თუ წონის დასაკლებად იყენებთ GLP-1 მედიკამენტებს, როგორებიცაა სემაგლუტიდი (Wegovy, Ozempic, Rybelsus) ან ტირზეპატიდი (Zepbound, Mounjaro), თქვენ იმ ადამიანთა მზარდი ჯგუფის ნაწილი ხართ, რომლებიც ამ წამლებით აკონტროლებენ მადას, ანელებენ საჭმლის მონელების პროცესს და არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტები ეფექტურია, საუკეთესო შედეგებისა და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი კვებისა და ცხოვრების წესის დანერგვა.
GLP-1 რეცეპტორის აგონისტები და ორმაგი ინკრეტინული აგონისტები მოქმედებენ შემდეგი გზებით:
ამცირებენ საკვებზე მოთხოვნილებას.
ზრდიან დანაყრების შეგრძნებას საკვების მიღებებს შორის.
ანელებენ კუჭის დაცლას.
ხელს უწყობენ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს.
რა უნდა მიირთვათ GLP-1-ის მიღებისას: დაიცავით „MEAL“ გეგმა
- Muscle maintenance – კუნთოვანი მასის შენარჩუნება: რადგან ამ მედიკამენტებმა შეიძლება ცხიმთან ერთად კუნთოვანი მასაც შეამციროს, დაიწყეთ ყოველი კვება 20-30 გრამი ცილით, რომელიც თევზში, პარკოსნებში (ლობიო, მუხუდო) ან ტოფუშია. თუ ზომიერად აქტიური ხართ, ეცადეთ დღეში სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 1.0-დან 1.5 გრამამდე ცილა მიიღოთ. თუ მადა ძალიან დაქვეითებულია, სცადეთ პროტეინის შეიკები, რომლებიც 20-ზე მეტ გრამ ცილას შეიცავს.
- Energy balance – ენერგეტიკული ბალანსი: დაქვეითებული მადის დროს, მიირთვით მცირე ულუფები და წაიხემსეთ, მაგალითად, ხილით, თხილით ან უშაქრო იოგურტით. სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის, აირჩიეთ ნელა გადამუშავებადი ნახშირწყლები, როგორებიცაა არასახამებლიანი ბოსტნეული ან შვრიის ფაფა, და მოერიდეთ შაქრიან სასმელებსა და თეთრ პურს. დანაყრების გრძნობის გასახანგრძლივებლად, მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი ან ავოკადო.
- Avoid side effects – თავიდან აირიდეთ გვერდითი მოვლენები:
გულისრევის დროს მოერიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს. მის ნაცვლად, მიირთვით მთლიანი მარცვლეულის პური ან ბურღულეული. გულისრევის შესამცირებლად შეგიძლიათ დალიოთ ჯანჯაფილის ჩაი ან მიირთვათ ხილი.
გულძმარვის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ მცირე ზომის ულუფები, მოერიდეთ ჭამის შემდეგ დაწოლას და არ მიირთვათ ცხარე ან შემწვარი კერძები.
ყაბზობის შემთხვევაში, გაზარდეთ უჯრედისის მიღება (შვრიის ფაფა, ვაშლი, ბოსტნეულის კანი, თხილი) და დალიეთ ბევრი წყალი. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხსნელი საშუალებებიც.
- Liquid intake – სითხეების მიღება: ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება. დალიეთ 2-დან 3 ლიტრამდე (8-12 ჭიქა) წყალი დღეში. ასევე, მიირთვით წყლით მდიდარი საკვები, როგორებიცაა კიტრი, საზამთრო და სუპები. შეზღუდეთ ალკოჰოლი, კოფეინი და შაქრიანი სასმელები.
რა დიეტებს უნდა მოერიდოთ GLP-1-ის მიღებისას?
მოერიდეთ ექსტრემალურად კალორიების შეზღუდვას, რამაც შეიძლება გაუწყლოება, დაღლილობა და თირკმლის პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ასევე, არ არის რეკომენდებული მკაცრი ვეგანური დიეტები, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ ორგანიზმში ისეთი საკვები ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზი, როგორებიცაა ვიტამინი B12, რკინა და ცილა. ასეთი შემზღუდველი დიეტების GLP-1 წამლებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა წონის გადამეტებული კლება განაპირობოს.
უნდა მიიღოთ თუ არა საკვები დანამატები?
საუკეთესო შედეგის მისაღებად, მიირთვით დაბალანსებული და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები. თუ რისკ-ფაქტორები გაქვთ (მაგალითად, ნაკლებად მოიხმარეთ რძის პროდუქტებს, ხშირად არ ხართ მზეზე ან გაქვთ შეზღუდული კვების რეჟიმი), მიმართეთ ექიმს ვიტამინი D-ს, კალციუმის ან მულტივიტამინების დანამატების მიღების შესახებ.
ვარჯიში GLP-1-ის მიღების დროს:
იმისათვის, რომ გაძლიერდეთ და ჯანმრთელები იყოთ, თანდათანობით გაზარდეთ ზომიერი ვარჯიშის დრო: დაიწყეთ დღეში 10-წუთიანი სწრაფი სიარულით, რომელიც რეკომენირებულია კვირაში 150 წუთამდე გაიზარდოს. ამასთან, კვირაში 2-3-ჯერ დაამატეთ ძალოვანი ვარჯიშები (მაგალითად, წონებით, სავარჯიშო რეზინებით ან თავად სხეულის წონით) და შეინარჩუნეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა (30-60 წუთი).
როგორ შეინარჩუნოთ წონა წამლის შეწყვეტის შემდეგ?
წონის დაბრუნება ხშირია, მაგრამ მისი რისკი მცირდება, თუკი ცხოვრების წესის ცვლილებებს შეინარჩუნებთ. გააგრძელეთ რეგულარული ვარჯიში (დღეში 60 წუთი), ძალოვანი ვარჯიშები და შეინარჩუნეთ ჯანსაღი კვების ჩვევები, საკმარისი ცილის მიღებით.
პროგრესის აღრიცხვა
გამოიყენეთ სმარტფონის აპლიკაცია ან კვების დღიური, რათა თვალყური ადევნოთ თქვენს კვებას. ეს ინფორმაცია გაუზიარეთ თქვენს ექიმს, რათა გეგმის დაცვაში და საჭიროების შემთხვევაში, მის კორექტირებაში დაგეხმაროთ.
ამ მარტივი და ეფექტური რჩევების დაცვით, შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ GLP-1 მედიკამენტების სარგებელი, დაიცვათ ჯანმრთელობა და წონის კლება გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოთ.
წყარო: JAMA Internal medicine

