2026 წლის მაისში თბილისში გამართულ GIMPHA-ს (Global Initiative for Medical Professional Health Advancement) კონფერენციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება შეეხებოდა საკითხს, რომელიც ხშირად ჩრდილში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს, სამედიცინო პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობა ხშირად საკმარის ყურადღების ღირსი მაიცნ ვერ ხდება ხოლმე. სწორედ სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯანმრთელობის პოლიტიკის მრჩევლის თომას როუბალის პრეზენტაცია შეეხებოდა ექიმებისა და ექთნების ემოციურ მდგომარეობას, გადაწვას (burnout), შფოთვას, დეპრესიასა და პროფესიის დატოვების მზარდ რისკს.
რას გვებნება სტატისტიკა?
კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ინდივიდუალური გამოწვევა აღარ არის და დღეს უკვე სისტემურ პრობლემად იქცა. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად სამედიცინო მუშაკებისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც, რადგან პერსონალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება სამედიცინო დახმარების ხარისხზე, კლინიკურ გადაწყვეტილებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე.
პრეზენტაციის დასაწყისში მონაწილეებს ჰკითხეს, როგორ აფასებდნენ საკუთარ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მიღებული საშუალო მაჩვენებელი 56.6 ქულა იყო 100-ქულიან სკალაზე, რაც მიუთითებს, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მხოლოდ საშუალო ან საშუალოზე დაბალ დონეზე აფასებს.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მონაწილეთა წარმოდგენა პროფესიული გადაწვისა და შფოთვის გავრცელებაზე. გამოკითხულთა აზრით, სამედიცინო პერსონალში მძიმე გადაწვისა და შფოთვის მაჩვენებელი ზოგად მოსახლეობასთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. საშუალო შეფასება 4.3 იყო 5-ქულიან სკალაზე, სადაც 5 აღნიშნავდა „გაცილებით მაღალს“. ეს შედეგი ასახავს თავად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების აღქმას, რომ პროფესია დაკავშირებულია განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან.
სწორედ სტატისტიკისა და მონაცემების გაანალიზების კონტექსტში პრეზენტაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იმ პრობლემების გავრცელებას შეეხებოდა, რომლებიც ექიმებშია მოსალოდნელი. მონაწილეთა შეფასებით, ექიმების დაახლოებით 72.6%-ს აღენიშნება შფოთვის სიმპტომები, 60.6%-ს დეპრესიის ნიშნები, ხოლო 24.5%-ს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. დამატებით, 58.7% დაკავშირებულია ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებასთან, როგორც სტრესთან გამკლავების მექანიზმთან.
მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა ექთნებშიც. მონაწილეების შეფასებით, შფოთვის სიმპტომები ექთნების 75.6%-ში გვხვდება, დეპრესიის ნიშნები 62%-ში, ხოლო თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები 27.7%-ში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები არა პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კვლევის, არამედ მონაწილეთა აღქმის შედეგია, ისინი ნათლად ასახავს, რამდენად სერიოზულად აღიქმება პრობლემა პროფესიულ წრეებში.
რა შეცვალა COVID პანდემიამ?
განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ყურადღება ექიმებისა და ექთნების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, გადაწვის სინდრომი ექიმების 40-60%-ში გვხვდება, ხოლო შფოთვა და დეპრესია ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად არის აღიარებული. წარმოდგენილი პრეზენტაცია სწორედ ამ გლობალურ სურათს უკავშირებს ქართულ რეალობას.
საყურადღებოა პროფესიის დატოვების რისკიც. მონაწილეთა შეფასებით, სტრესისა და ქრონიკული გადაღლის გამო პროფესიის დატოვებას ექიმების მნიშვნელოვანი ნაწილი განიხილავს, თუმცა ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ ექთნებში აღიქმება. ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უკვე არსებობს კვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტი.
პრეზენტაციაში განხილული იყო ის ძირითადი ფაქტორებიც, რომლებიც ფსიქოლოგიურ სტრესს განაპირობებს. ექიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელდა დაბალი ანაზღაურება, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, კადრების დეფიციტი და არასაკმარისი ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
ექთნებში კი კიდევ უფრო მაღალი შეფასებები მიიღო სამუშაო დატვირთვამ და ფინანსურმა პრობლემებმა. ორივე ფაქტორმა 4.7 ქულა მიიღო 5-ქულიან სკალაზე, რაც მიუთითებს, რომ ექთნების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სამუშაო პირობებია. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტოქსიკური სამუშაო გარემო და რესურსების ნაკლებობა.
რაშია გამოსავალი?
მონაწილეების აზრით, ყველაზე ეფექტური ცვლილება პერსონალის რაოდენობის გაზრდა იქნება, რათა პაციენტების დატვირთვა უფრო თანაბრად გადანაწილდეს. მეორე ადგილზე უფასო და კონფიდენციალური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების შექმნა, ხოლო მესამე ადგილზე კი უწყვეტი სამუშაო საათების შეზღუდვა.
ეს რეკომენდაციები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო მიდგომებს. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება მხოლოდ ინდივიდის პასუხისმგებლობა არ არის. სისტემური ცვლილებების გარეშე, როგორიცაა სამუშაო საათების რეგულირება, კადრების გაზრდა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაუმჯობესება, პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბატონი თომასის მოწოდება ჯანდაცვის სექტორისთვის ერთგვარი მოწოდება იყო. თუ წლების განმავლობაში ყურადღება ძირითადად პაციენტების ჯანმრთელობაზე იყო კონცენტრირებული, დღეს სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა თავად სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობაზეც არის დამოკიდებული. ექიმები და ექთნები ყოველდღიურად იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს, მუშაობენ მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში და ხშირად საკუთარ ჯანმრთელობას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ინდივიდუალური პრობლემა — ეს არის ჯანდაცვის პოლიტიკის, კლინიკური მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
GIMPHA 2026-ზე წარმოდგენილმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამედიცინო პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი რეალურია. მისი უგულებელყოფა საბოლოოდ არა მხოლოდ ექიმებსა და ექთნებს, არამედ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას დააზარალებს. ამიტომ მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისეთი გარემოს შექმნა უნდა იყოს, სადაც პაციენტების ჯანმრთელობასთან ერთად, მათზე მზრუნველი პროფესიონალების კეთილდღეობაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება.

