ინგლისში 16 წლამდე ასაკის მოზარდებს ენერგეტიკული სასმელების ყიდვა აეკრძალებათ

გააზიარე

ახალი კანონის თანახმად, ინგლისში 16 წლამდე ასაკის მოზარდებს აეკრძალებათ ენერგეტიკული სასმელების ყიდვა, როგორებიცაა, მაგალითად, Red Bull და Monster. 

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმ არგუმენტაციით, რომ ენერგეტიკული სასმელები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოზარდების ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ამ სასმელებში შაქრისა და კოფეინის მაღალი შემცველობა პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან, ძილის დარღვევებთან და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებთან.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა, მასწავლებელთა პროფკავშირებმა და სტომატოლოგთა ასოციაციებმა აკრძალვას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ის ხელს შეუწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

“როგორ უნდა მოვითხოვოთ ბავშვებისგან სკოლაში კარგად სწავლა, თუკი მათ ორმაგი ესპრესოს ეკვივალენტი აქვთ ყოველდღიურად ორგანიზმში?” – განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა, უეს სტრიტინგმა.

“ენერგეტიკული სასმელები, შეიძლება, უვნებლად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ისინი გავლენას ახდენენ ბავშვების ძილის რეჟიმზე, კონცენტრაციასა და ზოგადად ჯანმრთელობაზე, ხოლო შაქრით მდიდარი ვერსიები მათ კბილებს აზიანებს და წონის მატებას უწყობს ხელს.”, – აღნიშნავს სტრიტინგი

მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს აეკრძალებათ 150 მგ-ზე მეტი კოფეინის (ლიტრზე) შემცველი ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის. ეს რეგულაცია შეეხება ისეთ სასმელებს, როგორებიცაა Red Bull, Monster, Relentless და Prime Energy, და აიძულებს მათ მწარმოებლებს, შეცვალონ პროდუქტების შემადგენლობა.

მაგალითად, Red Bull-ის 250 მლ-იანი ქილა 80 მგ კოფეინს შეიცავს. აკრძალვა არ შეეხება ჩაის, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებს, რომლებიც უფრო ნაკლებ კოფეინს შეიცავენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ძალაში ეს აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში სუპერმარკეტებმა ნებაყოფლობით შეწყვიტეს ამ სასმელების გაყიდვა 16 წლამდე მოზარდებზე ჯერ კიდევ 2018 წელს. თუმცა, ზოგიერთი პატარა მაღაზია ამ რეგულაციას დღემდე არ იცავს. დღესდღეობით, სასმელებს, რომლებიც ლიტრზე 150 მგ-ზე მეტ კოფეინს შეიცავენ, ისედაც აქვთ გამაფრთხილებელი წარწერა, რომ ისინი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის

ინგლისელი მასწავლებლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ენერგეტიკული სასმელების მიღების შემდეგ, რომლებსაც სკოლისკენ მიმავალ გზაზე სვამენ, მოსწავლეები ნაკლებად კონცენტრირებულნი არიან და მეტად ჰიპერაქტიულები ხდებიან სასწავლო დღის განმავლობაში.

შეფასებები

მასწავლებელთა პროფკავშირის NASUWT კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლების 71% შეშფოთებულია მოსწავლეების მიერ ენერგეტიკული სასმელების მიღებით, რაც მათ ქცევაზე უარყოფითად აისახება.

ერთ-ერთი პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა, მეტ რეკმა, აღნიშნა, რომ აკრძალვის მიუხედავად, 16 წლამდე მოზარდებს მაინც შეეძლებათ სასმელების მიღება მშობლებისა ან სხვა მოზარდების დახმარებით.

ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებით, აკრძალვა უნდა გავრცელდეს ასევე უშაქრო და დაბალშაქრიან ენერგეტიკულ სასმელებზეც.

“პროდუქტებს, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას და 20 ჩაის კოვზზე მეტ შაქარს შეიცავენ ბავშვების რაციონში ადგილი არ უნდა ჰქონდეს,” – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, ედი ქრაუჩმა.

კვლევის მიხედვით, მოზარდებში კოფეინის გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთვა, გაღიზიანება, გულისრევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძილის დარღვევა, ოსტეოპოროზი და კუჭის წყლული.

