მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ბიოსენსორი, რომელმაც, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს სტრესის მართვის არსებული მეთოდები. ეს უახლესი ტექნოლოგია, სახელად „სტრესომიკი“, კანზე მარტივი პლასტირივით ეკრობა და ოფლში არსებულ სტრესის ჰორმონებს უწყვეტად ზომავს.
ახალი მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს სტრესის დონეს, რომელიც აქამდე მხოლოდ სუბიექტური შეფასებების მიხედვით განისაზღვრებოდა, რეალურ დროში დავაკვირდეთ.
დღეს არსებული სტრესის შეფასების ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა, „სტრესომიკის“ პლასტირი რეალურ დროში ზომავს კორტიზოლს, ეპინეფრინსა და ნორეპინეფრინს.
Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კლინიკური ცდებისას, „სტრესომიკი“ სამ პირობებში გამოიცადა: მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის, სტრესის გამომწვევი გამოსახულებების დათვალიერებისა და სტრესის შემამცირებელი დანამატების მიღების შემდეგ. მოწყობილობამ ზუსტად გააკონტროლა ჰორმონალური მატება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური სტრესორების დროს, ასევე დანამატის მიღების შემდეგ ჰორმონების შემცირება.
მოწყობილობაში გამოყენებულია ოქროს ნანოდენდრიტებით დაფარული გრაფენის ელექტროდები, რომლებიც იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია ჰორმონების ძალიან მცირე კონცენტრაციის აღმოჩენა.
მეცნიერთა გუნდის განცხადებით, ამ ტექნოლოგიას ფართო გამოყენება ექნება ფსიქიკური ჯანმრთელობის, სპორტის, პერსონალიზებული მედიცინისა და ადამიანის შესაძლებლობების მართვის სფეროებში. ისინი ამბობენ, რომ „სტრესომიკი“ გვთავაზობს ახალ და არაინვაზიურ გზას, რომლითაც შესაძლებელია სტრესისა და სხვა ჰორმონების რეალურ დროში მონიტორინგი. მათი აზრით, ამ მიდგომას დიდი პოტენციალი აქვს ჯანდაცვის სფეროში.
ეს ინოვაცია, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრესის ობიექტური, უწყვეტი მონიტორინგისა და გრძელვადიანი მართვის უკეთესი სტრატეგიებისკენ.
წყარო: Science Advances

