ჯანმო-ს 2025 წლის ნევროლოგიური დაავადებების გლობალური სტატუსის ანგარიში

გააზიარე

ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნდა ნევროლოგიური დაავადებების გლობალური სტატუსის ანგარიში. ინფორმაცია 2021 წლის დაავადებათა გლობალური ტვირთის (GBD) მონაცემების ეფუძნება, და განიხილავს ნევროლოგიური დაავადებების ტვირთს, გამომწვევ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს და სამომავლო სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზანდ ისახავს შეამციროს ტვირთი იმ დაავადებების, რომელლებიც ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 40%-ზე მეტს აწუხებს.

არსებული მდგომარეობა

სტატიის ფარლგებში შეფასდა ნერვული სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული გლობალური ჯანმრთელობის დანაკარგი. გაანალიზდა 37 ნევროლოგიური და მასთან დაკავშირებული მდგომარეობის მიერ გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა რეგიონების, შემოსავლის დონის, ასაკისა და სქესის მიხედვით. აღმოჩნდა რომ  სიკვდილიანობისა და ინვალიდობის გამომწვევი 10 ძირითადი ნევროლოგიური დაავადება იყო ინსულტი, ახალშობილთა ენცეფალოპათია, შაკიკი, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა დემენციები, დიაბეტური ნეიროპათია, მენინგიტი, იდიოპათიური ეპილეფსია, ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებული ნევროლოგიური გართულებები, აუტიზმის სპექტრის დარღვევები და ნერვული სისტემის კიბო.

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ამ დაავადებების მაღალი ტვირთის მიუხედავად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით ნევროლოგების რაოდენობა 80-ჯერ ნაკლებია. 2021 წელს ნევროლოგიური დარღვევების გამო ჯანმრთელობის პრობლემები დაახლოებით 3.4 მილიარდმა ადამიანმა განიცადა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 42%-ს შეადგენს, მათგან 80%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობდა. შეფასებულმა 37 ნევროლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია 11.8 მილიონი ადამიანის სიკვდილი და 272 მილიონი დაკარგული სიცოცხლის წელი (YLL) გლობალურად. ეს მაჩვენებლებიც კი შესაძლოა არასრულყოფილი იყოს, რადგან ნევროლოგიური დარღვევების მრავალი ტიპი ჯერ კიდევ დაუდგენელი და არასრულად შეფასებულია.

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებთან ხელმისაწვდომობის სირთულე. მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოების მხოლოდ 25% (49 ქვეყანა) მოიცავს ნევროლოგიურ დარღვევებს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტებში, თან ხშირად – ამ დარღვევათა მხოლოდ ნაწილს. კრიტიკული სერვისები, როგორიცაა ინსულტის განყოფილებები, პედიატრიული ნევროლოგია, რეაბილიტაცია და პალიატიური მზრუნველობა, ხშირად არ არის საკმარისი, ან კონცენტრირებულია დიდ ქალაქებში, რაც სოფლის და არასაკმარისად მომსახურებულ მოსახლეობას სიცოცხლის გადარჩენისა და შენარჩუნების მზრუნველობაზე წვდომის გარეშე ტოვებს.

ნევროლოგიური დაავადებები ხშირად მოითხოვს მზრუნველობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 46 წევრი სახელმწიფო სთავაზობს მზრუნველთა მომსახურებას და მხოლოდ 44 წევრ სახელმწიფოს აქვს მზრუნველთა სამართლებრივი დაცვა. შედეგად, არაფორმალური მზრუნველები – ყველაზე ხშირად ქალები – რჩებიან აღიარების ან მხარდაჭერის გარეშე, რაც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას და მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს უქმნის ოჯახებს.

რეკომენდაციები

ჯანმო-ს გლობალური ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ ნევროლოგიური დაავადებები მხოლოდ კლინიკური პრობლემა აღარ არის, ისინი გარდაიქმნენ ჯანდაცვის სექტორის გლობალურ გამოწვევად. დღეს ნევროლოგიური დარღვევები წარმოადგენენ ინვალიდობის წამყვან და სიკვდილიანობის მეორე მთავარ მიზეზს მსოფლიოში. ნათელია რომ ამ პრობლემის გადაჭრის ნებისმიერი გზა, მოითხოვს სისტემურ მრავალსექტორულ რეაგირებას, როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში.

დასკვნა

ანგარიშის საბოლოო გზავნილია, რომ ტვინის ჯანმრთელობა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი და პრიორიტეტი ეროვნულ პოლიტიკაში. ამის მისაღწევად აუცილებელია:

  • ინვესტირება სამეცნიერო კვლევებსა და ჯანდაცვაში ნევროლოგიის დარგში,

  • საინფორმაციო კამპანიების გაძლიერება,

  • მრავალსექტორული თანამშრომლობა, რომელიც გააერთიანებს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სფეროს ძალებს.

როგორც ჯანმო ხაზს უსვამს აღნიშნული განცხადება- ინვესტირება ნევროლოგიაში არის ინვესტიცია კაცობრიობის მომავალში.

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები