, ადამიანების წარმომავლობის შესწავლისა და კრიმინალისტიკისთვისაც.
მისი ხედვით, გენომის ეროვნული პროექტის საფუძველი უნდა გახდეს ბიობანკის შექმნა, გენეტიკური მასალის სისტემური შეგროვება, გენომის სექვენირება და მიღებული მონაცემების მეცნიერული დამუშავება.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ეროვნული პროგრამები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება. მაგალითად, მისი თქმით, ესტონეთში მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტის გენომური მონაცემებია შესწავლილი, ხოლო დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ათიათასობით ადამიანის გენომის სექვენირება მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ სარგებელს ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იშვიათი გენეტიკური დაავადებებისა და ოჯახური ონკოლოგიური ისტორიის მქონე ადამიანების სკრინინგის განვითარება.
ამირან გამყრელიძის აზრით, გენომის ეროვნული პროგრამა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. „ამ საკითხს წლებია ვაყენებ, თუმცა, დასანანია, პროგრამის განხორციელება ჯერ ვერ მოხერხდა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს საშური საქმეა და დროულად უნდა ვიზრუნოთ მის დაარსებაზე“, — დასძინა მან.