ბრიტანეთის უალკოჰოლო სასმელების ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა, გევინ პარტინგტონმა, განაცხადა, რომ კომპანიები არ ახდენენ ამ სასმელების მარკეტინგსა და პოპულარიზაციას 16 წლამდე ასაკის პირებისთვის.

“ჩვენი ასოციაციის წევრები არ ახდენენ ენერგეტიკული სასმელების მარკეტინგსა და პოპულარიზაციას 16 წლამდე მოზარდებისთვის და ყველა მაღალი კოფეინის შემცველ სასმელს აწერენ, რომ ისინი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის”, –  აცხადებს პარტინგტონი. მისი აზრით, “როგორც ყველა სამთავრობო პოლიტიკის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნებისმიერი მომავალი რეგულაცია ეფუძნებოდეს არსებული არგუმენტაციის საფუძვლიან შეფასებას.”

საქართველო

არაერთ ქვეყანაში გარკვეულ ასაკს მიუღწეველ პირებზე ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია აკრძალულია, თუმცა საქართველოში მსგავსი პროდუქციის შეძენაზე რეგულაციები არ არსებობს. ექსპერტთა შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩო საკითხის რეგულირებისთვის.

ენერგეტიკული სასმელები და მოზარდთა ჯანმრთელობა: ნევროლოგის შეფასება

თეონა შათირიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი

როგორც ნევროლოგი თეონა შათირიშვილი აღნიშნავს, ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული რისკების გამომწვევია. ეს სასმელები დიდი რაოდენობით შაქარსა და კოფეინს, ასევე სხვადასხვა სტიმულატორებს (გუარანა, ტაურინი, L-კარნიტინი) შეიცავს.

“ამ კომპონენტების კომბინაცია პირდაპირ გავლენას ახდენს მოზარდის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც ინტენსიური განვითარების ფაზაშია და განსაკუთრებით მგრძნობიარეა. შედეგად, ხშირად ვლინდება

  • ძილის დარღვევა და უძილობა, რაც აფერხებს ტვინის ნორმალურ განვითარებას.
  • კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება.
  • ფსიქოემოციური პრობლემები – გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესიული სიმპტომები.
  • ნევროლოგიური აშლილობები – კოორდინაციის მოშლა, თავის ტკივილები და სხვა.
  • გარდა ამისა, მაღალი შაქრიანობა ზრდის მეტაბოლურ და გულ-სისხლძარღვთა რისკებს.

რაც შეეხება საერთაშორისო რეკომენდაციებს:

  • American Academy of Pediatrics (AAP) ცალსახად აცხადებს, რომ ენერგეტიკული სასმელები არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
  • 12 წლამდე ასაკში კოფეინის ნებისმიერი წყარო თავიდან უნდა იქნას აცილებული.
  • 12-18 წლის ასაკში დღიური მაქსიმალური დოზაა 100 მგ კოფეინი, თუმცა ერთი ენერგეტიკული სასმელი ხშირად მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ ზღვარს.”

სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკამ ენერგეტიკული სასმელები უნდა აღიაროს მაღალი რისკის პროდუქტებად.

„როგორც ბავშვთა ნევროლოგი, მივიჩნევ, რომ ენერგეტიკული სასმელები წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს მოზარდთა ჯანმრთელობისა და ნეიროგანვითარებისთვის. მათი მაღალი შაქრისა და კოფეინის შემცველობა ზრდის ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების, ძილის დისფუნქციის, ქცევითი და ემოციური პრობლემების რისკს.

აუცილებელია:

  • აკრძალული უნდა იყოს ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია სკოლებსა და სასკოლო გარემოში.
  • კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, რომ 18 წლამდე პირებს არ ჰქონდეთ წვდომა ენერგეტიკულ სასმელებზე.
  • აუცილებელია პროდუქციის ეტიკეტზე მკაფიოდ იყოს მითითებული კოფეინისა და შაქრის რაოდენობა, ასევე ჯანმრთელობის რისკები.
  • უნდა განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც გააცნობს მშობლებს, პედაგოგებს და მოზარდებს ენერგეტიკული სასმელების ზიანს.
  • პედიატრებმა და ნევროლოგებმა აქტიურად უნდა მიუთითონ ენერგეტიკული სასმელების მავნებლობაზე კონსულტაციების დროს.
  • სახელმწიფო პოლიტიკაში ენერგეტიკული სასმელები უნდა აღიარებულ იქნას ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე პროდუქტებად.”

წყარო: theguardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები