JHU-ს მეცნიერებმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიული ინტრანაზალური დნმ-ვაქცინა შექმნეს

გააზიარე

ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა ჯონს ჰოპკინზის მედიცინის სკოლისა და ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ერთობლივი კვლევა, რომელშიც წარმოდგენილია ტუბერკულოზის (TB) საწინააღმდეგო ახალი თერაპიული ინტრანაზალური დნმ-ვაქცინის პრეკლინიკური შეფასების შედეგები. ვაქცინა აერთიანებს ორ გენს, რომელთა მიზანია იმუნური სისტემის მობილიზება პერსისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის მიუხედავად ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას და პოსტთერაპიული რეციდივის ერთ-ერთ მთავარ პათოგენეტიკურ ფაქტორს წარმოადგენენ. 

ტუბერკულოზი კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს და უმძიმეს დაავადებას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს (2 მილიარდ ადამიანს) ლატენტური ტუბერკულოზური ინფექცია (LTBI) აღენიშნება. 2024 წლის გლობალური სტატისტიკის თანახმად, დაავადების აქტიური ფორმა 10 მილიონზე მეტ ადამიანს განუვითარდა, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელმა 1.2 მილიონს მიაღწია. ამ მონაცემებით, ტუბერკულოზი ინარჩუნებს ლიდერობას ინფექციური ეტიოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის რეიტინგში.

ბოლო წლებია ჯანმო აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს ისეთი თერაპიული ვაქცინების შექმნისკენ, რომლებიც ფარმაკოთერაპიასთან კომბინაციაში ხელს შეუწყობს მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებასა და კლინიკური გამოსავლის გაუმჯობესებას. აღნიშნული საჭიროება განსაკუთრებით მწვავედ დგას დღის წესრიგში, რადგან, ერთი მხრივ, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსების დასრულება პაციენტებისთვის რთულია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრდება მედიკამენტრეზისტენტული (MDR-TB) და ფართოდ რეზისტენტული (XDR-TB) შტამების გლობალური გავრცელება.

კვლევის წამყვანი ავტორის, სტილიანი კარანიკას (Styliani Karanika) განცხადებით-“პირველი რიგის ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, ახალმა ინტრანაზალურმა დნმ-ვაქცინამ ინფიცირებულ თაგვებში სწრაფად უზრუნველყო მიკრობული დატვირთვის ელიმინაცია, შეამცირა ფილტვების ანთება და აღკვეთა რეციდივი მკურნალობის დასრულების შემდეგ. ვაქცინამ ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა ბედაქვილინის, პრეტომანიდის და ლინეზოლიდის ბაქტერიციდული ეფექტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი გამოყენება პერსპექტიულია MDR/XDR-TB-ს მკურნალობის კომბინირებულ სქემებშიც”.

მეცნიერის განმარტებით, ახალი ვაქცინა აერთიანებს ორ გენს — relMtb და Mip3α, მიიღება ინტრანაზალურად და გააჩნია რამდენიმე იმუნობიოლოგიური უპირატესობა. ტუბერკულოზის ბაქტერია ატარებს relMtb გენს, რომელიც გამოიმუშავებს RelMtb ცილას; ეს უკანასკნელი ეხმარება მიკრობს გადარჩეს სტრესულ პირობებში (როგორიცაა ანტიბიოტიკების ზემოქმედება, ჰიპოქსია და საკვები ნივთიერებების დეფიციტი), რის საპასუხოდაც ბაქტერია გადადის მედიკამენტ-ტოლერანტულ „პერსისტენტულ“ მდგომარეობაში. 

relMtb-ს გენის Mip3α გენთან შეერთება კი წარმოშობს სპეციფიკურ სიგნალს, რომელიც იზიდავს მოუმწიფებელ დენდრიტულ უჯრედებს. აღნიშნული უჯრედები ეფექტურად ახდენენ Mtb ანტიგენების იდენტიფიცირებას და T-ლიმფოციტებისთვის “წარდგენას”, რაც მძლავრი ადაპტაციური იმუნური პასუხის ფორმირებას განაპირობებს.

ვაქცინის ინტრანაზალური ადმინისტრირება კი უზრუნველყოფს ვაქცინაციის ფოკუსირებას რესპირატორული ტრაქტის მუკოზურ გარსზე ფილტვებში — ინფექციის პირველადი ლოკალიზაციის ადგილას. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ლოკალური (მუკოზური) T-უჯრედული იმუნიტეტის, აგრეთვე სისტემური იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას. 

მკურნალობის უახლესი მიდგომების ინტეგრაციით, მეცნიერები  მიზნად ისახავენ გააძლიერონ იმუნური აქტივობა უშუალოდ რესპირატორულ ტრაქტში. თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ვაქცინამ გაზარდა დენდრიტული უჯრედების რეკრუტირება და ფუნქციური აქტივაცია, გააუმჯობესა ფილტვებში დენდრიტული და T-უჯრედების ორგანიზებულობის ხარისხი და წარმოქმნა მდგრადი, ანტიგენით სტიმულირებული T-უჯრედოვანი პასუხი (ძირითადად ორი ტიპის T-უჯრედებისგან – CD4 ( დამხმარე T-უჯრედები) და CD8 (მკვლელი T-უჯრედები)).

დამატებით, მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს პრიმატებშიც და აღმოაჩინეს, რომ ახალმა ვაქცინამ გამოიწვია გაზომვადი, ტუბერკულოზზე ორიენტირებული იმუნური პასუხი სისხლსა და სასუნთქ გზებში. აღნიშნული იმუნური პროფილი კორელაციაში იყო თაგვებში დაფიქსირებულ ბაქტერიული დატვირთვის შემცირებასთან. პასუხი სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში შენარჩუნდა, რაც მიუთითებს ვაქცინის მოქმედების მდგრადობაზე. 

ავტორების დასკვნით, ვაქცინა ტუბერკულოზის იმუნოთერაპიული მკურნალობისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის. მისი გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში შესაძლებელს გახდის გაძლიერდეს მკურნალობის ეფექტი. თუმცა, ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი პრეკლინიკური შეფასებები და უსაფრთხოების კვლევები.

წყარო: Hopkinsmedicine.org

 Jci.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები